Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკმა სიღარიბის დაძლევის პროგრამა დაამტკიცა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი არჩევნებთან დაკავშირებული მღელვარების ფონზე ეკონომიკურმა მოვლენებმა უკანა პლანზე გადაიწია. იმაზე, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, დიდად არის დამოკიდებული,

ზოგადად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და, რაც მთავარია, საერთაშორისო ეკონომიკური საზოგადოების კეთილგანწყობის ხარისხი საქართველოს მიმართ.

შეჩერებული დაფინანსების, მკაცრი განცხადებებისა და ურთიერთობების ერთგვარი გაციების მიუხედავად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიჩენს პოლიტიკურ ნებას და სიტუაციის გამოსწორებისათვის რეალურ ნაბიჯებს გადადგამს. ალბათ, ამითაა განპირობებული ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ბოლო პერიოდში მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ.

კვირის ბოლოს მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭომ ვაშინგტონში გამართულ სხდომაზე "საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა" მოიწონა და დაამტკიცა.

ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას თქმით, ეკონომიკური განვითარების პროგრამას დონორებმა "მწვანე შუქი აუნთეს" და ახლა ყველაფერი საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებს იგი ამ პროგრამის განხორციელებას.

ვაშინგტონში პროგრამის განხილვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა და, საბედნიეროდ, პოზიტიური გადაწყვეტილებით დასრულდა, თუმცა გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოს მთავრობამ, რომელმაც წარმმართველი როლი უნდა ითამაშოს პროგრამის განხორციელების პროცესში, ძალისხმევა, პირველ რიგში, მმართველობის სფეროს გაუმჯობესებაზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საბიუჯეტო პროცესის სრულყოფაზე უნდა მიმართოს.

"საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამა" დაახლოებით ორი კვირის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭომაც განიხილა და მოიწონა.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება 2004 წლიდან დაიწყება, მისი დასრულება კი 2015 წლისთვის იგეგმება. ამ დოკუმენტის შემუშავებაში რამდენიმე ასეული ადამიანი და არასამთავრობო ორგანიზაცია იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის მიმართ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს და იგი თავისთავად ვერ იქცევა საქართველოსათვის პანაცეად, ქვეყნის ხელისუფლებას აქამდე ჯერ არ შეუქმნია ისეთი პროგრამა, რომელიც გაწერილი იქნებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში და გამოყოფილი იქნებოდა ღონისძიებათა გეგმა.
პროგრამა როგორც საქართველოს ბიუჯეტიდან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაფინანსდება. თუმცა, ბასილიას თქმით, დაფინანსების მხრივ დეფიციტი არსებობს, რის თაობაზეც საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან. მისივე თქმით, საკითხის დადებითად გადაწყვეტა იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებულად დაიწყება ამ პროგრამის განხორციელება ქვეყანაში.

ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება ამ პროგრამის ავტომატურ რეალიზაციას ან მის დაფინანსებაზე აპრიორი დასტურს არ გულისხმობს. ეს ყოველივე ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მეორე საფინანსო ინსტიტუტის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან მომავალ წელს პროგრამის დაფინასების აღდგენის დადებითად გადაწყვეტა. სავალუტო ფონდი ერთგვარი შუქურას ფუნქციას ასრულებს სხვა საერთაშორისო დონორებისათვის და, თუ ვერ მოხერხდა მათი რეკომენდაციების შესრულება და ურთიერთობების დარეგულირება, ძნელი წარმოსადგენია რომელიმე ორგანიზაციამ რაიმე პროგრამისათვის თანხები გამოგვიყოს.

ამ დღეებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ამ ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს დასკვნა საქართველოსთან განხორციელებული კონსულტაციების თაობაზე. ფონდის დირექტორები, მართალია, საკმაოდ დიპლომატიურად, მაგრამ ღიად მიგვითითებენ იმ პრობლემებზე, რაც ქართულ ეკონომიკაში არსებობს.
„ბიუჯეტში გარე წყაროებიდან და პრივატიზაციიდან დაგეგმილი შემოსავლების ოპტიმისტური პროგნოზი არ გამართლდა და წლის დასაწყისში საგადასახადო ღონისძიებების შესუსტებას შედეგად მოჰყვა მარტისა და ივნისის დავალიანებების მიზნობრივი მაჩვენებლების შეუსრულებლობა. აქციზიდან შემოსავლების მაჩვენებელი მეტად არასახარბიელო იყო - ვერ შესრულდა 2002-03 წლის კვარტალური მიზნობრივი მაჩვენებლები, რომლებიც დასახულ იქნა გადასახადების გადახდიდან თავის არიდების პრაქტიკის აღსაკვეთად. ამასთან ერთად, კორუფცია კვლავაც მძლავრობდა: ფანტავდა მწირ სახელმწიფო რესურსებს, აუარესებდა შემოსავლების განაწილების ისედაც არასახარბიელო მდგომარეობას, ზრდიდა ბიზნესის წარმოების ხარჯებს, და ასუსტებდა საზოგადოების ნდობას", აღნიშნულია ფონდის დირექტორთა საბჭოს დასკვნაში.
კორუფციის თემას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფონდის შეფასებებში - დირექტორებმა შეშფოთება გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოძალებული კორუფცია და გადასახადებისათვის თავის არიდება კვლავაც რჩება ბიუჯეტის მდგრადობისა და კერძო სექტორის განვითარების ყველაზე მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებად. კორუფციის ზრდის ნიშნების და იმ სავალალო შედეგების გათვალისწინებით, რაც აისახება ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ სისტემაზე, სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2003 წელს ხელისუფლების სტრატეგიაში მთავარი ადგილი უნდა დაიკავოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებმა, რათა მოხდეს მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერება და „ეკონომიკური განვითარებისა და სიღარიბის დაძლევის პროგრამით" გათვალისწინებული ამოცანების შესრულება.
ამდენად, პროგრამის დამტკიცების მიუხედავად, საფინანსო ინსტიტუტები თავის საკმაოდ მკაცრ პოზიციას აფიქსირებენ საქართველოში არსებული ფისკალური უსუსურობისა და ზღვარს გადასული კორუფციის გამო და, თუ ხელისუფლება არ გამოხატავს ამ პრობლემებთან რეალური ბრძოლის მყარ პოლიტიკურ ნებას, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დახმარების გაგრძელების დიდი იმედი აღარ უნდა გვქონდეს.
XS
SM
MD
LG