Accessibility links

logo-print

რა კავშირია საპროტესტო აქციებსა და ეკონომიკურ კოლაფსს შორის?


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართულ პოლიტიკაში განვითარებულმა მოვლენებმა და საპროტესტო აქციამ რუსთაველის გამზირზე ზოგიერთ ექსპერტს საფუძველი მისცა, ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსის მომასწავებელი განცხადებები გაეკეთებინა.

საპროტესტო გამოსვლების პირდაპირ ნეგატიურ შედეგად ხელისუფლება გაუარესებულ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებს. რა გავლენას ახდენს, რეალურად, ნოემბრის აქცია მიმდინარე პროცესებზე?

ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სახელისუფლებო წრეების წარმომადგენლები ქვეყნის ეკონომიკისათვის ამ გამოსვლების დამანგრეველ ეფექტზე ინტენსიურად ალაპარაკდნენ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად იკლო ქვეყანაში იმპორტის ოდენობამ, შეფერხდა ინვესტიციები, საფრთხე შეექმნა ფინანსურ სტაბილურობას, გაძვირდა პური და ა.შ. ნებისმიერი პოლიტიკური მღელვარება, ნებისმიერ ქვეყანაში, სერიოზულ გავლენას ახდენს მიმდინარე სამეურნეო ცხოვრებაზე და საქართველო ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი. თუმცა იმ აპოკალიფსური სურათის საფუძვლები, რის დახატვასაც ამ დღეებში ახერხებს ხელისუფლება, ვშიშობთ, მხოლოდ საპროტესტო აქციებში საძებარი არაა.

რომელ საინვესტიციო „თავშეკავებაზეა" საუბარი ქვეყანაში, სადაც უკვე მერამდენე წელია ვერც ერთი სერიოზული ინვესტორი ვერ ბედავს კაპიტალის დაბანდებას, ხოლო ისინი, რომელთაც ეს რამდენიმე წლის წინ მოახერხეს და ენდნენ ხელისუფლებას, იძულებულნი გახდნენ თავიანთი კაპიტალი სასწრაფოდ გაეტანათ საქართველოდან. ან რა საგადასახადო შემოსავლების აკრეფის დაბალ მაჩვენებლებზე ვწუწუნებთ, როდესაც ამის გაკეთებას მთავრობა სრულიად მშვიდ ვითარებაშიც ვერ ახერხებს და ქვეყანა მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში ცხოვრობს.

ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა ინფორმაცია ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი დაცემის თაობაზე. ბუნებრივია, ეს ცნობა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების კონტექსტში კეთდება; სიმპტომატურია ისიც, რომ ეს შეტყობინება პირველად რუსულმა მედიამ გაახმოვანა.

წინასაარჩევნოდ საფინანსო ბაზარზე მოზღვავებული უცხოური ვალუტის და, შესაბამისად, გამყარებული ლარის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ სრულიად ლოგიკურად ჩვეულ ნიშნულზე იწყო დაბრუნება და მისი კურსი დაახლოებით 0.02-0,04 ნიშნულით შემცირდა, რაც ორდინალურ სიტუაციაში სრულიად შეუმჩნეველია ხოლმე სამეურნეო სუბიექტებისათვის და აპოკალიფსური დევალვაციისაგან, როგორც წესი, მეტისმეტად შორსაა.

ამასთან, თვის და წლის ამ პერიოდისათვის ლარის კორექტირება დაწევის მიმართულებით ტრადიციული მოვლენა გახლავთ და მისი პროგნოზირება თბილისში მიმდინარე აქციებისაგან დამოუკიდებლად ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე იყო შესაძლებელი.

პოლიტიკური არასტაბილურობა, ბუნებრივია, თავის დაღს ასვამს მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს და ეს გავლენა, როგორც წესი, პოზიტიური არ არის. თუმცა იმ მრუმე პროგნოზების სათავე, რომელიც ამ დღეებში გაისმის, ვფიქრობთ, ნოემბრის მოვლენებზე გაცილებით ადრეა საძებარი.
XS
SM
MD
LG