Accessibility links

logo-print

ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის"


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის",

დღევანდელი გამოშვება საიუბილეოა. გადაცემის პირველ ნახევარში ვისაუბრებთ იუბილარზე, რომელიც ფილმის დრამატურგიაზე აგებს პასუხს, "ოქროს საუკუნის" მეორე ნახევარში კი - ფილმზე, რომლის პრემიერიდან 40 წელი გავიდა. გიორგი შენგელაიას "ალავერდობასთან" ჩვენს იუბილარს, კინოდრამატურგ ერლომ ახვლედიანს, პირდაპირი კავშირი არა აქვს, მაგრამ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით გადაღებულ "ალავერდობას" და ერლომ ახვლედიანს, რომელსაც 23 ნოემბერს 70 წელი შეუსრულდება, 60-იანელთა თაობის იდეალები აერთიანებს.

60-იანი წლების დასაწყისში, როცა საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილმა ისტორიკოსმა ერლომ ახვლედიანმა იმხანად ასევე ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა კინორეჟისორს ოთარ იოსელიანს სცენარი დაუწერა მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "აპრილი", ქართული კინოდრამატურგიის დღეს უკვე აღიარებულ ოსტატს კინოსთან არაფერი აკავშირებდა. ერლომ ახვლედიანის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ "აპრილი" ცენზურამ თაროზე შემოდო, მერე კი ფირი გაანადგურა. მაგრამ საზოგადოება მაშინვე ალაპარაკდა ახალგაზრდა დრამატურგზე, რომელმაც ამასობაში მოსკოვში ახლად გახსნილი უმაღლესი სასცენარო კურსების დამთავრება მოასწრო, ცოტა ხანში კი ასევე ახლად გახსნილ საქართველოს ტელეფილმების სტუდიას ჩაუდგა სათავეში. საბჭოთა კინობიუროკრატიულ სისტემაში ტელეფილმების სტუდია "ნონსენსად" ითვლებოდა; ტელევიზიაში გადასაღები ფილმების სცენარებს მოსკოვის "ვიზა" არ სჭირდებოდა. ტელეფილმების სტუდიის შედარებითი დამოუკიდებლობა კარგად აისახა იმ კინოპროექტებში, რომელიც აქ ერლომ ახვლედიანის მუშაობის დროს, 70-იან წლებში, განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი ფილმია ერლომ ახვლედიანის სცენარის მიხედვით გადაღებული დიმიტრი ბათიაშვილის "არასერიოზული კაცი" - ქართველ 60-იანელთა თავისებური ნონკონფორმისტული მანიფესტი ბრეჟნევის ეპოქაში, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ ცეცხლით და მახვილით დაუწყო ბრძოლა ნონკონფორმისტთა იდეალებს.

ამ იდეალებისთვის ერლომ ახვლედიანს არასდროს უღალატია - არც თავის წიგნებში, უპირველეს ყოვლისა, "ვანო და ნიკოში", რომელიც, სხვათა შორის, უნგრელმა რეჟისორმა პიტერ მესაროშმა გადაიტანა ფირზე, და არც კინოსცენარებში. ერლომ ახვლედიანის სცენარის მიხედვით გადაღებულ იმ ფილმებშიც, რომელსაც ხელისუფლება უპრობლემოდ უშვებდა ეკრანებზე, თუნდაც ლანა ღოღობერიძის სურათში "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე", პროპაგანდისტულ-იდეოლოგიურ მოტივებს ვერსად აღმოაჩენდით. 15 ქართული ფილმის სცენარის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის, ფილმებისა "ივანე კოტორაშვილის ამბავი", "გზა შინისაკენ", "ძნელი დასაწყისი" - ერლომ ახვლედიანი ყოველთვის ამძაფრებდა ზნეობრივ პრობლემატიკას, ამკვიდრებდა ზნეობრივ ფასეულობებს, რომლის წაშლა ყველაზე უზნეო იდეოლოგიამაც კი ვერ მოახერხა. საბჭოთა კავშირში ათეიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ, ერლომ ახვლედიანი კი ქრისტიანული ცხოვრების წესს ქადაგებდა - ზოგჯერ სწორხაზოვნად, ზოგჯერ კი, როგორც, მაგალითად, მერაბ კოკოჩაშვილის ფილმში "ცხელი ზაფხულის სამი დღე", კონტრაპუნქტზე დაყრდნობით: ავტორი სთავაზობდა მაყურებელს თავად აერჩია ცხოვრების და, თუ გნებავთ, ბოროტების სისტემასთან ბრძოლის გზა... ოღონდ ეს ბრძოლა აუცილებლად ზნეობის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, ქრისტიანული მორჩილების საზღვრებში.

ამ თვალსაზრისით, ერლომ ახვლედიანის შემოქმედება ქართველ და, საერთოდ, საბჭოთა სამოციანელთა ეტალონადაც კი შეიძლება მოვიაზროთ. დასავლელი სამოციანელებისგან განსხვავებით, "ჩვენებს" ჩე-გევარას მაისურები არ ჩაუცვამთ, არც ჩინური "კულტურული რევოლუციის" მიმართ გამოუხატავთ სიმპათიები, არც ვილჰემ რაიჰი გამოუცხადებიათ იდეალად. "ცხელი ზაფხულის სამ დღეში" ერლომ ახვლედიანი, დავით ჯავახიშვილი და მერაბ კოკოჩაშვილი "კონტრაპუნქტს" კი გვთავაზობენ, მაგრამ ფილმის ბოლომდე მაინც ინარჩუნებენ დისტანციას სურათის ახალგაზრდა გმირის, "ქართველი 80-იანელის", სტუდენტ თამრიკოს მიმართ... "ბოროტების სისტემასთან" რადიკალური ფორმით ბრძოლა მათთვის მიუღებელი რჩება; მათ სწამთ, რომ ქვეყნის გადარჩენა ერთადერთი იარაღით - ზნეობითაა შესაძლებელი.

ერლომ ახვლედიანს ქართულ კინოში მრავალი თანამოაზრე ჰყავდა, მაგრამ ყველაზე უკეთ მას მაინც გიორგი შენგელაიამ გაუგო. ახვლედიანი მისი საუკეთესო ფილმების "ფიროსმანისა" და "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობის" სცენარის ავტორია. "ფიროსმანი" 60-იან წლებშია გადაღებული, როცა "რომანტიზმის ეპიდემიამ" მთელი საბჭოთა სივრცე მოიცვა, "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა" - 80-იანი წლების დასაწყისში, როცა მოახლოებულ ისტორიულ კატაკლიზმებს ჩვენში ჯერ არავინ გრძნობდა. პირველი ფილმის გმირი მხატვარია, მეორე სურათისა კი - ახალგაზრდა კომპოზიტორი. სხვადასხვა დროს შექმნილ ამ ფილმებში ქართველი "60-იანელები" თავიანთი მესიანური იდეის ერთგულნი რჩებიან - სამყარო სილამაზემ უნდა იხსნას, ისტორიის წარმმართველი მხოლოდ და მხოლოდ ინტელიგენტი უნდა იყოს.

40 წლის წინ, როცა ეკრანებზე გიორგი შენგელაიას "ალავერდობა" გამოვიდა, ერლომ ახვლედიანი მოსკოვში, უმაღლეს სასცენარო კურსებზე, სწავლობდა. მან, ისევე როგორც 60-იანი წლების მთელმა ქართულმა ინტელიგენციამ, უყოყმანოდ მიიღო გურამ რჩეულიშვილისა და გიორგი შენგელაიას გმირი, შეიძლება ითქვას, ალავერდის ტაძართან მოვლენილი მესია, რომელიც ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობაზე, ტრადიციის არსზე, ადამიანის მოვალეობაზე იწყებს განსჯას.

[პირველი ნაწილის დასასრული]

[ხმა: "ალავერდობის" ფრაგმენტი]

"თანდათან ვივსები ჟინით", "წამით მაინც გამოვაფხიზლებ მათ მოდუნებულ ვნებას" - "ალავერდობის" გმირის მონოლოგი იმდენად ტიპიურია საბჭოთა "სამოციანელებისთვის", რომ ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ავტორებად შეიძლება მოვიაზროთ არა მარტო რევაზ ინანიშვილი, რომელმაც "ალავერდობის" სცენარი დაწერა, არა მარტო მხატვარი გოგი ოჩიაური და კომპოზიტორი ფელიქს ღლონტი, ქართული ავანგარდული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, არა მარტო მთავარი როლის შემსრულებელი გეიდარ ფალავანდიშვილი, სილამაზისა და ვაჟკაცობის იმდროინდელი ეტალონი... ასეთ მონოლოგს, სხვადასხვა ფორმით - ლექსი იქნებოდა ეს, ფილმი თუ მხატვრების გამოფენა, რომელსაც ერთხელ ხრუშჩოვის ხელისუფლების ბულდოზერმა გადაუარა - იმხანად ყველა ხელოვანი წარმოთქვამდა. მაგრამ გიორგი შენგელაიამ ქართულ კინოში სხვებს დაასწრო. მისი გურამი დროებით ურღვევს კომფორტს დეგრადირებულ ბრბოს, აფხიზლებს მიძინებულ მასას - ყველაზე საშიშ, ყველაზე სასტიკ ძალას... ხრუშჩოვის ბულდოზერებზე უფრო ძლიერსა და ულმობელს... ალავერდის ტაძრის გუმბათზე ადის, იქიდან გადმოსძახებს ქვეყანას, რომელსაც არაფერი ადარდებს.

[ხმა. "ალავერდობის" ფრაგმენტი]

"ვნების სიმძაფრე შენებაშია" - ამას ამტკიცებდნენ განუწყვეტლივ ქართველი, რუსი, უკრაინელი, სომეხი "სამოციანელები". რუსები - ციმბირის ასათვისებლად მიემგზავრებოდნენ, ამჯერად საკუთარი ნებით, რათა რაც შეიძლება დიდი სივრცე დაეპყროთ და ამგვარად დაეკმაყოფილბინათ "შენების ჟინი"... ქართველი გურამისთვისაც ვიწროა ცხოვრების სივრცე - იგი ცხენის ჯირითით არღვევს შეზღუდულ რეალობას, საპყრობილეს, რომელშიც სისტემამ მოაქცია ადამიანები. საპყრობილიდან განთავისუფლების ეს სახე ნელ-ნელა მკვიდრდებოდა საბჭოთა კულტურაში. მაგრამ 60-იანელთა "ჯირითი" დიდხანს არ გაგრძელებულა. ხრუშჩოვის მოხსნისა და პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლის შემდეგ "ოტტეპელის" ეპოქას ბზარი გაუჩნდა. 70-იან წლებში ცხენის ჯირითით სისტემის გარღვევას მხოლოდ დისიდენტები ბედავდნენ. გურამ რჩეულიშვილი ცოცხალი აღარ იყო. "ალავერდობის" ავტორი კი "ვერის უბნის მელოდიებს" იღებდა. "ნუ იქნება ოღონდ ბუნტი!" - დაუჩემებია ამ ფილმში პოლიციელს, რომლის როლსაც დოდო აბაშიძე ასრულებს. მაგრამ ბუნტზე იმხანად არც არავინ ფიქრობდა. მათ შორის, არც ქართველი "სამოციანელები", რომელთაც დღემდე სწამთ, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია" და არამც და არამც ბუნტსა და ნგრევაში.
XS
SM
MD
LG