Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გამოძახილი აფხაზეთში. ოფიციალური ინფორმაციით, აფხაზეთის ხელისუფლება საქართველოში სტაბილურობითაა დაინტერესებული


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დათვლას სოხუმი ყურადღებით ადევნებს თვალყურს. განწყობა საგანგაშოა. როგორც აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა

სერგეი შამბამ ინტერპრესის კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, დესტაბილიზაცია მეზობლად, სავარაუდოდ, აფხაზურ მხარესაც ჩაითრევს. იგი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურ ძალთა დაპირისპირება საქართველოში აფხაზეთისადმი რევანშისტული განწყობილებების ზრდაშიც გამოიხატოს. მთლიანობაში კი, დაირღვეს მხარეთა შორის მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესი, რომელიც მხოლოდ სტაბილურ ვითარებაშია შესაძლებელი. და მთავარი, არჩევნებისშემდგომი არეულობა საქართველოში აფხაზეთისთვის შეიარაღებული კონფლიქტის განახლების არაპირდაპირ საშიშროებად აღიქმება.

ჭუბურხინჯის ტრადიციულ ოთხმხრივ შეხვედრაზე, რომელიც, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 6 ნოემბერს პირველად გაიმართა, გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან ქიშმარიამ ჩვეული ხისტი კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზე არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს. შესაბამისად, არჩევნები, თავისი მიმდინარე მოვლენებით, აფხაზეთში ნაკლებად აინტერესებთ. დაახლოებით იმავე მოსაზრებისაა გალის აფხაზი გამგებელი ვალერი ლომაია, რომელიც 6 ნოემბერს ჭუბურხინჯში რუსლან ქიშმარიასთან ერთად ცინიკურად შენიშნავდა, რომ გალის რაიონის ტერიტორიაზე აფხაზეთის მოქალაქეები ცხოვრობენ და არა დევნილები, რომ გალის ქართველებს 2 ნოემბერს საზღვრის გადაკვეთაში პრობლემები არ შეჰქმნიათ. ჭუბურხინჯის შეხვედრის ერთ-ერთი თემა სწორედ აფხაზური მხარის მიერ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველთათვის ხელის შეშლა იყო. გალის აფხაზური ადმინისტრაციის წარმომადგენელთა განცხადებები, არსებითად, ზერელობისა და უპასუხისმგებლობის შთაბეჭდილებას ტოვებს, იმ განცხადებებთან და იმ პრევენციულ ღონისძიებებთან შედარებით, რომლებიც სეპარატული ხელისუფლების ზედა ეშელონებიდან მოდის. ოფიციალური სოხუმისათვის საქართველოში არჩევნების შემდგომი დესტაბილიზაციის ყველაზე ტიპიური საფრთხე პარტიზანული მოძრაობის გააქტიურებაა, ყველაზე საშიში კი - საომარი კონფლიქტის განახლება. ამ საფრთხეთა თავიდან აცილების მიზნით, სოხუმის ხელისუფლება გალის რაიონის უსაფრთხოების ზონას ჯავშანტექნიკითა და პოლიციის დამატებითი ქვედანაყოფებით აძლიერებს. ამით იგი ცდილობს არ დაუშვას, რომ საქართველოში არსებული ეგრეთ წოდებული დესტაბილიზაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე გავრცელდეს.
თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსის მაქსიმ გრინზელის თქმით, შევარდნაძის ხელისუფლებას აფხაზური მხარე არ ენდობა. 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებიდან კი აფხაზეთისთვის ყველაზე მისაღები ძალა ბურჯანაძე-დემოკრატები იქნებოდნენ.

[მაქსიმ გრინზელის ხმა] " ბურჯანაძე ახალი პოლიტიკოსია, ახალგაზრდა ქალია, პროგრესული აზროვნებით. ის საქართველოს მოიაზრებს როგორც კავკასიური პროცესების შემადგენელ ნაწილს და არა ქვეყანას, რომელიც ამერიკის ინტერესებით უნდა ცხოვრობდეს. ის, ჩემი აზრით, ძალიან ზუსტად ხედავს სიტუაციას ქვეყანაში. ანუ იმას, თუ საქართველომ როგორ უნდა ითანამშრომლოს მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან და არა იმათთან, რომლებიც ოკეანის გაღმა იმყოფებიან. უპირატესობას მე მას მივანიჭებდი."

დავაზუსტებთ, რომ ეს არის მაქსიმ გრინზელის პირადი მოსაზრება, რომელიც, გარკვეულწილად, შესაძლოა, განზოგადებასაც ექვემდებარებოდეს. აფხაზეთში თანაბრად უფრთხიან როგორც მოქმედ ხელისუფლებას, ისე და, შესაძლოა, უფრო მეტადაც, რადიკალურ ოპოზიციას.
XS
SM
MD
LG