Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომელმა პარტიამ გაიმარჯვა მაჟორიტარულ არჩევნებში


ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიათა ძირითადი ყურადღება პროპორციული - პარტიული არჩევნების მონაცემებისკენაა მიპყრობილი, რადგან მისი შედეგები პარლამენტში პარტიული სიის ყველაზე

უცნობი კანდიდატების გაყვანის საშუალებასაც კი იძლევა. რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, მასში გამარჯვება დიდ შრომასა და რესურსებს მოითხოვს და ნაკლებად გამოდგება საპარლამენტო ამინდის შესაქმნელად, მაჟორიტართა მცირერიცხოვნების გამო. თუმცა პოლიტიკურ პარტიათა ნაწილმა საკუთარი პრესტიჟის დასამტკიცებლად მაჟორიტარულ არჩევნებში მაინც მოსინჯა ძალა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები 85-ვე ოლქში ჩატარდა. თუმცა კომისიის ვებსაიტზე ჯერჯერობით მხოლოდ 55 ოლქის წინასწარი შედეგებია გამოქვეყნებული. მე შევეცადე ისინი პარტიების მიხედვით შემეჯამებინა და, აი, ასეთი სურათი მივიღე:

ყველაზე მეტი მანდატი - 20 დამოუკიდებელ კანდიდატს აქვს. მეორე ადგილზე მიდის სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" - 17 მანდატით. მაგრამ სავარაუდოა, რომ ამ ციფრს დამოუკიდებელ დეპუტატთა მნიშვნელოვანი ნაწილიც მიემატება. მესამე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა - 7 მაჟორიტარი დეპუტატით. შემდეგ მოდიან ბურჯანაძე-დემოკრატები და ახლები - 4 - 4 მაჟორიტარით და ასე შემდეგ. თუმცა ბევრი მათგანის გამარჯვება ჯერჯერობით სათუოა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ეკა მელქაძის ინფორმაციით, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული მხოლოდ 29 ოლქშია გამოვლენილი.

[ეკა მელქაძის ხმა] "ეს არის წინასწარი მონაცემები - ვგულისხმობ საჩივრების გარეშე მონაცემებს, ანუ ჯერ არ გასაჩივრებულა, დათვლა დამთავრებულია, ინფორმაცია საბოლოო მიღებულია. 29 ოლქის უკვე გარკვეულია. მეტი არ გვაქვს ჯერჯერობით. შემოდის ინფორმაციები."

ცენტრალური საარჩევნო კომისიისვე გადაწყვეტილებით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 12 ოლქში გაიმართება - თუ როდის, ეს ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ჯერჯერობით გაუსაჩივრებელი ოლქების რაოდენობა - 29 - იმაზე მეტყველებს, რომ სხვა ოლქებში მაჟორიტართა არჩევნები არანაკლები დარღვევებით წარიმართა, ვიდრე ეს იყო პროპორციული არჩევნების შემთხვევაში. კენჭისყრის პროცედურის გარდა, საარჩევნო კოდექსის დარღვევას წარმოადგენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა მიერ ამომრჩეველთა მოტყუება თუ მოსყიდვა.

არადა, სწორედ მოტყუებით, ანუ სოციალური პრობლემების მოგვარების დაპირებით, დაიმსახურა ამომრჩეველთა ნდობა მაჟორიტართა უმრავლესობამ. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის, კონსტიტუციის ცნობილი ექსპერტის ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატის უფლებამოსილება იგივეა, რაც პარტიული სიით არჩეული დეპუტატისა.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა] "ხდებოდა შეთავაზება - დაპირება იმისა, რისი უფლება, ელემენტარულად, არ აქვს პარლამენტის წევრს, არაერთი. ცალკეული ადამიანების სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, მით უფრო, ჯგუფების სოციალური პრობლემების გადაწყვეტა, კომუნალური პრობლემების გადაწყვეტა - ეს არ შედის პარლამენტარის უფლებამოსილებაში."

ასეთნაირად გაუკუღმართებული მაჟორიტარი დეპუტატის ინსტიტუტი საკმაოდ მოსახერხებელ მექანიზმს წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების მოსაპოვებლად როგორც თავად მაჟორიტარებისთვის ასევე მათი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალებისთვისაც. კერძოდ კი, პარლამენტში მოღვაწეობისას ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მსხვილი რეგიონალური ტრანსფერების მოპოვებაც შეიძლება და საკუთარი თუ სხვისი ბიზნესის ლობირებაც.
XS
SM
MD
LG