Accessibility links

logo-print

კარგავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება დასავლეთის მხარდაჭერას?


2 ნოემბრის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, რომლებსაც საზოგადოებაში მყარი პროდასავლური იმიჯი აქვთ, დაუფარავად აცხადებენ,

რომ გაყალბებული არჩევნების გამო, ხელისუფლება კარგავს დასავლეთის პოლიტიკურ მხარდაჭერას. სახელისუფლებო ბლოკში კი თავის მხრივ მიიჩნევენ, რომ თბილისში დაწყებული ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების უკან "გარეშე ძალები" დგანან -რუსეთის სპეცსამსახურებისა და შეერთებული შტატების იმ წრეების სახით, რომლებიც პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციის ოპოზიციაში იმყოფებიან. ასე რომ, თუ აქამდე ქართულ საზოგადოებაში ორი რუსეთის ხატი იყო ჩამჯდარი, ამ სტერეოტიპს ამიერიდან შეიძლება ორი ამერიკის ხატიც დაემატოს.


დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებისგან განსხვავებით, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ დაამთავრებს ხმების დათვლის პროცესს, დასავლეთის სახელმწიფოების მთავრობები ჯერჯერობით არ ჩქარობენ, ღიად გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება საქართველოში ჩატარებული არჩევნების მიმართ. ასეთი დუმილი ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს აფიქრებინებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაკარგა დასავლეთის ქვეყნებისა და, კერძოდ, შეერთებული შტატების მხარდაჭერა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საკვირაო სატელეფონო ზარმა პრეზიდენტ შევარდნაძის სამუშაო ოთახში, რომლის დროსაც, როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას "გაბედულად და სწორად" მოქმედება შეუქო, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ კრემლი საქართველოს ლიდერის მოქმედების ტაქტიკას განსაზღვრავს.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "დღეს საქართველოს პერზიდენტი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, აიღო მისგან გარანტიები და იმ პირობებში, როცა ამერიკა მას გადაუდგა, ამერიკის მთავრობამ დაგმო ეს არჩევნები, ხვალ მიდის ასლან აბაშიძესთან და აპირებს ასლან აბაშიძესთან რაღაც რუსეთის გარანტიებით დაამყაროს ახლებური - მამალაძის, რჩეულიშვილის, სარიშვილის, აბაშიძის ახალი სასტიკი რეჟიმი."


ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა კვირას, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მიტინგზე გამოსვლისას გააკეთა. ორშაბათს კი სახელისუფლებო ბლოკის "ახალი საქართველოსთვის" მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის განცახადებას საპასუხო რეაქცია მოუჰყვა. ბლოკის სპიკერმა ირინა სარიშვილმა-ჭანტურიამ სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" განუცხადა, რომ გარეშე ძალები სწორედ თბილისში დაწყებული ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირიპირების უკან დგანან.

ამ მოვლენების სცენარი დაწერილია გარეშე ძალების - რუსეთის სპეცსამსახურებისა და შეერთებული შტატების იმ წრეების მიერ, "რომლებიც პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ოპოზიციაში არიან." სარიშვილმა-ჭანტურიამ ოპოზიციის ხსენების დროს ვერც ტრადიციულ სომხურ კვალს აუარა გვერდი და განაცხადა, რომ ოპოზიციური ბლოკის "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერების ნინო ბურჯანაძისას და ზურაბ ჟვანიას კავშირები შეერთებულ შტატებში, "ძირითადად, კონგრესსა და სენატში სომხური ლობით შემოიფარგლება."

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების გეოპოლიტიკურ სიბრტყეში გადატანის მცდელობა პირველი არაა საქართველოში, მაგრამ ამ კონტექსტში რუსეთის სპეცსამსახურებისა და პრეზიდენტ ბუშის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური წრეების დაწყვილება, ნამდვილად უპეცედენტოა. გამოდის რომ არსებობს ორი ამერიკა -ერთი შემდგარი პრეზიდენტ ბუშის მომხრეებისგან, რომლებიც სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის ლოგიკით, ავტომატურად პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს უჭერენ მხარს, ხოლო მეორე ამერიკა კი - ოპოზიციაში უდგას თეთრი სახლის ადმინისტარციას და, რუსეთის სპეცსამსახურებთან უნისონში, მხარს უჭერს ქართულ ოპოზიციას. ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რამდენად იზიარებს ამგვარ ხედვას თავად საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც აქამდე მხოლოდ "ორი რუსეთის" არსებობისა სწამდა.
XS
SM
MD
LG