Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგლისურენოვანი პრესა საქართველოში არსებულ ვითარებაზე


ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ბოლომდე გასაგები საქართველოს ბევრი მოქალაქისთვისაც არ არის, არათუ უცხო თვალისთვის. ამდენად კვლავ საყურადღებოდ მივიჩნიეთ იმ სურათის წარმოჩენა, რასაც უცხოეთის პრესა

ხატავს. რა ხდება უცხოელ ჟურნალისტთა აზრით საქართველოში?

ვითარების ცვალებადობა და ერთგვარი ბუნდოვანება უცხოელ ჟურნალისტებს აიძულებს უფრო მეტად მეთვალყურეთა როლში იყვნენ და ნაკლებად მიმართონ პროგნოზებსა და ვარაუდებს. ამას, ალბათ, ისიც განაპირობებს, რომ დასავლეთის პრესის ნახევარი ეყრდნობა იმ კორესპონდენტთა მასალებს, რომლებიც არა საქართველოში, არამედ მოსკოვში იმყოფებიან. და მაინც, უცხოეთის პრესა შეფასებას ბოლომდე გვერდს ვერ უვლის. აქვე დასავლეთის პრესის კიდევ ერთი საერთო ნიშნის შესახებ - საქართველოს პრეზიდენტის მოხსენიებისას, ყველა ავტორი თავს ვალდებულად თვლის მკითხველს შეახსენოს, რომ ის საბჭოთა კავშირის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

10 ნოემბრის "ინდეპენდენტი" წერს: "ბატონმა შევარდნაძემ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გუშინ დილით მის მიმართ მტრულად განწყობილ ხალხში შევიდა, რომ დემონსტრანტებს პირისპირ გასაუბრებოდა. ეს იყო გაბედული ნაბიჯი კაცისგან, რომელიც ბოლო ათი წლის მანძილზე ორ ტერაქტს გადაურჩა. მაგრამ ეს იყო იმის ნიშანიც თუ რაზე შეიძლება წავიდეს კაცი, რომელსაც "თეთრ მელას" უძახიან, საკუთარი პოსტის შესანარჩუნებლად."

"ინდეპენდენტის" იმავე სტატიაში, რომელიც ქლო არნოლდს ეკუთვნის, საქართველოში არსებული ვითარების საილუსტრაციოდ მოტანილია თბილისის უპატრონო ბავშვთა ერთ-ერთი სახლის დირექტორის მაგალითი, რომელსაც 120 ბავშვზე აკისრია პასუხისმგებლობა, 23 წელიწადია ამ თანამდებობაზე მუშაობს და რომლის ხელფასიც 40 ლარს შეადგენს. ამასთან უპატრონო ბავშვთა სახლის დირექტორი ნონა მაღრაძე "ინდეპენდენტის" კორესპონდენტთან საუბრისას იმასაც ამბობს, რომ სახლში მყოფ ბავშვთა უმრავლესობას მშობლები ჰყავთ, მაგრამ მათი გამოკვება არ შეუძლიათ და ისევ სახელმწიფოს მწირი სახსრების ამარა ურჩევნიათ შვილების მიტოვება. მწირი სახსრები კი დღეში ერთ ულუფა ცხელ საჭმელსა და სხვებისგან სამადლოდ გაღებულ ტანსაცმელს გულისხმობს. და კიდევ ერთი ამონარიდი იმავე ბრიტანული გაზეთიდან, სადაც მოყვანილია მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის გია ნოდიას სიტყვები: "მას გადარჩენის განსაკუთრებული უნარი აქვს. 1993 წლიდან დღემდე ის არასდროს ყოფილა ასე ახლოს ძალაუფლების დაკარგვასთან".

ამერიკული "ლოს ანჟელეს ტაიმსი" კი საქართველოში 9 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ, კერძოდ პრეზიდენტ შევარდნაძის ხალხთან შეხვედრის შესახებ წერს: "თითოეული მხარე შეეცადა შექმნილი კონფლიქტური ვითარებიდან (იგულისხმება ის დაძაბული ფონი, რაც შევარდნაძის დემონსტრანტებთან მისვლას ახლდა თან- ნ.გ.) სარგებელი დაენახა. შევარდნაძემ მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "შეხვედრისას სხვადასხვაგვარი განწყობა გამოიკვეთა. ზოგიერთის განწყობა მკვეთრი იყო, ზოგიერთთან საუბარი კი სრულიად შესაძლებელი იყო". შევარდნაძის გამოჩენა სააკაშვილმა პრეზიდენტის მხრიდან კამერების წინ გამოჩენისთვის ჩატარებულ ტრიუკად მონათლა".

ყოველდღიური გაზეთი "ტაიმსი" ორშაბათის ნომერში წერს, რომ "საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციები ყველაზე მასშტაბურია ათიწლისწინანდელი დემონსტრაციების შემდეგ, რომელიც მაშინ შევარდნაძის ხელისუფლებაში მოყვანით დასრულდა. დემონსტრანტები არჩევნების შედეგების გაყალბებას შევარდნაძის მორიგ მარცხად მიიჩნევენ, გარდა იმისა, რომ მან არ შეასრულა დანაპირები ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით", - წერს ორშაბათის "ტაიმსი".
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG