Accessibility links

logo-print

გამოჩნდება თუ არა სამხედრო ძალა თბილისის ქუჩებში?


ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის თავყრილობებზე ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ სამხედრო ძალებს სტრატეგიული ობიექტების დაცვა და, ოპოზიციის მომხრეთა მხრიდან

კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით დაშლა უბრძანა. ხელისუფლება არ უარყოფს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანაში წესრიგის აღსადგენად გამოიყენებს ძალას. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეს მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ნაწილების გამოყენებით და არა სამხედრო ძალებით, რომლის პირდაპირ ფუნქციას არ წარმოადგენს სამოქალაქო არეულობაზე რეაგირება. თუმცა ყველაფერი მაინც საფრთხის სერიოზულობასა და პრეზიდენტის ნებაზეა დამოკიდებული.

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარია ოთხშაბათ დილიდანვე პანკისის ხეობიდან ჩამოყვანილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარის ნაწილებმა აიყვანეს გაძლიერებული დაცვის ქვეშ. შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა კი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დამთავრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ძალისმიერი მეთოდებისკენ მოუწოდებენ და ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს მიმართავენ, სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. როგორც ყოველთვის, არაორაზროვანი იყო უშიშროების საბჭოს წევრის, დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარის კომენტარი. გენერალმა ავთანდილ იოსელიანმა, საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოში მორიგ დესტაბილიზაციას გეგმავს:

[ავთანდილ იოსელიანის ხმა] "ასეთი ინფორმაციაა რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში: საქართველოში გაყალბებულია არჩევნები, გამოვიდა ოპოზიცია და აფრთხილებს ხელისუფლებას, თუ არ მიიღებ ზომებს, გადააყენებს. რას ეუბნება ხელისუფლება? - ჩვენ გამოვიყენებთ ძალას. როგორია? ეს არის "პრიზივი".

თუმცა ძალის გამოყენებისკენ მოწოდება, ანუ "პრიზივი", მხოლოდ რუსეთის საინფორმაციო საშუალებების მხრიდან არ გაისმის. 5 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში სახელმწიფო მის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] "ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში იტოვებს უფლებას, თუკი საფრთხე დაემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გახდება შეუძლებელი, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ძალა."

სახელმწიფოს ხელთ კი რამდენიმე სახის ძალა არსებობს, მათ შორის, არა მხოლოდ პოლიციური, არამედ სამხედრო ძალა - მათ რიცხვში, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით მომზადებული ქვედანაყოფები და კოჯრის სწრაფი რეაგირების ძალები. ეს უკანასკნელი ქვედანაყოფი საქართველოს შიგნით რამდენჯერმე იქნა გამოყენებული - ერთხელ 1998 წლის ოქტომბერში და მეორედ 2001 წლის 25 მაისს, აკაკი ელიავასა და მუხროვანის ამბოხების ლიკვიდაციის დროს. ნიკა ჯანჯღავა სწრაფი რეაგირების ძალების მაშინდელი სარდალია, რომელმაც შეიარაღებული ძალების რიგები ერთი წლის წინ, თავდაცვის მინისტრთან კონფლიქტის გამო, დატოვა. ჯანჯღავა აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ემისრები 4 ნოემბრის ღამეს ცდილობდნენ სამხედრო ნაწილისთვის ყალბი ბრძანება გადაეცათ და გამოეყვანათ თავისუფლების მოედანზე.

[ნიკა ჯანჯღავას ხმა] "გუშინ იყვნენ ქვედანაყოფებში ემისრები, თავდაცვის სამინისტროს ემისრები, რომლებიც ამზადებდნენ ნიადაგს და ლაპარაკი იყო შემდეგი: აი, თუ რამე მოხდება, ჩვენ ხომ აქა ვართ! რაზეც საკმაოდ კარგი და ხარისხიანი პასუხიც მიიღეს."

თავდაცვის სამინისტრომ 4 ნოემბერს გაავრცელა განცხადება და უარყო როგორც ასეთი ბრძანების არსებობა, ასევე დაუმორჩილებლობა სამხედროების მხრიდან. მაგრამ თავდაცვის სამინისტროს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა შიდა არეულობის დროს სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა ძალის - მათ შორის, ამერიკელების მიერ მომზადებული "კომანდოსთა" ბატალიონების -გამოყენება. პასუხს ამ შეკითხვაზე იოლად გავცემთ, თუ გავიხსენებთ ნაწყვეტს "კომანდოსების"ფიცის ტექსტიდან, რომელიც მათ საზეიმოდ წარმოთქვეს საქართველოს პრეზიდენტის წინაშე:

[კომანდოსთა ფიცი] "ქართველი ხალხისა და მის მიერ არჩეული პრეზიდენტის , საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ნება კი უზენაესი კანონია."

დავძენთ, რომ ფიცის ეს ტექსტი, რომელშიც ხალხისა და პრეზიდენტის ნება ცხადდება უზენაეს კანონად და არა სამხედრო კანონები და კონსტიტუცია, საქართველოში მომზადებულმა ყველა ანტიტერორისტულმა სამხედრო ქვედანაყოფმა დადო. ასე რომ, გამოჩნდება თუ არა სამხედრო ძალა თბილისის ქუჩებში, მთლიანად ერთი ადამიანის - საქართველოს პრეზიდენტის - ნებაზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG