Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი რომში


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამშაბათი საღამოდან რომში იმყოფება. ორდღიანი ვიზიტი მრავალ შეხვედრას ითვალისწინებს, მათ შორის შეხვედრებს იტალიის პრეზიდენტთან და რომის პაპთან.

ვიზიტის მთავარ მიზნად კი პუტინის რუსეთ-ევროკავშირის სამიტში მონაწილეობა ითვლება.

ასეთი სამიტები ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ იმართება და სამიტზე, რომელსაც რომი ხუთშაბათს მასპინძლობს, რუსეთის დელეგაციას ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ხვდებიან: მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი რომანო პროდი, ევროკავშირის უშიშროების პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა და ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი.

ცხადია, განსაზღვრულია განსახილველი თემებიც. ესენია ევროკავშირისა და რუსეთის დაახლოების საფუძვლად მიჩნეული ოთხი ძირითადი სფერო: საერთო ეკონომიკური სივრცე, შინაგანი უშიშროების საერთო სივრცე, საგარეო უშიშროების საერთო სივრცე და მეცნიერების, კვლევისა და განათლების საერთო სივრცე.

თუმცა, როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა ბრიუსელში შეიტყო, ოთხი საერთო "სივრციდან" საერთო კონცეფცია არსებობს მხოლოდ ერთის, საერთო ეკონომიკური სივრცის შესახებ. და ისიც არსებობს ისე, რომ კონკრეტული ნაბიჯები (მაგალითად, ზომები საკანონმდებლო საფუძვლის შესაქმნელად, ვაჭრობის ლიბერალიზაციის ხელშესაწყობად) დაზუსტებული არ არის. მეტიც: ასეთ ზომებზე ევროკავშირისა და რუსეთის შეთანხმებას დარტყმა მიაყენა გიგანტურ ნავთობკომპანია "იუკოსის" მეთაურის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრებამ. საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკომისიის პრეს-მდივან დიეგო დე ოხედას არ დაუმალავს, რომ მოსკოვის მოქმედება "იუკოსთან" დაკავშირებით განიხილება ერთგვარ გამოცდად, რომელზეც დამოკიდებული იქნება ერთობლივი ეკონომიკური სივრცის მომავალი.

ყველაზე საკამათო საკითხი, ალბათ, მაინც სხვა იქნება - შინაგანი უშიშროების საერთო სივრცე. რუსეთის მთავარი მიზანია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის დამყარება, მაშინ როცა ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისათვის ვიზების გაუქმებას არ მიიჩნევს ახლო მომავალში მიზანშეწონილად. თავის მხრივ, არც ევროკავშირს გაუადვილდება რუსეთის დაყოლიება, გააფორმოს სასაზღვრო ხელშეკრულება ესტონეთთან და ლატვიასთან, რომლებიც ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადებიან. რუსეთი, როგორც ცნობილია, უკმაყოფილებას გამოთქვამს ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში რუსული უმცირესობის მდგომარეობის გამო.

ევროკავშირი უთუოდ შეეხება ჩეჩნეთის საკითხსაც. პრესმდივან დიეგო დე ოხედას განცხადებით: [დიეგო დე ოხედას ხმა] "ჩვენი სურვილია, რომ სამიტს მოჰყვეს ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება ჩეჩნეთის რესპუბლიკაში. გვსურს, გაუმჯობესდეს ჩვენი ჰუმანიტარული პერსონალის მუშაობის პირობები ჩეჩნეთსა და ინგუშეთში. და ჩვენი სურვილია, რუსეთის ხელმძღვანელბამ ხელი შეუწყოს ჩეჩნეთში პოლიტიკური პროცესის ისე მიმართვას, რომ მას ჩეჩნეთის მოსახლეობის უმრავლესობა მიემხროს."

ჩვენი მსმენელისათვის საქართველოს მეზობელ ჩეჩნეთზე არანაკლებ საყურადღებო უნდა იყოს მოლდავეთის საკითხი, რომელსაც რომის სამიტზე შეეხებიან. ევროკომისიის პრესმდივნის თქმით, ხუთშაბათს ევროკავშირი რუსეთს მიმართავს თხოვნით, შეასრულოს 1999 წელს ეუთოს სტამბოლის სამიტზე ნაკისრი ვალდებულება და მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთიდან გაიყვანოს იქ დარჩენილი სამხედრო ბაზები.

როგორც ცნობილია, რუსეთს ეს დანაპირები არც საქართველოს შემთხვევაში შეუსრულებია. მაგრამ რომში საქართველოს შესახებ მსჯელობას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ აპირებენ.
XS
SM
MD
LG