Accessibility links

logo-print

ასლან აბაშიძე საქართველოს ხელისუფლების დასაცავად მობილიზაციას აცხადებს


საქართველოს სახელისუფლებო ბლოკს, რომელიც ბოლო ხანებში სულ უფრო მზარდ უკმაყოფილებას ამჟღავნებს ზოგიერთი ძალოვანი სტრუქტურის პასიური პოზიციის გამო, მხსნელად აჭარის

ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური მოევლინა. ასლან აბაშიძე აცხადებს, რომ მზად არის დაიცვას კანონიერი ცენტრალური ხელისუფლება, თუკი ოპოზიციის მხრიდან მას საშიშროება დაემუქრება. 6 ნოემბერს გამართულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს სხდომამ ასლან აბაშიძე ყოველგვარი, მათ შორის, სამხედრო უფლებამოსილებითაც აღჭურვა.


ასლან აბაშიძისა და მისი მომხრეების თვალში, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ მოსული ხელისუფლება სიტყვიერად ყოველთვის უკანონობასა და ძალადობასთან ასოცირდებოდა. მაგრამ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ყველა საშუალების გამოყენებით"აღორძინების კავშირმა" და სახელისუფლებო ბლოკმა "ახალი საქართველოსთვის" პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს, შევარდნაძე-აბაშიძეს შორის სრულმა იდილიამ დაისადგურა. მეტიც, აჭარის მეთაური აცხადებს, რომ მზად არის დაიცვას კანონიერი ცენტრალური ხელისუფლება, თუკი ოპოზიციის მხრიდან მას საშიშროება დაემუქრება. "მე დემოკრატიული შტურმის წინააღმდეგი ვარ", ოპოზიციის გასაგონად განაცხადა აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას ასლან აბაშიძემ, რომლის მხარდამჭერებიც ორი კვირის წინ სასტიკად გაუსწორდნენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს ბათუმის ქუჩებში. ასლან აბაშიძის მომხრეები რომ საბრძოლო მზადყოფნაში არიან, ეს ჩვენთან სატელეფონო საუბარში ბათუმში მყოფმა "აღორძინების კავშირის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯემალ გოგიტიძემაც დაადასტურა.

[ჯემალ გოგიტიძის ხმა] "აჭარაში საბრძოლო განწყობილებაა, რადგან მოპოვებულის შენარჩუნებაა საჭირო. ჩვენ არავისთვის ლოყის შეშვერას არ ვაპირებთ, მით უმეტეს, სააკაშვილისთვის."

სიძულვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიმართ აჭარის პროპაგანდისტული მანქანის მთავარ მამოძრავებელ მუხტს წარმოადგენს. ამ დღეებში აჭარის ტერიტორიაზე გამართულ კოლექტიურ თავყრილობებზე ხშირად გაისმის ამგვარი ეგზალტირებული გამოსვლები:
[ერთ-ერთი ქალბატონის ხმა] "ვის აქვს იმის უფლება, რომ ეს სიხარული, ეს მომავლის ბედნიერების სურვილი ხალხს დაუკარგოს. ვინ არიან ეს ბრბო, რომლებიც გვემუქრებიან, თითქოს აჭარიდან ხმებს არ მიიღებენ? რა უფლება აქვთ მათ?"(სტილი დაცულია)

ერთადერთი, ვისაც უფლებებში ლიმიტი არა აქვს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი გახლავთ. 6 ნოემბერს ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ აჭარის კონსტიტუციაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა და ასლან აბაშიძე დამატებითი უფლებებით აღჭურვა. როგორც აჭარის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მალხაზ ბოლქვაძე განმარტავს, განხორციელებული ცვლილებით, ასლან აბაშიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო პირად გამოცხადდა.

[მალხაზ ბოლქვაძის ხმა] "მესამე ცვლილება ეხება მესამოცე მუხლს. ავტონომიური რესპუბლიკის მეთაური ანიჭებს ჯილდოებს, საქართველოს ჯილდოების მისანიჭებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატურებს, ანიჭებს უფროს სამხედრო და სპეციალურ წოდებებს, ბრიგადის გენერლის წოდებას."

ასლან აბაშიძის მომხრეებმა 7 ნოემბერს თბილისში მოწყობილი მასობრივი აქციით დაადასტურეს, რომ მათ ლიდერს უფრო მეტი ამბიციები აქვს. 8 ნოემბერს კი ამის დამტკიცებასვე შეეცდებიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ როგორც 86 წლის წინ რუსეთში, საქართველოშიც ძალაუფლება ქუჩაში გდია და მთავარია, სხვებზე ადრე შეძლო მისი ხელში აღება.
XS
SM
MD
LG