Accessibility links

დღეს, 15 საათზე, წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი თბილისის ცენტრში მიტინგის გამართვას გეგმავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს, 7 ნოემბერს, იწურება წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტის მხრიდან პრეზიდენტ შევარდნაძისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა. შეგახსენებთ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მოითხოვს

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ბოლნისის, დმანისის, აჭარისა და რუსეთის ოლქებში. რას გეგმავს ოპოზიცია ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დღეს, 7 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან დაგეგმილ მიტინგზე გაირკვევა. წინასწარი ცნობებით, მიტინგზე ამომრჩევლის ხმების დასაცავად რეგიონების წარმომადგენლებიც აპირებენ ჩამოსვლას. რეგიონებში არსებულ ვითარებაში გასარკვევად რადიო "თავისუფლების" რეგიონალურ კორესპონდენტებს დავუკავშირდი.


თბილისში განვითარებული მოვლენების პარალელურად, წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი რეგიონებშიც იქმნება. განსაკუთრებული აქტიურობა იგრძნობა იმ რეგიონებში, სადაც, წინასწარი მონაცემებით, 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა. ჩვენი თელაველი თანამშრომლის ნატო მეგუთნიშვილის ცნობით, თელაველები უკვე მონაწილეობდნენ თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებში და ახლაც აპირებენ თბილისში ამომრჩევლის ხმების დასაცავად გამართულ აქციაში მონაწილოებას.
[ ნატო მეგუთნიშვილის ხმა] " აპირებენ წამოსვლას. იყვნენ წამოსულები. ძლივს შევაღწიეთო - თქვეს. უკვე იშლებოდაო აქცია. ლიდერები დარჩენილან. მონაწილეები დაბრუნებულან და ისევ აპირებენ წასვლას."
ნატო მეგუთნიშვილი არ ადასტურებს ამ დღეებში თბილისში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახელისუფლებო ბლოკის დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა ადგილობრივი ხელისუფლება. თუმცა, მისივე ცნობით, როგორც ჩანს, თელავში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებამ შოკში ჩააგდო ადგილობრივი ხელისუფლება:
[ ნატო მეგუთნიშვილის ხმა] " აბსოლუტური დაბნეულობაა. შიშიც იგრძნობა. არანაირ კომენტარს არ აკეთებენ და არც დამინახავს ვინმე გარეთ. ალბათ, მოვლენების განვითარებას ელოდებიან, რა მოხდება, და საბოლოო შედეგების გამოცხადებას."
ადგილობრივი ხელისუფლების დაბნეულობაზე საუბრობს ჩვენი გორელი კორესპონდენტი გოგა აფციაურიც. მისივე ცნობით, 7 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ აქციებში გორის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას:
[ გოგა აფციაურის ხმა] " უნდა გითხრათ, რომ გორშიც დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. აქ საოლქო კომისიამ პირველ დღეებში მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მაგრამ ბოლო წუთამდე ჯერ არ არის მიწოდებული ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სრული ინფორმაცია გორის შესახებ და საოლქო კომისიის თავმჯდომარე ცდილობს, გახსნას ბიულეტენები, დალუქული ყუთები და ხელმეორედ მოახდინოს გადათვლა. ნაციონალები შიშობენ, რომ მათი პროცენტის დასაკლებად ხდება ეს და საოლქო კომისია გააყალბებს მათ ხმებს. ამიტომ აქ ჩამოდიან სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერები. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს გორელებს, რომ ნაწილი დარჩეს ადგილზე და გააგრძელოს აქციები. ნაწილი კი თბილისში შეუერთდეს დიდ საპროტესტო აქციას, რომელიც, მისი განცხადებით, შესაძლოა, პრეზიდენტის დამხობით დასრულდეს."
გორისგან განსხვავებით, სიმშვიდეა ზუგდიდში. ჩვენი ზუგდიდელი თანამშრომლის ლაშა ბერულავას თქმით, ზუგდიდში თბილისის აქციაზე მონაწილეობის მსურველთა განსაკუთრებული მზადება არ შეინიშნება.
[ ლაშა ბერულავას ხმა] " ნაციონალები ლიდერობენ. ადგილობრივი ხელისუფლება, ბევრისთვის გასაოცრად, ძალიან მშვიდად შეხვდა ამ ფაქტს. რატომღაც არც დიდი აღშფოთება და არც გაკვირვება გამოუხატავთ მაშინ, როცა თვითონ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ გაკვირვებულები ამ შედეგებით და ამბობდნენ, რომ თვითონაც კი არ მოელოდნენ ასეთ შედეგს ზუგდიდში."
როგორ განვითარდება მოვლენები დღეს თბილისში, ამის შესახებ რადიო "თავისუფლება" დღეს საღამოს მოგითხრობთ.
XS
SM
MD
LG