Accessibility links

logo-print

რა მნიშვნელობა აქვს ხმების პარალელური დათვლის შედეგებს


საქართველოს საარჩევნო პრაქტიკაში სერიოზულ სიახლედ ხმების პარალელური დათვლის მეთოდის ამუშავება მიიჩნევა. ჯეიმს ბეიკერის სქემის ფარგლებში, ეს მეთოდი პირველად 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამუშავდა და,

შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებისგან განსხვავებული მონაცემები გვიჩვენა. ხმების პარალელური დათვლა ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" განახორციელა. ამ ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები ზუსტია, რეალური მონაცემების იდენტურია და ცხადყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების უზუსტობას. ასეთ ვითარებაში რა მნიშვნელობა აქვს პარალელური დათვლის შედეგებს? ამას გარდა, როგორ რეაგირებს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" 2 ნოემბერს გამოვლენილ დარღვევებზე?


თავდაპირველად იმის შესახებ, აქვს თუ არა რაიმე ძალა ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ან რისთვის იყო საჭირო ხმების პარალელური დათვლა.

[თამარ ჟვანიას ხმა] " იურიდიული ძალა აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ მონაცემებს. პარალელური დათვლა კი არის იმის აღწერა, რაც სინამდვილეში მოხდა. პარალელური დათვლა გავაკთეთ იქ, სადაც სამართლიანად ჩატარდა არჩევნები, ანუ ჩვენი სამართლიანი შედეგებია და, თუ ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს არ ემთხვევა, ეს ნიშნავს იმას, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შესულია იმ უბნების შედეგები, სადაც არჩევნები არ ჩატარდა სამართლიანად."(სტილი დაცულია)

ეს იყო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თამარ ჟვანიას განმარტება. შეგახსენებთ: ამ ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლა საარჩევნო უბნების 20 პროცენტში ჩატარდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა, მათ შორის, ქვემო ქართლი და აჭარა. ხმების პარალელური დათვლა უბნების 20 პროცენტში მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდია. თამარ ჟვანიას თქმით, ეს მეთოდი, როგორც წესი, რეალურ სურათს წარმოაჩენს.

[თამარ ჟვანიას ხმა] "ეს არის უზუსტესი მეთოდი. არაერთხელ არის გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ გვაქვს ანალოგიური მონაცემები ყველა საარჩევნო უბანზე, სადაც დამკვირვებელი გვყავდა. ახლა მიდის ოქმების დამუშავება და, როცა ვადარებთ მათ ჩვენს მონაცემებს, აბსოლუტურად იდენტურია. ეს გაკეთდა იმისათვის, რომ გვეთქვა სიმართლე. ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი საქმე და დავასახელეთ რეალური მონაცემები. "


მონაცემები ასეთია: პირველ ადგილზეა ბლოკი "სააკაშვილი- ნაციონალური მოძრაობა" - 26, 26 პროცენტით, მეორეზე - სახელისუფლებო ბლოკი 18, 92 პროცენტით, მესამეზე - "ლეიბორისტული პარტია" - 17, 36 პროცენტით, მეოთხეზე - "ბურჯანაძე-დემოკრატები" - 10, 15 პროცენტით. "სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით, მეხუთე ადგილზე უნდა იყოს "აღორძინება" - 8, 13 პროცენტით, მეექვსეზე - "ახალი მემარჯვენეები", 7, 99 პროცენტით, "მრეწველები" კი - მეშვიდეზე, 5, 2 პროცენტით.

ხმების პარალელური დათვლის ეს შედეგები არჩევნების მეორე დღესვე გახდა ცნობილი. საამისოდ"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა მთელი ღამის მანძილზე თავდაუზოგავად იმუშავეს. ამის შემდეგ "სამართლიანმა არჩევნებმა" მიმართა "ცენტრალურ საარჩევნო კომისიას", რათა მას ხალხის არჩევანის ამსახველი შედეგებისთვის მიეცა ლეგიტიმაცია. თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და "სამართლიანი არჩევნების" მონაცემებს შორის დღემდე სერიოზული განსხვავებაა. ორგანიზაციაში, რომელმაც პარალელური დათვლა განახორციელა, ამ განსხვავებას ერთადერთი მოტივით ხსნიან და ეს მოტივი არჩევნების გაყალბებაა.

საგულისხმოა, რომ არჩევნების დღეს დარღვევების განსაკუთრებული რაოდენობა "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა მარნეულში, ბოლნისსა და ტყიბულში გამოავლინეს და გაასაჩივრეს კიდეც. ბოლნისის რაიონში საჩივრები საუბნო კომისიებში დატოვეს, მარნეულსა და ტყიბულში გამოვლენილი დარღვევების გამო კი საოლქო კომისიებს მიმართეს. ამ რაიონების საუბნო კომისიებში "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლების საჩივრები არ მიიღეს. ცალკე განსახილველია აჭარაში ჩატარებული არჩევნები, სადაც სრულიად უდანაშუალო დამკვირვებელი დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში აჭარასა და ქვემო ქართლში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაბათილების საკითხი, ამის გასარკვევად "სამართლიან არჩევნებში" დარღვევების გასაჩივრების პროცედურის დასრულებას ელოდებიან. თუ ამ რეგიონების რამდენიმე უბანში შედეგები გაუქმებულად გამოცხადდება, მაშინ გაუქმებას ავტომატურად ოლქების შედეგებიც უნდა დაექვემდებაროს.

საუბრის დასასრულს მოვიყვან განცხადებას, რომელიც კიშინიოვში ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა შვიმერმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სხეფერმა გააკეთეს: " ევროპის საბჭოსა და ეუთოს მხრიდან მნიშვნელოვანი თანამშრომლობის მიუხედავად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში ჩატარებული არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ამ ქვეყნებში შესაბამისი პოლიტიკური ნების არარსებობით აიხსნება."
XS
SM
MD
LG