Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალადობისა და სამხედრო ძალის ფაქტორი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე


2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო მოძრაობის

მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, საზოგადოებას არ ტოვებს იმის შიში, რომ მოვლენები, შესაძლოა, განვითარდეს 1991 წლის 21 დეკემბრის სცენარით და ქვეყანაში კვლავ სამოქალაქო დაპირისპირებამ იფეთქოს. პარასკევს, ზუგდიდის ცენტრში ნიღბიანი შეიარაღებული პირების მიერ მოწყობილი დარბევის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები დაუფარავად აცხადებენ, რომ ხელისუფლება სულ უფრო მეტად იხრება ძალისმიერი მეთოდებისკენ. მიტინგებზე გაისმის მოწოდებები ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა მიმართ, არ აღმართონ ხელი მშვიდობიან მომიტინგეებზე, თუკი ასეთი ბრძანება იქნება. ზოგიერთი ყოფილი სამხედრო პირი და პოლიციელი უკვე შეუერთდა მომიტინგეთა მოთხოვნებს. შაბათს კი პირველად ითქვა, რომ როგორც 10 წლის წინ დასავლეთ საქართველოში, ხელისუფლებამ, შესაძლოა, დახმარებისთვის კვლავ გამოიყენოს რუსეთის სამხედრო ძალა.

2 ნოემბრის შემდეგ საქართველოს ქალაქებში დაწყებულ საპროტესტო აქციებზე ოპოზიციის ლიდერები ხშირად უმეორებენ მოსახლეობას, რომ არც ერთი სამხედრო უწყება და არც პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებს და მათ გვერდით დადგება. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი, რომლის მიმართ ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს, ასეთ მოწოდებებს პროვოკაციულს უწოდებს და აცხადებს, რომ სერიოზული ექსცესის შემთხვევაში, სამართალდამცველები ადეკვატურ ზომებს, მათ შორის, იარაღსაც გამოიყენებენ.

[კობა ნარჩემაშვილის ხმა] "ხელისუფლება ასეთ შემთხვევაში იტოვებს უფლებას, თუკი საფრთხე დაემუქრება მოქალაქეთა უსაფრთხოებას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გახდება შეუძლებელი, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა."(სტილი დაცულია)

რაც შეეხება განზე დგომას, რამდენიმე დღეა ოპოზიციის მოთხოვნებს შეუერთდა თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი და მცხეთის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატობის დეპუტატი დავით ზეიკიძე, რომლის მომხრეებსაც საარჩევნო უბანზე მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებენ. გადამდგარმა გენერალმა რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში განაცხადა, რომ პოლიციელთა უმრავლესობა მას გვერდით დაუდგება და არ აღმართავს ხელს საკუთარ ხალხზე.

[დავით ზეიკიძის ხმა] "მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციელთა 95 % ჩემს მხარეს არის. იმიტომ, რომ იციან, თუ ჩემს პერიოდში როგორი პატივისცემა ჰქონდა პოლიციას და როგორ იდგა მოსახლეობა მის გვერდით და დღეს რა მდგომარეობაა. დღეს აფურთხებენ პოლიციას, გააუბრალოეს, გააბინძურეს, გააბანძეს, ცოტა ხულიგნურ სიტყვას ვიტყვი. მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლიციას ვერ აიძულებენ ესენი, პოლიცია იარაღს ხელში არ აიღებს. ეს გამორიცხულია. "(სტილი დაცულია)

ერთკვირიანი მღელვარების დროს სრულ სიმშვიდეს ინარჩუნებენ შეიარაღებული ძალები. როგორც თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ტელეკომპანია "მზეს" განუცხადა, არმიას არ მიუღია ბრძანება გამოვიდეს ყაზარმებიდან ხელისუფლების დასაცავად. ამასთან, არმიის ხელმძღვანელობა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს უარი ეთქვას ბრძანების შესრულებაზე, როგორც ამას ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ.
თუმცა იმის მიმართ, რაც ხდება საქართველოში, ყველა სამხედრო როდია ნეიტრალური: შაბათს პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს შეუერთდა არტილერიის ჯარების ყოფილი სარდალი, აფხაზეთის ომის მონაწილე, ახალგაზრდა გენერალი ჯუმბერ ანანიძე, რომელიც დავით თევზაძის საკადრო პოლიტიკამ სამი წლის წინ უმუშევრად დატოვა. აჭარის მკვიდრმა გენერალმა სამუშაოზე უარი მიიღო ბათუმშიც, როგორც თავად ამბობს, იმის გამო, რომ იგი თურმე აფხაზეთის ომის მონაწილეა.

[გენერალ ჯუმბერ ანანიძის ხმა] "ხელფასები არ რიგდება, ხალხმა აკადემიები დაამთავრა. სანამ საქართველოში ცოდნა არ დაფასდება, ის, როგორც სახელმწიფო, ვერ იარსებებს. ეს აქსიომაა და ამას ჩვენ ვერ გავექცევით ვერსად. ეს სახელმწიფო კი მხოლოდ თავის კლანს ქმნის. ავიღოთ ნათესაობა - გინდ აქეთ იყოს და გინდ აჭარაში: იქით გოგიტიძე, აბაშიძე, აქეთ - შევარდნაძე, ჯოხთაბერიძე და ასე შემდეგ. კაცს რომ აირჩევენ ხელისუფლებაში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხი ემსახურებოდეს მას! ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ შეინარჩუნოს თავისი სკამები, თავისი თანამდებობები და ასე განაგრძონ კიდევ ათწლეულობით მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. ჩვენ სამხედრო პირები, მეომრები ძალინ ბევრი გვყავს და დადგებიან აქ - რა თქმა უნდა, შიშველი ხელებით - და გადაეფარებიან ხალხს, თუ რაიმე პროვოკაცია მოხდა ხელისუფლების მხრიდან."


გენერალი ჯუმბერ ანანიძე დარწმუნებულია, რომ სამხედროები არ წავლენ ხალხის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ იმასვე აცხადებდნენ ოპოზიციის ლიდერები მთელი ამ დღეების განმავლობაში, მაგრამ შაბათს პირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ, შესაძლოა, რუსეთის კრასნოდარის ოლქიდან სპეცდანიშნულების რაზმის, ე.წ. "ღამურების", მებრძოლები ჩამოიყვანოს. ეს ინფორმაცია თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჩვენთან საუბარში დაადასტურა:

[გიორგი ბარამიძის ხმა] "ხელთ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმის გამო, რომ ქართულმა ნაწილებმა უარი განუცხადეს შევარდნაძეს მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიანი დემონსტრაციის წინააღმდეგ რაიმე ძალისმიერი აქციის განხორციელებაში, საქართველოს ხელისუფლება დაუკავშირდა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, გამოიყოს ე.წ. "ლეტუჩი მიშების"("ღამურები"კ.ლ), სპეციალური დანიშნულების, რაზმი, რათა ამ რაზმმა მონაწილეობა მიიღოს, ქართველი ჯარისკაცების ნაცვლად, მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევაში, თუკი ამის საჭიროება გახდა მათთვის."

ეს რუსული ქვედანაყოფი, რომელზეც გიორგი ბარამიძე საუბრობს, 1991 წლის ზამთარში საქართველოს უზენაესი საბჭოს შენობის შტურმში ღებულობდა მონაწილეობას. თუმცა თავად "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერი, პარლამენტის სპიკერი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც სახელისუფლებო ბლოკის სპიკერი ირინა სარიშვილი-ჭანტურია რუსეთის სპეცსამსახურთან თანამშრომლობას აბრალებდა, უცხო ძალის გამოყენების შესაძლებლობას არარეალურად მიიჩნევს:

[ნინო ბურჯანაძის ხმა ] "ნუ, არა მგონია, იცით. მე, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი წარმოდგენისა ვარ ჩვენს ხელისუფლებაზე, მაგრამ მთლად ასე რომ იყოს საქმე, რომ რუსეთიდან ჩამოიყვანონ ძალები ჩვენ დასარბევად, არა მგონია. ახლა მთლად ასე თუ გაგიჟდა ხელისუფლება, მაშინ, ეტყობა, სააკაშვილის მოთხოვნასთან მოგვიწევს შეერთება."

კვირის ბოლოს თავისი ჩაურევლობის შესახებ განცხადება გააკეთა პოლიტიკურმა მოძრაობა "მხედრიონმა", რომელმაც 12 წლის წინ გადამწყვეტი როლი შეასრულა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში. ,,მხედრიონის" ერთ-ერთი ლიდერი დოდო გუგეშაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებაში ორგანიზაციის წევრები არ ჩაერევიან. როგორც დოდო გუგეშაშვილმა "პრაიმ-ნიუსს" უთხრა, ,,მხედრიონი" მხარს არ დაუჭერს ძალებს, რომლებსაც სისხლისღვრა სურთ, - ის სიტუაციის ნებისმიერი ესკალაციის წინააღმდეგია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG