Accessibility links

logo-print

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ნაციონალური მოძრაობის მოწოდებით, 8 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ მანამ, სანამ ხელისუფლება

2 ნოემბრის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებას არ აღიარებს. იმის მიუხედავად, რომ საგზაო პოლიციის მხრიდან გზების გადაკეტვის გამო, ნაციონალური მოძრაობის გულშემატკივრებმა რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, 8 ნოემბერს, შუადღის 4 საათისთვის, თბილისის მერიის შენობის წინ დაახლოებით 15 ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. როგორ ვითარდებოდა მოვლენები 8 ნოემბერს?

8 ნოემბერს დილიდან თბილისში პოლიციის და შინაგანი ჯარის ნაწილების სიმრავლე ადასტურებდა ხელისუფლების მზადებას შუადღისას თბილისის ცენტრში დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის. ძალოვანი სამინისტროების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები - პარლამენტი, პრეზიდენტის კანცელარია, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ტელერადიო კორპორაციის შენობა.
დანიშნულ დროს თბილისის მერიის წინ უამრავი ადამიანი შეიკრიბა - ნაციონალურ მოძრაობას შეუერთდა ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატებისა" და მოძრაობა "ერთობის" მხარდამჭერები. აქციის მონაწილენი შეძახილებით შეხვდნენ ერთიან ოპოზიციას, თუმცა, გულახდილად რომ ითქვას, მიტინგზე გამოსულთა პოზიციები საეჭვოს ხდიდა ოპოზიციის ერთიანობას. მაგალითად, თუ ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" პოზიცია უცვლელი გახლდათ - ისინი აცხადებდნენ, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა და, შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებენ არჩევნების შედეგს, ნაციონალური მოძრაობა კვლავ მოითხოვდა, ხელისუფლებას ეღიარებინა მათი გამარჯვება. მხოლოდ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დააყენებდა ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის გადადგომისა და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხს. ეს მოთხოვნა საღამოს 9 საათისთვის შეიცვალა, როცა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ, როგორც ჩანს, ხელისუფლება "გონს მოსვლას" არ აპირებს და, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას აყენებს.
აქვე შევნიშნავ, რომ 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინა დღის მონაცემები არ განუახლებია - 7 ნოემბრის მონაცემებით კი, არჩევნებში ლიდერობს "საქართველოს დემოკრატიული აღორძინების
კავშირი", მეორე და მესამე ადგილზე გადიან ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" და ბლოკი "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა." არაოფიციალური მონაცემებით კი, რამდენიმე უბნიდან შემოსულმა მონაცემებმა სიტუაცია შეცვალა და პირველ ადგილზე კვლავ სახელისუფლებო ბლოკია. თუმცა, გავიმეორებ, ეს არაოფიცილური მონაცემებია.
თბილისის მერიის წინ გამართული აქციის შემდეგ მრავალათასიანმა მშვიდობიანმა აქციამ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. საღამოს დაწყებული წვიმის მიუხედავად, აქციის მონაწილენი დაშლას არ გეგმავდნენ მანამ, სანამ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებდა. გეგმები ოდნავ მოგვიანებით შეიცვალა - ოპოზიციის ლიდერებმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდეს იმ ვარაუდით, რომ, აუცილებლობის შემთხვევაში, აქცია პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.
რაც შეეხება ხელისუფლებას - მთელი დღე ვრცელდებოდა ცნობები პრეზიდენტის კანცელარიაში მიმდინარე შეხვედრების შესახებ. გავრცელებული ცნობებით, სახელისუფლებო ბლოკის ლიდერებს შორის დაპირისპირება გრძელდება. თუ რადიკალურად განწყობილი ლიდერები დაუშვებლად მიიჩნევენ ოპოზიციასთნ რაიმე მოლაპარაკებაზე წასვლას, ლიბერალურად განწყობილნი პრეზიდენტის პოზიციას უჭერენ მხარს და ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამენ. თუმცა, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების თემა შეიძლება იყოს მხოლოდ პრეზიდენტის გადადგომა და ახალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა.
XS
SM
MD
LG