Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლები "ბურჯანაძე-დემოკრატებს" ბოიკოტირების ტაქტიკას უწონებენ


"ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერები საკუთარ პრინციპებს არ ღალატობენ და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას კვლავაც არარევოლუციური მეთოდებით აგრძელებენ.

ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ შეკრებაზე ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციურ პარტიებს არჩევნების შედეგების ბოიკოტირებისა და დეპუტატის მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდა. რას ფიქრობენ პროტესტის ამგვარ ფორმაზე ამომრჩევლები და რას ელიან ისინი?

არჩევნების დამთავრებიდან თითქმის ერთი კვირის თავზე "ბურჯანაძე-დემოკრატები" ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ამგვარ ტაქტიკას ირჩევენ: უარი დანიშნულ პარლამენტთან თანამშრომლობაზე, უარი დანიშნული ოპოზიციის როლში ყოფნაზე. გარდა ამგვარი ტაქტიკის შემუშავებისა, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე თანამებრძოლთა რიცხოვნების გაზრდაზეც ზრუნავს და ოპოზიციურ პარტიებს სამართლიანობის აღსადგენად შემდეგ გზას სთავაზობს:

[ნონო ბურჯანაძის ხმა] "ეს გზა არის ის, რომ არ ვცნოთ არჩევნები ჩატარებულად, არ ვცნოთ არჩევნების შედეგები. და გვინდა ვთხოვოთ ოპოზიციას, რომ ერთად ვიაროთ ამ გზაზე."

რას ფიქრობენ ბრძოლის ამგვარ ტაქტიკაზე რიგითი თბილისელები, ის ადამიანები რომლებმაც ხმა ოპოზიციურ პარტიებს მისცეს?
[მამაკაცის ხმა] "მე არ ვიცი, როგორ გადავწყვიტო ახლა. მე კი მივეცი ხმა, მართალია, მაგრამ ვერ გეტყვი, არ ვიცი..."
-
გამოდის, რომ თქვენი ხმა იკარგება?
"სხვების რომ დაიკარგა? აი, იმ სხვების ხმებისთვის ვიბრძვით ჩვენ. ჯობია ჩემიც დაიკარგოს, რა მნიშვნელობა აქვს?"
[მამაკაცის ხმა] "რა თქმა უნდა, მთავრობას თუ მეტი არ ესმის, ეს უკიდურესი ზომა უნდა გამოვიყენოთ, ალბათ. მეტი ფორმით არ შეგვიძლია ჩვენ, ხომ."

[მამაკაცის ხმა] "კი, რა თქმა უნდა, მეტი ჩვენ არანაირი გზა არ დაგვრჩენია."
[ქალბატონის ხმა] "ხმები უაზროდ არ დაიკარგება ამ შემთხვევაში. მე ამის მჯერა, ამ ხალხის გადაწყვეტილების მჯერა."

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებსაც უჭირთ პოლიტიკოსთა გულისნადების ბოლომდე გაგება:

[მამაკაცის ხმა] "ეს შეიძლება ახლა ემოციას აყოლილი არიან და ამ ეტაპზე, ალბათ, ასეა საჭირო. ბევრი რამე შეიცვლება, პოლიტიკაა ეს.. არ ვიცი, რატომ ითქვა და როგორ გადაწყდება."

"დემოკრატების" მხარდამჭერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ამგვარ მეთოდს მაშინ ექნება მეტი ეფექტი, როცა ბურჯანაძე-ჟვანიას მაგალითს სხვა პოლიტიკოსებიც გადაიღებენ.

[მამაკაცის ხმა] "მხოლოდ რა არის, იცით, უნდა ყველა გაერთიანდეს. აქ ახლა რამდენიმე ბლოკი განუდგა ამ აქციებს და ეს ღალატია, ღალატად მიმაჩნია... ყველა უნდა გაერთიანდეს, არავინ არ უნდა შევიდეს."

[ქალბატონის ხმა] "მთავარია, თითოეულმა ადამიანმა თავისი პროტესტი გამოთქვას: დემოკრატებს თავიანთი აზრი აქვთ, ნაციონალებს თავიანთი აზრი... რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ ყველა ოპოზიცია მდგარიყო ერთად, მაგრამ ხომ იცით ქართველების ამბავი - ამბიციები გვაწუხებს."

და ბოლოს, გეტყვით იმას, რომ ფილარმონიის შენობაში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებისთვისაც პროტესტის ნებისმიერი ფორმა მისაღებია და, იცით, რატომ?

[მამაკაცის ხმა] "მე ერთ რამეს გეტყვით: შევარდნაძე და ეს მთავრობა მეზიზღება - ამით დამთავრებულია ყველაფერი."
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG