Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ კვირის მიმოხილვაში, რომელიც თქვენთვის მოამზადეს


წამყვანი, თამარ ჩიქოვანი დღევანდელ კვირის მიმოხილვაში, რომელიც თქვენთვის მოამზადეს

ეკა წამალაშვილმა, ია ანთაძემ, დავით პაიჭაძემ, კობა ლიკლიკაძემ და მე, თამარ ჩიქოვანმა, გასულ კვირას განვითარებული მოვლენების მოკლე კალენდრის გარდა, გესაუბრებით იმის შესახებ, თუ რამდენად ერთიანია მძიმე სახელისუფლებო კრიზისში აღმოჩენილი ხელისუფლება; როგორ ცდილობს ოპოზიცია საკუთარი შეცდომის გამოსწორებას; როგორია შიდა და გარე ძალების ფაქტორი საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პასუხისმგებლობა საქართველოში შექმნილ სახელისუფლებო კრიზისში.



უკვე დღეს, 9 ნოემბერს, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ერთი კვირა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, უდავოდ, ყველაზე ბობოქარი 7 დღის სახელით შევა. მაშ ასე, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ბოლო ერთი კვირის მანძილზე:


3 ნოემბერი

მთელი დღის მანძილზე საინფორმაციო სააგენტოების მიერ ვრცელდება ცნობები კონკრეტულ უბნებში მომხდარი დარღვევების შესახებ. თუმცა ტრადიციულ რადიოინტერვიუში პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2 ნოემბრის არჩევნებმა, მანამდე ჩატარებულ არჩევნებთან შედარებით, ღიად და დემოკრატიულ ვითარებაში ჩაიარა.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები რეგიონებში გამართული პირველი საპროტესტო აქციების თაობაზე. კერძოდ, ხაშურში მოძრაობა "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" მაჟორიტარი კანდიდატის ვალერი გელაშვილის მომხრეები აპროტესტებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან არჩევნების შედეგის გაყალბების მცდელობას; ქუთაისში ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერები ხელს უშლიან საოლქო კომისიაში იმ 7 საარჩევნო უბნის მონაცემების შესვლას, რომელიც, მათი განცხადებით, გაყალბებულია სახელისუფლებო ბლოკის კანდიდატის დოდო შელიას სასარგებლოდ; გლდანი-ნაძალადევის გამგეობასთან საპროტესტო აქციას მართავენ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის გურამ შარაძის მომხრეები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საარჩევნო სიებში არ იყვნენ.
ვრცელდება არჩევნების პირველი მონაცემები - 50 უბნის შედეგებით. ცენტრალური საარჩევნო კომისია იუწყება, რომ 32 პროცენტით ლიდერობს სახელისუფლებო ბლოკი; მეორე ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა - 17,7 პროცენტი, ლეიბორისტები - 14, 6 % და ბლოკი "ბურჯანაძე დემოკრატები". განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს, 400 საარჩევნო უბნიდან მიღებულ პარალელური დათვლის შედეგებზე დაყრდნობით, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები". პირველ ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა -26.6 პროცენტი, სახელისუფლები ბლოკი - 20 პროცენტი, ლეიბორისტული პარტია - 17.37 პროცენტი, ბლოკი "ბურჯანაძე-დემოკრატები" - 10.15 პროცენტი, აღორძინება - 8.13 და ახალი მემარჯვენეები - 7.99 პროცენტი.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში სიწყნარეა, აქ სასწავლო პროცესი იშლება - არეულობის მოლოდინში, მშობლები შვილებს სკოლაში არ უშვებენ.
კეთდება 2 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების პირველი შეფასება: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯორჯ ფოლსომი არჩევნების ძირითად პრობლემად მიიჩნევს საარჩევნო კომისიის წევრთა მომზადების დაბალ დონეს და ამომრჩეველთა სიების უზუსტობას. მისივე განცხადებით, 2 ნოემბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ მთავრობამ და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბოლომდე ვერ შეძლეს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
" 2 ნოემბრის არჩევნებმა სააქრთველოში ვერ დააკმაყოფილა ეუთოს მიერ აღიარებული მთელი რიგი პრინციპები და სხვა საერთაშორისო სტანდარტები", - ეს უკვე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, საგანგებო კოორდინატორ ბრიუს ჯორჯის შეფასებაა.
2 ნოემბრის არჩევნების შედეგს აფასებს პარლამენტის თვმჯდომარე ნინო ბურჯანაძე. მისი განცხადებით, 2 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვა არა ოპოზიციამ, არამედ ხელისუფლებამ.
საღამოს გამართულ ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა. მისივე განცხადებით, ხელისუფლება უბნებიდან მოსული ოქმების მანიპულირებით ცდილობს შედეგების გაყალბებას, მაგრამ ეს მას არ გამოუვა.



4 ნოემბერი

ნინო ბურჯანაძე ხვდება ეუთოს წარმომადგენელს და ესაუბრება 2 ნოემბრის არჩევნებისას ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" წინააღმდეგ გამოყენებულ ხერხებზე. ქუთაისში თანამდებობას ტოვებს საოლქო კომისიის თვმჯდომარე კოტე თევდორაძე. მოტივი - ზეწოლა ოპოზიციური პარტიების მხრიდან.
თბილისში მოძრაობა "კმარა" იწყებს აქციას "დაიცავი შენი ხმა". ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, არჩევნებში ლიდერობს სახელისუფლებო ბლოკი.
შუადღისას თბილისის საკრებულოში მიდის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" მიერ არჩევნების შედეგების ბოიკოტირების შესაძლებლობის შესახებ აკეთებს პირველ განცხადებას. მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ აღიაროს ნაციონალური მოძრაობის და, ზოგადად, ოპოზიციის გამარჯვება.
ამომრჩევლის ხმების დასაცავად იქმნება ოპოზიციის ერთიანი ფრონტი, რომელშიც შედიან მიხეილ სააკაშვილი, ნინო ბურჯანაძე და ჯუმბერ პატიაშვილი. შუადღისას დიდ საკონცეტრო დარბაზში შეკრებილი ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" მომხრეები მზადყოფნას გამოთქვამენ, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამომრჩევლის ხმების დასაცავად დაწყებულ მოძრაობაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრები, რომლებიც 2 ნოემბერს მეთვალყურეებად იმყოფებოდნენ ქვემო ქართლსა და აჭარაში, აქ გამართულ არჩევნებს "თავხედობის უმაღლეს ხარისხად" აღიქვამენ და აცხადებენ, რომ ყველა სამართლებრივ გზას მიმართავენ ამ რეგიონებში არჩევნების შედეგების გასაუქმებლად.
თბილისის მერიის შენობის წინ "ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი" პირველ აქციას მართავს. აქციას არ უერთდებიან ახალი მემარჯვენეები და მრეწველები, რომელთა ლიდერების განცხადებითაც, ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს ელიან. "ერთიანი ფრონტის" წარმომადგენელთა ვარაუდით, ეს პარტიები ხელისუფლებასთან გარიგებით ცდილობენ 7 პროცენტიანი ბარიერის გადასალახავად აუცილებელი ხმების მიღებას. "ერთიანი ფრონტის" ლიდერები მათ მოუწოდებენ, დადგნენ ოპოზიციის გვერდით.
არჩევნების შემდეგ, პირველსავე დღეებში, ოპოზიციის ორი სეგმენტი - ნაციონალური მოძრაობა და ბურჯანაძე-დემოკრატების ბლოკი ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანდა. ის, რასაც საზოგადოება არჩევნების წინ ითხოვდა, შესაძლებელი აღმოჩნდა მხოლოდ 2 ნოემბრის შემდეგ. ია ანთაძის აზრით, ამ ნაბიჯით ოპოზიციამ ხელისუფლების ძალა აღიარა.





5 ნოემბერი

დილიდან ვრცელდება ცნობები, რომ ხელისუფლება ტრასებს კეტავს და ოპოზიციის მომხრეებს რეგიონიდან თბილისში დაგეგმილ მიტინგზე ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, კვლავ ლიდერობს სახელისუფლებო ბლოკი.
ბუშის ადმინისტრაცია დაინტერესებულია, რომ საქართველოში გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ ედამ ერლიმ. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ ბუშის ადმინისტრაცია ძალისხმევას მიმართავს ხმების სამართლიანი და დროული დათვლისთვის.
არჩევნებში გამარჯვებული ერთ-ერთი პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ არ შეუერთდება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს.

[შალვა, ჩართვა]

არჩევნებში მონაწილე ბლოკის "ეროვნული თანხმობა - იბერია გაბრწყინდება" ლიდერი გურამ აბსანძე აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შეუერთდება ქუჩის საპროტესტო აქციას, თუ დადგება პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა.
ვრცელდება ცნობები სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ იმ პირთა მიმართ, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ ძალისმიერი მეთოდების გამოყენების შესახებ აკეთებდა განცხადებებს. მოგვიანებით სისხლის სამართლის საქმის აღძრვას არ ადასტურებს არც გენერალური პროკურორი და არც თბილისის პროკურატურები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ნანა დევდარიანის განცხადებით, სავარაუდოდ, 7 პროცენტიან ბარიერს გადალახავს 5 პარტია - მათ შორის, ბურჯანაძე-დემოკრატები. დიდ საკონცეტრო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ჟვანია ნანა დევდარიანის ამ განცხადებას ხელისუფლებაზე გაერთიანებული ოპოზიციის პირველ გამარჯვებად აფასებს. ამავე შეხვედრაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, აღიაროს ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება. "ერთიანი ფრონტის" ლიდერები რეგიონებში გასვლას იწყებენ. პარალელურად, სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ოპოზიციასთან დიალოგის მზადყოფნას გამოთქვამს. აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თვმჯდომარე ასლაბ აბაშიძე ნაციონალურ მოძრაობას ფაშისტურს უწოდებს. აჭარიდან ჯერ არ შემოსულა არჩევნების შედეგები. ოპოციზია ხალხმრავალი მშვიდობიანი აქციის მომზადებას იწყებს.
2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, საზოგადოებას არ ტოვებს იმისი შიში, რომ მოვლენები, შესაძლოა, განვითარდეს 1991 წლის 21 დეკემბრის სცენარით და ქვეყანაში კვლავ სამოქალაქო დაპირისპირებამ იფეთქოს. პარასკევს, ზუგდიდის ცენტრში ნიღბიანი შეიარაღებული პირების მიერ მოწყობილი დარბევის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები დაუფარავად აცხადებენ, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად იხრება ძალისმიერი მეთოდებისკენ. მიტინგებზე გაისმის მოწოდებები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ, არ აღმართონ ხელი მშვიდობიან მომიტინგეებზე, თუკი ასეთი ბრძანება იქნება. ზოგიერთი ყოფილი სამხედრო და პოლიციელი უკვე შეუერთდა მომიტინგეთა მოთხოვნებს. შაბათს კი პირველად ითქვა, რომ როგორც 10 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, ხელისუფლებამ, შესაძლოა, დახმარებისთვის კვლავ გამოიყენოს რუსეთის სამხედრო ძალა. კობა ლიკლიკაძე შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად რეალურია სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოში.


6 ნოემბერი

სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერის ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მიერ გამართული პრესკონფერენცია მოწმობს, რომ სახელისუფლებო ბლოკში განხეთქილებაა. ირინა სარიშვილი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება გარიგებაზე წავა ოპოზიციასთან, იგი დატოვებს სახელისუფლებო ბლოკს, თუმცა უარს არ იტყვის სადეპუტატო მანდატზე.

[ირინა კობასთან]

აჭარის ტელევიზია გადმოსცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის ასლან აბაშიძის მიმართვას საქართველოს მოსახლეობისადმი. აჭარის ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და წინააღმდეგობა გაუწიოს კონფრონტაციას, რომელიც, შესაძლოა, გადაიზარდოს სამოქალაქო ომში, რომლის პროვოცირებასაც ცდილობენ ამბიციური პოლიტიკოსები. ცენტრალურ ხელისუფლებას ასლან აბაშიძე მოუწოდებს, "გამოიჩინოს სიმკაცრე და არ მისცეს ბრბოს სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებების უკანონოდ მიღების ნება."

"ერთობის" ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი ნაციონალურ მოძრაობას და ბურჯანაძე-დემოკრატებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და 2 ნოემბრის არჩევნების ბათილად ცნობას ითხოვს. აღორძინების თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ცოტნე ბაკურია მოითხოვს ყველა საარჩევნო ბიულეტენის გადათვლას, რადგან, მისი განცხადებით, აღორძინების მიერ მოპოვებული ხმები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არის გაყალბებული.
ცენტრალური საარჩევნო კომისია იღებს აჭარაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს. პირველ ადგილზე აღორძინება გადის. მიხეილ სააკაშვილი აჭარის ხელისუფლების ქმედებას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

[მიშა კობასთან]

აჭარის ხელმძღვანელობა სერიოზულ გამოწვევად მიიღებს ბათუმის ან ქობულეთის საარჩევნო ოლქების შედეგების ბათილად ცნობას, თუ ასეთი რამ მოხდება, და კიდევ, თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობაში ფიქრობენ, რომ აჭარის ამომრჩევლისთვის შეურაცხყოფა იქნება 2 ნოემბრის არჩევნების ჩაშლილად გამოცხადება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. თბილისში - როგორც აჭარის წარმომადგენლობაში, ისე სახელმწიფო კანცელარიაში - აჭარის დაკარგვის საშიშროებაზე ლაპარაკობენ.
საით მიჰყავს პროცესები ასლან აბაშიძეს?


7 ნოემბერი

გორში საოლქო კომისიამ ოფიციალურად გამოაცხადა ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება. დიდ საკონცერტო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე ბლოკ " ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერები აცხადებენ, რომ ვინაიდან საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა, ისინი უარს ამბობენ "დანიშნულ" პარლამენტში შესვლაზე და მოითხოვენ ხელახალი არჩევნების დანიშვნას.


ვითარება იძაბება ზუგდიდში, სადაც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ მიტინგზე ნიღბიანი პირების მხრიდან ატეხილი სროლისას დაიჭრა 1 ქალბატონი.
აღორძინება დიდ საკონცერტო დაბრაზში მხარდამჭერების შეხვედრას მართავს. აღორძინების დაპირებული მსვლელობა მომხრეთა სიმცირის გამო ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისვლით შემოიფარგლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ის გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად.
ტელევიზიით გამოდის პრეზიდენტი შევარდნაძე, რომელიც მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.


8 ნოემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს დაჩქარებული წესით ცვლილებები შეაქვს აჭარის კონსტიტუციაში და უფლებამოსილებებს უზრდის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელს.
საქართველოში გადაკეტილია ტრასები - პოლიციის კორდონები ოპოზიციის მომხრეებს თბილისში ჩამოსვლის საშუალებას არ აძლევენ.
საქართველოს საზოგადოებას მიმართავს საქართველოს კათალიკოს- პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოავლინონ კეთილი ნება და გადადგან ნაბიჯები ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.
თბილისში, მერიის შენობასთან, იმართება ხალხმრავალი მიტინგი. მიტინგის მონაწილეებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ - გადადგეს პრეზიდენტი. საპროტესტო აქციის მონაწილენი ამ მოთხოვნის შესრულებამდე არ აპირებენ დაშლას. მიტინგი მერიის შენობიდან პარლამენტის შენობისკენ ინაცვლებს.


9 ნოემბერი

დილით ცხრის ნახევარზე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მიდის საქართველოს პრეზიდენტი. აქციის მონაწილეები კვლავ მის გადადგომას მოითხოვენ. პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს შეხვედრას და დიალოგს სთავაზობს. თვდაპირველი თანხმობის შემდეგ ოპოზიციის ლიდერები უარს აცხადებენ პრეზიდენტის კანცელარიაში მისვლაზე და ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრის გამართვას ითხოვენ.
XS
SM
MD
LG