Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს საქართველოს მთავრობაში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი მაშინ, როცა ბათუმში, ღია ცის ქვეშ, ბათუმელები მხარდაჭერას გამოთქვამდნენ პრეზიდენტ შევარდნაძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის მიმართ, თბილისში, წვიმიანი ამინდის მიუხედავად,

პარლამენტის შენობის წინ გრძელდებოდა ნაციონალური მოძრაობისა და ბლოკ " ბურჯანაძე-დემოკრატების" მხარდამჭერთა აქცია. აქციის ერთადერთ მოთხოვნად პრეზიდენტის გადადგომა და ახალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა რჩება.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებისთვის თვალის მიდევნება ნებისმიერ ადამიანს სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლია საქართველოს ტელეკომპანიების დახმარებით. სხვა საკითხია, თუ რა ხდება სახელმწიფო კანცელარიის შენობაში, სადაც ყოველდღე იმართება შეხვედრები და კონსულტაციები. შეხვედრებიდან გამოსულნი ან ძალიან ზოგად კომენტარებს სჯერდებიან, ან საერთოდ თავს არიდებენ ჟურნალისტებთან საუბარს. თუმცა, ამგვარი "დახურულობის" მიუხედავად, ანდა სულაც ამგვარი დახურულობის გამო, კანცელარიაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.
10 ნოემბერს კანცელარიაში, უშიშროების საბჭოს მდივანთან მისულ უშიშროების მინისტრს ვალერი ხაბურძანიას თითქოსდა მისი გადადგომის შესახებ გაზეთებში გავრცელებული ცნობების უარყოფა უხდებოდა. რამდენიმე გაზეთის ცნობით, გადადგომის მიზეზი გახდა ის, რომ ვალერი ხაბურძანია ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია.
[ ვალერი ხაბურძანიას ხმა] " ათასნაირი ინფორმაცია ვრცელდება - ზოგი მართალი, ზოგი - ტყუილი. არსად არ მივდივარ, ვმუშაობ, რომ იყოს სიმშვიდე და სიწყნარე. გადამდგარი რომ ვიყო, აქ ხომ არ ვიქნებოდი?"
10 ნოემბერს კიდევ ერთი მინისტრი - შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი კატეგორიულად უარყოფდა ასევე პრესით გავრცელებულ ცნობებს, თითქოს იგი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლას მოითხოვდეს:
[ კობა ნარჩემაშვილის ხმა] " მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე ვარ მიტინგის დარბევის მომხრე, აბსოლუტურად არასწორია. მე ვარ კანონის აღსრულების მომხრე. ამას ადასტურებს ის, რომ პოლიციელები იარაღით არ არიან."
ძალოვანი მინისტრების ეს განცხადებები, გარკვეულწილად, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს. ფაქტია, რომ უშიშროების მინისტრით უკმაყოფილებას არ მალავენ სახელისუფლებო ბლოკის "ქორები" - ისინი, ვინც ხაბურძანიასგან მეტს მოითხოვენ, თუნდაც არჩევნების წინ მისთვის გადაცემულ საიდუმლო ფაილებთნ დაკავშირებით. როგორც გახსოვთ, სახელისუფლებო ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილ-ჭანტურიამ შინაგან საქმეთა მინისტრს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რამდენიმე კომპიუტერული ფაილი გადასცა, რომლითაც, ირინა სარიშვილ-ჭანტურიას განცხადებით, დასტურდება ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან. გამოძიების ნაცვლად, უშიშროების მინისტრი სარიშვილ-ჭანტურიას მიერ გადაცემული დოკუმენტების ინტერნეტში განთავსებას დასჯერდა. გარდა ამისა, კარგად ინფორმირებული პირების ცნობით, პრეზიდენტ შევარდნაძესა და ოპოზიციას შორის დიალოგის დაწყების საფუძვლის შექმნაში დიდი წვლილი სწორედ უშიშროების მინისტრს მიუძღვის.
9 ნოემბერს, საღამოს, პრეზიდენტ შევარდნაძესთან უშედეგო შეხვედრის მიუხედავად, ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არის პრეზიდენტთან შეხვედრისთვის. ასეთი განცხადება 10 ნოემბერს ნინო ბურჯანაძემ გააკეთა:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " დიალოგის თუ აზრთა გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა შენარჩუნებული უნდა იქნეს იმიტომ, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, კრიზისიდან გამოსავალი ვიპოვოთ. ჩვენ, ოპოზიცია, მზად ვართ, მშვიდობიანი მეთოდებით გავაგრძელოთ ბრძოლა, მზად ვართ იმისათვის, რომ ღირსეულად გამოვიდეს ქართველი ხალხი ამ კრიზისიდან."
ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე პრეზიდენტიც საუბრობს. შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები, სწორედ ამ დიალოგის მონაწილეებზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG