Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პირველი განხეთქილება სახელისუფლებო ორბიტაზე


2 ნოემბრის არჩევნებიდან 4 დღის შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და ოპოზიციის მოთხოვნებს სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" რიგების რღვევა მოჰყვა.

6 ნოემბერს სახელისუფლებო ორბიტის დატოვების შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიზეზად რადიკალურ ოპოზიციასთან ხელისუფლების წარმომადგენელთა გარიგება დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 11 წლის განმავლობაში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი მესამედ ტოვებს შევარდნაძის ნავს და კვლავაც იმის მტკიცე რწმენით, რომ ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის მშიშარა და უპრინციპო გარემოცვაა და არა თავად შევარდნაძე.

მთელი თავისი კარიერის მანძილზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ირინა სარიშვილი- ჭანტურია იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე. მაგრამ რაღაც გასაოცრად, 2 ნოემბრის არჩევნების წინ იგი სწორედ იმ საარჩევნო ბლოკის მეწინავე რიგებში აღმოჩნდა, რომლის ბევრი წარმომადგენელი საზოგადოების თვალში სახელმწიფოებრივ კორუფციასთან, ჩრდილოვან ეკონომიკასთან, ხალხის ქონების მითვისებასა და გუშინდელ დღესთან არის ასოცირებული. ამ კრებულში ყოფნამ სერიოზულად შეარყია სარიშვილ-ჭანტურიასა და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის იმიჯი - სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ორი თვის განმავლობაში იძულებული იყო შეესრულებინა ყველაზე შავი და უმადური სამუშაო: ეწარმოებინა ოპოზიციის რადიკალური ფრთის - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ბურჯანაძე-დემოკრატების" საწინააღმდეგო კამპანია, დამაჯერებლობას მოკლებული განცხადებებითა და ანონიმური "ფლეშ-კარტით" ემხილებინა ისინი რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში, რამაც, თუ არჩევენების შედეგებს გავითვალისწინებთ, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის სასარგებლოდ იმუშავა. თუმცა ირინა სარიშვილი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ასეთი წინასაარჩევნო ტაქტიკა სწორი იყო. ეს, უბრალოდ, პრეზიდენტი უშვებს შეცდომას, რომელიც, მშიშარა ადამიანების ზეგავლენით, კვლავ გარიგებაზე მიდის ოპოზიციასთან და არ ფიქრობს, ვის ხელში ტოვებს ქვეყანას.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] "პრეზიდენტი წელიწადნახევარში ასრულებს თავის მოღვაწეობას და არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის არც აპირებდეს საქართველოში ცხოვრებას. მე ვეკითხები ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ბლოკს "ახალი საქართველოსთვის": რას ვაპირებთ ჩვენ? როდესაც ქვეყანა გვრჩება, პრაქტიკულად, იმ ძალების ხელში, რომლებიც ჩვენ, ჩვენი პროპაგანდით და აგიტაციით, ამდენ ხანს მიგვაჩნდა მიუღებლად და ქვეყის დამანგრევლად, რის გაკეთებას ვაპირებთ ამის შემდეგ ჩვენ?"

ხოლო ქვეყანა "ასეთი ძალების ხელში" რომ არ ჩავარდეს, ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ზუსტად ისეთი მოქმედება მიაჩნია მიზანშეწონილად, როგორც აჭარის ავტონომიის თავკაცს ასლან აბაშიძეს - კანონითა და პოლიციის ძალით დაუპირისპირდეს ქუჩის აქციებს. ამ მხრივ, ბევრი კომპლიმენტი მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელმაც პოლიციის მობილიზებითა და მკაცრი განცხადებებით უპასუხა ოპოზიციის გამოსვლებს 3 ნოემბრის ღამეს. ხოლო გაიკიცხა უშიშროების მინისტრი, რომელიც, სარიშვილ-ჭანტურიას განმარტებით, საეჭვოდ პასიურობს მთელი ბოლო დღეების მანძილზე.

[ირინა სარიშვილ-ჭანტურიას ხმა] "უშიშროების მინისტრი, შესაძლებელია, თავისი ინიციატივით პასიურობდა, ან, შესაძლებელია, მას ჰქონდა პრეზიდენტის მითითება, რომ ეპასიურა. მაგრამ აქ მაინც, ალბათ, ანარქიულ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რაღაც კარგად მართულ სიტუაციასთან, რადგან მაშინ არც შინაგან საქმეთა მინისტრი გააკეთებდა იმ განცხადებებს, რაც აქამდე აკეთა."

ანარქიულ მდგომარეობაში დარჩენას კი ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ კვლავ გაცლა ამჯობინა. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი შორდება სახელისუფლებო ბლოკის ორბიტას, თუმცა დარჩება მომავალ პარლამენტში, სადაც მიუკერძოებელ, პრინციპულ და მოუსყიდველ პოლიტიკურ ძალებთან ერთად გააგრძელებს მოღვაწეობას. გასარკვევი მხოლოდ ისაა, თუ ვინ არის მოუსყიდველი და გაუსვრელი ქართულ პოლიტიკაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG