Accessibility links

logo-print

ინტელიგენციის მოსყიდვა საქართველოში ყოველთვის ძალაუფლების


ინტელიგენციის მოსყიდვა საქართველოში ყოველთვის ძალაუფლების

შენარჩუნების საუკეთესო საშუალებად მიაჩნდათ. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას ვერავინ დაამხობდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტი ინტელიგენციასთან კონფრონტაციაზე რომ არ წასულიყო. იმხანად ინტელიგენციამ - ზვიად გამსახურდიას მომხრეების შეფასებით, "წითელმა ინტელიგენციამ" - საქართველოში ედუარდ შევარდნაძის დაბრუნებისთვის იზრუნა. ზოგიერთი მათგანი დღეს შევარდნაძის ოპოზიციაშია. მაგრამ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ყველაზე კარგად იცნობს ჩვენს ინტელიგენციას, იცის, რომ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ ელიტას რადიკალური ცვლილებების ყოველთვის ეშინოდა - კომფორტსა და კეთილდღეობაზე უარს არასდროს ამბობდა. დღეს მას, შესაძლოა, აღარ აკმაყოფილებს "ფოჩიანი კანფეტები", მაგრამ მარგინალიზაციას, ანუ "იატაკქვეშეთში" წასვლას, ქართული კულტურის მუშაკთა უმრავლესობა კვლავაც ვერ ეგუება.

გასული კვირის მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქართველოს ინტელიგენცია დღეს არჩევანს ისევ ვერ აკეთებს, რადგან ჯერ არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი მხრივ, რცხვენია ღიად დაუჭიროს მხარი ხელისუფლებას, მეორე მხრივ, ვერც იმას უჭერს მხარს, ვინც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მას "წითელ ინტელიგენციას" უწოდებს. ამიტომაცაა, ალბათ, რომ გასულ კვირას საკმაოდ ბუნდოვანი იყო რობერტ სტურუას გამოსვლა ტელევიზიით... დიდმა რეჟისორმა, როგორც იტყვიან, "არც მწვადი დაწვა და არც შამფური"... სხვები, რამაზ ჩხიკვაძეს, გიგა ლორთქიფანიძეს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერ რამდენიმე ადამიანს თუ არ ჩავთვლით, საერთოდ დაიმალნენ. ან რადიკალურად შეცვალეს პოზიცია... რამდენიმე თვის წინ სოფიკო ჭიაურელი ღიად უჭერდა მხარს ნინო ბურჯანაძეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბურჯანაძე ღიად დაუპირისპირდა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის სპიკერის გვერდით ვერც სოფიკო ჭიაურელი ვიხილეთ და ვერც ქართული კულტურის ის მუშაკები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბურჯანაძეს ოვაციებით ხვდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი დღეს, სახელმწიფო ტელევიზიით, კატეგორიულად გმობს ქუჩის აქციებს და ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს მშვიდობიან დემონსტრაციასა და სამოქალაქო ომს. მოკლედ, ქართული კულტურის მუშაკთა უმრავლესობა ისევ იქაა, სადაც სიმშვიდე სუფევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიმშვიდეში დროდადრო ბაყაყების ყიყინი ისმის ხოლმე.

ქართულ ინტელიგენციას "ფოჩიანი კანფეტები" აღარ აკმაყოფილებს, მაგრამ პრემიებსა და ფულად ჯილდოებზე უარს კვლავაც ვერ ამბობს. არჩევნებამდე ერთი-ორი დღით ადრე კი ხელისუფლებამ მრავალი ასეთი პრემია გასცა. ედუარდ შევარდნაძემ პირადად მიიღო მონაწილეობა თბილისელის საპატიო წოდებისა და თბილისის ერთგულების მედლის გადაცემის ცერემონიალში. სხვებთან ერთად, თბილისელის საპატიო წოდება მიენიჭა შევარდნაძის ერთგულ პოეტს რეზო ამაშუკელს. ცერემონიალს ყველა ლაურეატი დაესწრო, მათ შორის, საქართველოს სახალხო არტისტი ბორის წიფურია, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ალბერტ თავხელიძე, მომღერალი ედუარდ სეფაშვილი...

ხელისუფლებას, როგორც ჩანს, სჯეროდა, რომ ის ხალხი, ვინც პრემიებით დააჯილდოვა, მეორე დღეს, არჩევნებზე, აუცილებლად ბლოკ "ახალ საქართველოს" მისცემდა ხმას... ზემოთ ჩამოთვლილ ინტელიგენტთა ერთგულებაში ედუარდ შევარდნაძეს ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ არჩევნების წინ "ახალ საქართველოს" ახალგაზრდების ხმებიც სჭირდებოდა. ხელისუფლება, კერძოდ კი, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი ერთ-ერთ ასეთ კონკურსს - "წინანდლის პრემიას" - "აფინანსებს"... წლევანდელი პრემიების გადაცემის ცერემონიალიც არჩევნებამდე მოეწყო. ედუარდ შევარდნაძე უნდა დარწმუნებულიყო, რომ მას ახალგაზრდა შემოქმედებშიც აქვს დასაყრდენი. ოპერაში მიბრძანებულ პრეზიდენტს ახალგაზრდები ცეკვა-სიმღერით დახვდნენ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ორგანიზატორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. გამოვლინდნენ გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში. 3 ათასი ლარი გადაეცათ 2003 წლის წინანდლის პრემიების ლაურეატებს - ავთანდილ გურგენიძეს (სახვით ხელოვნებაში), თეონა ბექიშვილს (პოეზიაში), გიორგი ყიფშიძეს (კინოსა და თეატრის დარგში), ანსამბლ "როკვას", ირაკლი წულაძეს (ახალგაზრდულ თემაზე შექმნილი ნაწარმოებისთვის), გიორგი ონიანსა და ნატო მეტონიძეს (მუსიკის დარგში), ზაზა ბურჭულაძეს (პროზაში)... პრემია ყველამ მიიღო და ყველამ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს. თუმცა ეს "სამადლობელო სიტყვა" ყველაზე მოკლედ ზაზა ბურჭულაძემ, წლის, შეიძლება ითქვას, სენსაციური ნაწარმოების "მინერალური ჯაზის" ავტორმა წარმოთქვა:


[წინანდლის პრემიების გადაცემა. ზაზა ბურჭულაძის ხმა]
"მადლობთ."

წინანდლის პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალის ორგანიზატორებმა, როგორც ჩანს, არ იცოდნენ, ვის გადასცემდნენ სახელმწიფო ჯილდოს ედუარდ შევარდნაძის თანდასწრებით. წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ზაზა ბურჭულაძე ახლა უკვე სახელგანთქმული "ლიტერატურული პროვოკატორია", რომლის მოთხრობა "სიმფსონები" უფრო მძლავრი პროტესტია "ბაყაყების ყიყინის" მიმართ, ვიდრე ოპოზიციის მრავალათასიანი მიტინგები რუსთაველის პროსპექტზე. მოგვიანებით ზაზა ბურჭულაძე ასეთ კომენტარს გაუკეთებს თავის მისვლას ოპერის თეატრში და სახელმწიფო ჯილდოს მიღებას:

[ზაზა ბურჭულაძის ხმა] "სულ სხვა რამის თქმას ვაპირებდი...დოჩანაშვილს აღარ უნდა ეთქვა, გააგრძელა, დიდი მადლობა ამ ხელისუფლებას და ა.შ... ყველას ახსოვს რუსთაველი მანიაკი. წარმოვიდგინოთ, რომ რუსთაველი მანიაკი თურმე წერდა საგალობლებს და ილია მეორემ გადასცეს ამისთვის ჯილდო... ჩემთვის ამ ჯილდოს გადაცემა ასევე არარეალური იყო... ეს იყო ფული, რომელიც ამ ხელისუფლებამ წამართვა. ეს იყო თქვენი და ჩემი კუთვნილი ფული, მეტი არაფერი."


ჯილდოს გადაცემა არარეალური იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა თქვა იმაზე, რასაც გაძლევენ... მით უმეტეს, რომ "ის, რასაც გაძლევენ, მაინც შენ გეკუთვნის"... ასეთია ახალგაზრდა ქართველი მწერლის ლოგიკა. ზაზა ბურჭულაძისთვის წინანდლის პრემიის გადაცემას დღეს ხელისუფლება, შესაძლოა, თავის შეცდომად მიიჩნევს. შესაძლოა, "დაისაჯონ" კიდეც ის ადამიანები, ვისაც თავში მოუვიდა ეს იდეა... მაგრამ ქართული კულტურის ისტორიისთვის წინანდლის წლევანდელი პრემიებით დაჯილდოების ცერემონიალი მაინც "სასარგებლო ფაქტი" იქნება... ეს ამბავი ხელისუფლებას გაახსენებს, რომ იგი ვალდებულიცაა ხელი შეუწყოს ნიჭიერი ადამიანების მოღვაწეობას, მათი შემოქმედების პროპაგანდას, მაშინაც კი (და შეიძლება განსაკუთრებით მაშინ), როცა ამ ადამიანების მსოფლმხედველობა, მათი პოზიცია ხელისუფლების მსოფლმხედველობას არ ემთხვევა.

ჯერ კიდევ შარშან ბიძინა კვერნაძემ ღიად, ტელეკამერების თვალწინ, მხარი დაუჭირა ოპოზიციას და, ფაქტობრივად, გაემიჯნა საქართველოს ხელისუფლებას. მიუხედავად ამისა, ერთი კვირის წინ ხელისუფლება დათანხმდა ფილარმინიის წინ ბიძინა კვერნაძის ვარსკვლავის გახსნაზე. შემოქმედებითი საღამო, რომელიც ცნობილმა ქართველმა კომპოზიტორმა თბილისობის დღესასწაულზე გამართა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დედაქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.


[ხმა: ბიძინა კვერნაძის საღამო]

გასული კვირის მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან, შეიძლება ითქვას, "კრიტიკულ დღეებში" ქართული ინტელიგენცია საჯარო განცხადებებს ერიდება... მათ შორის, ერიდება ღიად დაუჭიროს მხარი ხელისუფლებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინტელიგენცია საქართველოში ფერს იცვლის. "წითელი" აღარაა... რა ფერისაა იგი, ამას უახლოეს ხანში შევიტყობთ.
XS
SM
MD
LG