Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იწყება სამართლებრივი ბრძოლა არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ


დავით პაიჭაძე, თბილისი არჩევნების გამყალბებლებთან პოლიტიკურ ბრძოლას სამართლებრივი ბრძოლაც დაერთო. არჩევნების შედეგების გასაჩივრება ჯერ მაჟორიტარმა დეპუტატებმა დაიწყეს, ახლა მათ არასამთავრობო

ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები ემატებიან. საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" სარჩელს, თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით, თბილისის საოლქო სასამართლო განიხილავს. მინდა გესაუბროთ გაყალბებასთან სამართლებრივი ბრძოლის მოტივებსა და მიზანშეწონილობაზე.

"სამართლიანი არჩევნები" არჩევნების სამართლიანი შედეგებისათვის ბრძოლას ახლა სასამართლოში იწყებს: 10 ნოემბერს მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ საზოგადოების სარჩელი თბილისის საოლქო სასამართლოს გადაუგზავნა განსახილველად. სარჩელის არსი ასეთია: არსებობს მთაწმინდის რაიონის საარჩევნო ოლქის ორი შემაჯამებელი ოქმი. ორივე დათარიღებულია 6 ნოემბრით, ორივეს ერთი და იგივე ბეჭედი აზის, მაგრამ ერთს ხელს აწერს კომისიის 12 წევრი და 2 თავისი ხელმოწერით ადასტურებს, რომ არ ეთანხმება, მეორეს კი ხელს აწერს მხოლოდ კომისიის მდივანი. მაჩვენებლები ამ ოქმებში საგრძნობლად განსხვავებულია. მაგალითად, 12 ხელმოწერით დადასტურებული ოქმის მიხედვით, ბლოკს "ახალი საქართველოსთვის" მიღებული აქვს 2263 ხმა, ხოლო მეორე, მდივნის ხელმოწერის ამარა დარჩენილი, ოქმის თანახმად, ამავე ბლოკს 25962 ხმა აქვს. მეორე ოქმის მიხედვით, საოცრად წარმატებულია "აღორძინება" - მას 9914 ხმა აქვს, როცა პირველი ოქმი სულ 515-ს უჩვენებს. ოქმიდან ოქმში დიდი ნახტომი გააკეთეს მრეწველებმა - ისინი 509 ხმიდან 21571 ხმამდე ამაღლდნენ. როგორც ერთ რეკლამაში იტყვიან, იგრძენით განსხვავება?

ამხელა სხვაობის მიზეზი თითქოს ის გახლავთ, რომ მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა ხმები. მათ შორის, დიდი ნაწილი მოსკოვიდან ჩამოვიდა თბილისში. "სამართლიანი არჩევნების" იურიდიულმა მრჩეველმა ნუგზარ კუპრეიშვილმა მითხრა, რომ საზოგადოება მოითხოვს სწორედ მოსკოვში განთავსებული 16 საარჩევნო უბნის შედეგთა ბათილად ცნობას უხეში დარღვევების გამო. ამ უბნებში არჩევნები პრაქტიკულად არ ჩატარებულა, ხოლო რა პროცედურებიც წარიმართა, მოსკოვში მყოფი დამკვირვებლების ინფორმაციით, დარღვევათა მხრივ, გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს:

[კუპრეიშვილის ხმა] "ჩვენი დამკვირვებელი დილის 8 საათიდან 11-მდე არ დაუშვეს უბანზე. როცა დაუშვეს, დაინახა, რომ ამ სამ საათში ყუთი 2/3-ით აევსოთ და 1400-ზე მეტ ადამიანს მიეცა ხმა. როცა ამ ადამიანმა დაითვალა, სამი საათის მანძილზე 1400 ამომრჩეველს ხმა რომ მიეცა, დაუსრულებელი რიგი უნდა ყოფილიყო. ამასთან, თითოეულ ამომრჩეველს ექნებოდა მხოლოდ ექვსნახევარი წამი, რათა შესულიყო უბანზე, გაევლო ყველა პროცედურა, მიეცა ხმა და გასულიყო უბნიდან. ეს აბსოლუტურად არარეალურია". (სტილი დაცულია)

მოკლედ, მოსკოველ ქართველებს, იქიდან ჩამოსულ შედეგებს თუ დავუჯერებთ, ჭეშმარიტად სპრინტერული სისწრაფე ახასიათებდათ, ძირითადად, ედუარდ შევარდნაძის, ასლან აბაშიძისა და გოგი თოფაძის პარტიებისათვის ხმის მიცემისას.

დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე სასამართლო დავების მიზანშეწონილობის შესახებ შეკითხვით მივმართე სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელს ზურაბ ჭიაბერაშვილს. მისი აზრით, დაძაბულობის განმუხტვისა თუ პოლიტიკური დიალოგის შედეგი მაინც ერთ საკითხამდე მისვლას გულისხმობს:

[ჭიაბერაშვილის ხმა] "პოლიტიკურ ლიდერებს, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის რა შეთანხმებაც უნდა მოხდეს, საბოლოოდ მაინც მივალთ თითქოს რუტინულ, ტექნიკურ დეტალებამდე, მივალთ საკითხამდე, რომელი ხმა როგორ უნდა დაითვალოს."

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გამოხატონ თავიანთი წინააღმდეგობა, როგორც ეს დღეს ხდება, და ამასთან, გაუჩნდეთ ნდობა კანონიერად, სამართლიანად დათვლილი თითოეული ხმისადმი.
XS
SM
MD
LG