Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა უცხოეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვაში შემოგთავაზებთ კომენტარებს საქართველოში 2 ნოემბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

როგორც BBC-ის საინტერნეტო გამოშვებაშია აღნიშნული, ათი წლის წინათ მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებულმა თმაშევერცხლილმა შევარდნაძემ დემოკრატია და ეკონომიკური აღორძინება აღუთქვა დამოუკიდებელ საქართველოს. ხოლო დღეს, სწორედ იმ მოედანზე, სადაც ათი წლის წინათ ხალხი ოვაციებით შეხვდა ედუარდ შევარდნაძის მოსვლას ხელისუფლების სათავეში, ათასობით ადამიანი სთხოვს მას - გადაგეს, ვინაიდან დღემდე მოუგვარებელია საქართველოში ორი ეთნიკური კონფლიქტი, ენერგოკრიზისს ბოლო არ უჩანს, ხალხი გაღატაკდა, ხოლო კორუფციამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო.

თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთი "თურქიშ დეილი ნიუსი" ასეთი კომენტარით გამოეხმაურა ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს:

"დასავლეთში კარგად ახსოვთ შევარდნაძის მოღვაწეობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და ის დიდი წვლილი, ცივი ომის დამთავრებაში რომ მიუძღვის საქართველოს პრეზიდენტს. ერთ დროს ქვეყნის მსხნელად მიჩნეული, შევარდნაძე დღეს, უაღრესად არაპოპულარული პოლიტიკოსია, ვინაიდან ის დაპირებები, ათი წლის წინათ რომ აღუთქვა ხალხს, დაპირებებად დარჩა, ხოლო ცხოვრების დონე რესპუბლიკაში დღითიდღე ეცემა. "ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ვერ ჰპასუხობდა ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სტანდარტებს", - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ ბრუს ჯორჯმა. თითქმის ასეთივე შეფასება მისცა ხსენებულ არჩევნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც".

როგორც გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" მიმომხილველი ხლოე არნოლდი აღნიშნავს, აზერბაიჯანელები ბევრად ჩამორჩებიან ქართველებს არჩევნების გაყალბებაში. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"მეგონა, რომ არჩევნების გაყალბების არნახული დემონსტრირების მოწმე გავხდი ამ ორი კვირის წინათ აზერბაიჯანში. თუმცა ორ ნოემბერს, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ეს აზრი შემეცვალა. აქ უკვე, ისეთი ხრიკების მოწმე გავხდი, რომ შემიძლია ვთქვა, არჩევნების გაყალბებაში აზერბაიჯანელებს ბევრი რამ ესწავლებათ ქართველებისგან. პრობლემები არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. ჯერ კიდევ ზაფხულში ათასობით ადამიანი გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ისინი არ შეიყვანეს ამომრჩეველთა სიაში და შედეგად, ვერ მისცემდნენ ხმას. ხელისუფლება ამის მიზეზად მოძველებულ დოკუმენტებს, კომპიუტერების უკმარისობას, მექანიკურ შეცდომებსა და ათასნაირ მსგავს ფაქტორს ასახელებდა და აცხადებდა, რომ 2 ნოემბრისათვის საარჩევნო უბნებში განახლებული, სრულყოფილი სიები იქნებოდა წარდგენილი. საუბედუროდ ეს, ტყუილი აღმოჩნდა. მთავრობის მომხრე პარლამენტარები მხრებს იჩეჩავდნენ, ეს, უბრალოდ, არაკომპეტენტურობის ბრალიაო. საქმე იმაშია, რომ თითქმის ყველა იმ უბანში, სადაც სახელისუფლებო ბლოკის გამარჯვება იყო მოსალოდნელი, ამომრჩეველთა სიები სრულყოფილად იყო წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ამ სიებში ის პირებიც ფიგურირებდნენ, ვინც კარგა ხნის წინათ დატოვა საქართველო, ან აღარაა ცოცხალი. ხოლო იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას ჰქონდა გამარჯვების აშკარა შანსი, განსაკუთრებით თბილისსა და ქუთაისში, სიებიდან დიდი საცხოვრებელი სახლები და თავად ქუჩებიც კი იყო გამოტოვებული. არჩევნების დღეს არაფერი შეცვლილა. რამდენიმე უბანი არ გახსნილა, საერთოდ, თუპმე სიები არასწორად შეუდგენიათ. თბილისის 27 საარჩევნო უბანში, განრისხებულმა ხალხმა მიჩვენა კარებზე მიკრული წარწერა: "ხმის მიცემა შეწყვეტილია". "არც საარჩევნო ყუთები მოიტანეს და არც ბიულეტენები. ყოველ მოქალაქეს აქვს ხმის უფლება, მე კი იძულებული ვარ ხალხი უკან გავაბრუნო" - მითხრა 27-დე უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სახელად თეიმურაზმა. არჩევნების წინ ჩატარებულმა გამოკითხვამ ოპოზიციურ პარტიებს უწინასწარმეტყველა გამარჯვება. სინამდვილეში სულ სხვა სურათი მივიღეთ".

გაზეთ "ლოს ანჯელეს ტაიმსს" მოჰყავს ვაშინგტონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორის ჯორჯ ფოლსომის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ორი ნოემბრის არჩევნებმა დაგვანახა - "დემოკრატიის ჭიქა საქართველოში კვლავაც ნახევრამდეა შევსებული".
XS
SM
MD
LG