Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისიის საანგარიშო მოხსენება ევროკავშირში თურქეთის შესაძლო გაწევრიანების შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ხუთ ნოემბერს ბრიუსელში, ევროპის კომისიამ გამოაქვეყნა ყოველწლიური საანგარიშო მოხსენება იმის შესახებ,





თუ რამდენად აკმაყოფილებს თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის წამოყენებულ პირობებს. მოხსენების ავტორები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ თურქეთში რეფორმები განხორციელდა მრავალ სფეროში, თუმცა აღნიშნავენ ამასთანავე, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ვიდრე ანკარა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება მზად.

წლევანდელ საანგარიშო მოხსენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ფორმალური მოლაპარაკების დაწყების თარიღის დანიშვნა აღუთქვა თურქეთს, თუ 2004 წლის ბოლოსთვის ანკარას ევროკავშირის ყველა პირობა ექნება შესრულებული.

რაც შეეხება ორად გაყოფილი კუნძულ კვიპროსის საკამათო საკითხს, საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქეთს მეტის გაკეთება მართებს თურქულ და ბერძნულ ნაწილებად გაყოფილი კუნძულის გასაერთიანებლად. ხოლო ოფიციალური პირები ბრიუსელში აცხადებენ, რომ თუ თურქეთი არსებით წვლილს შეიტანს კვიპროსის გაერთიანების საქმეში, ეს, თავის მხრივ, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ანკარასთან მოლაპარაკების დაწყებას დააჩქარებს. ამგვარ დაკავშირებას მძაფრი რეაქცია მოჰყვა ოფიციალური ანკარის მხრიდან. აი რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით, ევროკომისიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიუნტერ ფერჰოიგენმა [გიუნტერ ფერჰოიგენის ხმა]: "ჯერ ერთი, ვერ გამიგია თურქების რეაქცია, ვინაიდან ჩვენ ვთქვით ის, რაც ყველას კარგად მოეხსენება ევროპაში. ვერცერთი ევროპელი ვერ წარმოიგენს იმას, რომ ჩვენ მოლაპარაკებას დავიწყებთ თურქეთთან იმ დროს, როცა კვიპროსის კონფლიქტი მოუგვარებელია".

ფერჰოიგენმა განაცხადა აგრეთვე, რომ როცა კვიპროსი ევროკავშირში გაწევრიანდება, მას მიეცემა სრული უფლება ვეტო დაადოს თურქეთის მიღებას ამ კავშირში, და ამდენად, კვიპროსის პრობლემის მოგვარება თავად თურქეთის ინტერესებს ემსახურება.

საანგარიშო მოხსენების ავტორები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ თურქეთმა ამ ბოლო დროს გააუმჯობესა ურთიერთობა ირანთან და სირიასთან, აქტიურად მონაწილეობს ახლო აღმოსავლეთთის სამშვიდობო პროცესში და ამასთანავე შავი ზღვის რეგიონალურ თანამშრომლობაშია ჩართული. გარდა ამისა, ანკარამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბალკანეთსა და კავკასიაში სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად, - ნათქვამია ევროკომისიის საანგარიშო მოხსენებაში.

რაც შეეხება ადამიანის, მოქალაქეობრივსა და პოლიტიკურ უფლებებს მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ განვლილი ერთი წლის მანძილზე განხორციელებული რეფორმების წყალობით თურქეთში იკლო პატიმართა წამების შემთხვევებმა და გაფართოვდა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, მაგრამ ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც უმეტესწილად ქურთებით დასახლებულ დიარბაქირისა და სირნაქის პროვინციებში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა, იქ გაუმჯობესდა ცხოვრების პირობები, თუმცა ცალკეული პრობლემები კვლავაც მოუგვარებელი რჩება.
XS
SM
MD
LG