Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას გულისხმობს არჩევნების შედეგების ბოიკოტი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი სავარაუდოდ, უახლოესი დღეები საქართველოში არჩევანის უფლების დაცვის ნიშნით ჩაივლის. წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის ლიდერების განცხადებით, ქუჩაში ხალხი საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდა,

რამაც ხელისუფლება უნდა აიძულოს, ახლა მაინც სამართლიანად დაითვალოს ოპოზიციის კუთვნილი ხმები. რა გზას აირჩევს წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს მათ მოთხოვნას?

როგორც ჩანს, 4 ნოემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგები ისეთი შოკის მომგვრელი აღმოჩნდა ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატებისთვის", რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც ქუჩაში პროტესტის ფორმის სიყვარულში შენიშნული დიდად არასდროს ყოფილა, სტრატეგიად სწორედ ქუჩის აქციებზე შეაჩერა არჩევანი. საინტერესოა, რომ "ბურჯანაძე-დემოკრატების" მოთხოვნა ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა. 4 ნოემბერს თბილისის საკრებულოში მისულმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ბლოკი არჩევნების შედეგების ბოიკოტს აპირებს, რადგან დარწმუნდა, რომ არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდა:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " აქ არ არის მთავარი, ვინ გადალახავს და ვინ ვერ გადალახავს ბარიერს. აქ მთავარია - გაიმარჯვა ოპოზიციამ თუ გაიმარჯვა ხელისუფლებამ, რომელმაც ქვეყანა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა. ჩვენ, სხვათა შორის, თუ მიაქციეთ ყურადღება, გუშინდლამდე ხმა არ ამოგვიღია, ვიდრე ვფიქრობდით, რომ გაიმარჯვა ოპოზიციამ."
ვინც ტელევიზიის ეკრანით თვალყურს ადევნებდა პარლამენტის თავმჯდომარის ამ გამოსვლას, მიაქცევდა ყურადღებას საკრებულოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის რეაქციას. ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გეგმებში სულაც არ შედის არჩევნების შედეგების ბოიკოტი. პირიქით - იგი მოითხოვს, ხელისუფლებამ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება აღიაროს.
უკვე 5 ნოემბერს, დღის 12 საათზე, დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, რომ ბლოკ " ბურჯანაძე-დემოკრატებს" ორი გამოსავალი რჩებათ - ან იბრძოლონ მიღებული ხმების დასაცავად, ან იბრძოლონ არჩევნების შედეგების გასაბათილებლად და ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ამ ეპატზე, ზურაბ ჟვანიას განცხადებით, ბურჯანაძე-დემოკრატები მიღებული ხმების დასაცავად იბრძვიან.
კითხვაზე, რას ნიშნავს იურიდიულად არჩევნების შედეგების ბოიკოტირება, იურისტი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება იურიდიულად არაფერს ცვლის:
[ დავით უსუფაშვილის ხმა] " ეს ნიშნავს დაახლოებით იმას, რაც საქართველოს ისტორიაში ბოლო ხანს არაერთხელ ყოფილა, როცა გარკვეული პოლიტიკური ძალები არ ცნობენ არჩევნების შედეგს. მაგალითად, პირველი პრეზიდენტის მომხრე პოლიტიკური ძალები დღემდე ამბობენ, რომ ისინი არ ცნობენ ამ პარლამენტს. 1990 წლის არჩევნების დროს პარალელურად არჩევნებს ატარებდნენ გარკვეული პოლიტიკური ძალები და ამბობდნენ, რომ ისინი არ ცნობენ არჩეულ პარლამენტს. ანუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. სამართლებრივ შედეგებზე პირდაპირ საუბარი, უბრალოდ, არ შეიძლება. ეს არის პოლიტიკური ძალების, პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური პოზიცია."
ანუ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ პარტიათა ერთი ნაწილი, ხმების დათვლის შედეგად, 7 პროცენტიან ბარიერს ვერ გადალახავს, მის მიერ არჩევნების ბოიკოტი ვერაფერს შეცვლის. სხვაგვარად წარიმართება მოვლენები, თუ არჩევნებში გამარჯვებული პარტია, პროტესტის ნიშნად, უარს იტყვის პარლამენტის წევრობაზე. ასეთ შემთხვევაში იქმნება საპარლამენტო კრიზისი, რადგან კონკრეტული პარტიის მიღებული ხმების სხვაზე გადანაწილების წესი არ არსებობს. თუ მოვლენები ამგვარად განვითარდა, ხელახალი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა, იურისტთა განმარტებით, არსებობს. თუმცა, საეჭვოა, რომელიმე გამარჯვებულმა პარტიამ გამარჯვებაზე უარი თქვას.
XS
SM
MD
LG