Accessibility links

logo-print

უნიკალური ნივთების ექსპოზიცია ქარვასლაში


გასულ კვირას თბილისში მე-19 საუკუნის საქართველო გაცოცხლდა. ოღონდ ამჯერად ჩვენი მასალა არჩევნებსა და პოლიტიკას არ უკავშირდება. მე მინდა გიამბოთ ქორეოგრაფ იური ზარეცკის კოლექციის გამოფენაზე,

რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა.

თბილისელებმა, შესაძლოა, არ იციან, რომ ცნობილი ქორეოგრაფის იური ზარეცკის პირადი ნივთების კოლექციით, ფაქტობრივად, საფუძველი ჩაეყარა თბილისის ისტორიის მუზეუმს ქარვასლაში. რუსთაველის თეატრის, კერძოდ, რობერტ სტურუას სახელგანთქმული სპექტაკლების ქორეოგრაფმა 1985 წელს, გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, წლების განმავლობაში შეგროვილი ნივთების კოლექცია ქარვასლას უანდერძა. თავდაპირველად ზარეცკის ნივთებს - რუსული, ევროპული სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს, ავეჯს -ცალკე დარბაზი გამოუყვეს, როგორც მუდმივი ექსპოზიციის ადგილი. 1991-92 წლებში, სამოქალაქო ომის დროს, მუზეუმის თანამშრომლებმა ივაჟკაცეს და ზარეცკის კოლექცია გადაარჩინეს... და აი, თბილისმა ხელახლა იხილა გამოფენა, სახელწოდებით "ქალაქური ბინა" - უნიკალური ნივთები - დაწყებული 18-ე საუკუნის სკამიდან, ძველეგვიპტურ სტილში, დამთავრებული იური ზარეცკის მეგობრის, სერგო ფარაჯანოვის, ნაკეთობებით; აგრეთვე, სრულიად განსხვავებული სტილის მინიატურები, ქანდაკებები, ხატები, ჭურჭელი, შანდლები, საათები, ჭაღები - 400-ზე მეტი ექსპონატი, რომელსაც ზარეცკი თავის პატარა, ოროთახიან ბინაში ინახავდა. თუმცა კოლექციიდან ჩანს, რომ იური ზარეცკის ყველაზე მეტად მე-19 საუკუნის თბილისის ყოფა აინტერესებდა. უკრაინაში დაბადებული და გაზრდილი ქორეოგრაფი 50-იანი წლების მიწურულს თბილისში გასტროლებზე მოხვდა, მაგრამ ისე შეუყვარდა აქაურობა, რომ საცხოვრებლად დარჩა და სიცოცხლე ქართული ხელოვნების აღორძინებას მიუძღვნა. იური ზარეცკის მეგობრები ამბობენ, რომ ეროვნულ ქორეოგრაფიაში რუსთაველის თეატრის მთავარმა ქორეოგრაფმა საუკუნის დასაწყისის თბილისის მოტივები დაამკვიდრა - შეისწავლა ამ ეპოქაში გადაღებული ფოტოები, ფერწერული პორტრეტები და ის ნივთებიც, რომელიც თბილისური ინტელიგენციის ყოფას ქმნიდა, რადგან სჯეროდა, რომ სწორედ ყოფის დეტალებში გამოიხატება მისი მფლობელის ხასიათი და გემოვნება... ასე რომ, გასულ კვირას, თბილისობის დღესასწაულზე, როცა ქალაქი მწვადის სურნელმა მოიცვა, ქარვასლაში ევროპული თბილისის სახე აღადგინეს - ორი საუკუნის წინ ჩვენი ქალაქელი წინაპრები ევროპულ ანტურაჟს იქმნიდნენ. უკრაინიდან გადმოსახლებულმა ადამიანმა, რომელიც მარტოობაში გარდაიცვალა, თავის დროზე გაგვახსენა, რომ ჩვენ ევროპულ ქალაქში ვცხოვრობთ. სიმბოლურია, რომ ეს გამოფენა, რომელიც მუდმივმოქმედი იქნება, საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს გაიხსნა.
XS
SM
MD
LG