Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია საკუთარი შეცდომის გამოსწორებას ცდილობს


არჩევნების შემდეგ, პირველსავე დღეებში, ოპოზიციის ორი სეგმენტი - ნაციონალური მოძრაობა და "ბურჯანაძე - დემოკრატების" ბლოკი - ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა. ის, რასაც საზოგადოება არჩევნების წინ ითხოვდა,

შესაძლებელი აღმოჩნდა მხოლოდ 2 ნოემბრის შემდეგ. ამ ნაბიჯით ოპოზიციამ ხელისუფლების ძალა აღიარა.

იმის მიუხედავად, რომ ზურაბ ჟვანიაც და მიხეილ სააკაშვილიც მრავალი წლის განმავლობაში პრეზიდენტის გუნდის წევრები იყვნენ, როგორც ჩანს, მათ ბოლომდე ვერ შეაფასეს ედუარდ შევარდნაძის საჯარო და ჩრდილოვანი შესაძლებლობები.

როდესაც საზოგადოება ოპოზიციის გაერთიანებას ითხოვდა, გულისხმობდა ნაციონალური მოძრაობის, "ბურჯანაძე-დემოკრატების" და ახალი მემარჯვენეების მიერ ერთიანი საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებას. მრავალი კონსულტაციისა და რამდენიმე სერიოზული მცდელობის მიუხედავად, ამ სამი სუბიექტის გაერთიანება ვერ მოხერხდა. რეალური მიზეზი ლიდერებს არ დაუსახელებიათ, მაგრამ მისი ამოცნობა საკმაოდ ადვილია - განსაკუთრებით ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების ფონზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგებაა. მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ორი გზით შეიძლებოდა მისვლა. პირველი გზა ის იყო, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანებულიყო საპარლამენტო არჩევნების წინ, ერთიანი ძალით დაემარცხებინა ხელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ დაყოფილიყო დაპირისპირებულ სეგმენტებად. ამ გზის არჩევით ოპოზიცია დაადასტურებდა, რომ მიმდინარე პოლიტიკური მომენტის მთავარი ამოცანა ხელისუფლების და, კერძოდ, შევარდნაძის დასუსტებაა.

მაგრამ ახალი თაობის ლიდერებმა მეორე გზა აირჩიეს. მეორე გზა კი გულისხმობდა, რომ 2 ნოემბერი, უპირველეს ყოვლისა, საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებელი ეტაპია. ეს ნიშნავდა, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებშივე უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს, რათა საკუთარი ძალა მოესინჯათ და საზოგადოების მხარდაჭერა ცალ-ცალკე აღენუსხათ; ესე იგი, ნიადაგი მოემზადებინათ 2005 წლისთვის.

დღეს უკვე ცხადია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ დაპირისპირებამ დაასუსტა ოპოზიცია და გააძლიერა ხელისუფლება. თითოეული პარტია, რომელმაც უარი თქვა ოპოზიციის გაერთიანებაზე, აღმოჩნდა, ერთი მხრივ, ხელისუფლების და, მეორე მხრივ, დანარჩენი ოპოზიციის წნეხის ქვეშ. არადა, საარჩევნო კამპანიის სხვადასხვა ეტაპზე გაერთიანებაზე უარი თქვეს ჯერ ახალმა მემარჯვენეებმა, შემდეგ - ნაციონალურმა მოძრაობამ და, ბოლოს, ბურჯანაძე-დემოკრატების ბლოკმა. თითოეული ოპოზიციური ლიდერი თანახმა იყო გაერთიანებაზე მაშინ, როდესაც შედარებით სუსტი პოზიციები ჰქონდა და უარს ამბობდა მაშინ, როცა საკუთარ შესაძლებლობებს სხვებზე აღმატებულად აფასებდა.

გამოდის, რომ დავით გამყრელიძეც, ბურჯანაძე-ჟვანიას ტანდემიც და მიხეილ სააკაშვილიც, წინასაარჩევნო პერიოდის გარკვეულ ეტაპზე, იმდენად წარმატებულად მიიჩნევდნენ საკუთარ პარტიას, რომ ერთდროულად აპირებდნენ როგორც შევარდნაძის, ისე ერთმანეთის უკან ჩამოტოვებას.

რაკი პრეზიდენტთან ყველაზე მეტად დაახლოებული პირი ზურაბ ჟვანია იყო და მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო შტაბსაც წლების მანძილზე იგი ხელმძღვანელობდა, ოპოზიციურ ლიდერებს შორის სწორედ მას უნდა გაეთვალა, რამდენად შესაძლებელი იყო ერთდროულად ხელისუფლების და ოპოზიციის დამარცხება ერთი რომელიმე პარტიის მიერ. სწორედ ზურაბ ჟვანია უნდა ყოფილიყო ის ლიდერი, რომელიც თავის სავარაუდო პარტნიორებს დაარწმუნებდა ხელისუფლების წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის აუცილებლობაში. ერთხანს "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკი, მართლაც, დაბეჯითებით მოუწოდებდა ოპოზიციას გაერთიანებისკენ და საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, როდესაც სოციოლოგიური კვლევები ნინო ბურჯანაძის ძალიან მაღალ რეიტინგს აჩვენებდა, "ახლებიც" და ნაციონალებიც კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ გაერთიანების მიზანშეწონილობაზე. სწორედ მაშინ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ბლოკმა ხელიდან გაუშვა, შესაძლოა, ისტორიული შანსი, რომ საკუთარ ინტერესებზე მაღლა საზოგადოების ინტერესი დაეყენებინა და პარტნიორებისთვის ის პირობები შეეთავაზებინა, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა.

საბოლოოდ, გაერთიანება არ შედგა და მივიღეთ ვითარება, როდესაც, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ხელისუფლება ძალიან ახლოს არის არჩევნების მოგებასთან. დღეს სააკაშვილიც და ჟვანიაც იძულებულნი არიან, აღიარონ შევარდნაძის ძალა, აღიარონ, რომ ცალ-ცალკე ვერაფერს გახდებიან მის წინააღმდეგ და ერთიანად დაუპირისპირდნენ მას. ოპოზიციამ ვერ გათვალა ვერც ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის ის პროცენტი, რაც დაადასტურა ექსით-პოლმა და ვერ გათვალა ვერც გაყალბების ის ხარისხი, რაც დაადასტურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებმა.

ხელისუფლების რეალური შესაძლებლობების გათვლა და აღიარება არჩევნების წინ რომ მომხდარიყო, უეჭველია, ოპოზიცია 2 ნოემბრამდე გაერთიანდებოდა და ქვეყანა ბევრ ამჟამინდელ პრობლემას თავიდან აიცილებდა.
XS
SM
MD
LG