Accessibility links

logo-print

ქსენოფობია - ქართული პოლიტიკის განუყოფელი ატრიბუტი


ქსენოფობია, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ატრიბუტი ხდება. არჩევნების შემდეგ ქართველი პოლიტიკოსები მოწინააღმდეგეთა ეთნიკურ წარმომავლობაზე ნაკლებად საუბრობენ,

მაგრამ მოდაში შემოდის, ზოგადად, უცხოეთიდან დაფინანსებული "ებრაულ-სომხური შეთქმულების" თემა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ასეთ შეთქმულებაზე საუბრობს სწორედ ის, ვინც ქუჩაში გამოსულ პოლიტიკურ ლიდერებს "ფაშისტებს" უწოდებს... პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოში ცნებების აღრევასაც შეუწყო ხელი.


"თუ გინდათ, რომ თბილისს ერევანი დავარქვათ, მხარი დაუჭირეთ სააკაშვილ-ჟვანიას", "პოლიტიკაში უნდა დარჩნენ სისხლით და ხორცით ქართველები", "კმარა" აფერისტმა ებრაელმა ჯორჯ სოროსმა დააფინანსა"... საქართველოში ოფიციალურად არ არსებობს ფაშისტური ორგანიზაცია. იმ მარგინალურ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მასონების შეთქმულებაზე ლაპარაკობენ, არჩევნებზე მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მისცა ხმა... მაგრამ არჩევნების შემდეგ ასეთი ლოზუნგები უხვად მოვისმინეთ... მათი ავტორები სახელისუფლო ბლოკის წევრები არიან. ქართული კულტურის ის მუშაკები, რომლებმაც კვირას საქართველოს პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნეს, აღშფოთებულები არიან ბლოკ "ახალი საქართველოს" წევრების ასეთი გამოთქმებით. შემთხვევითი არ არის, რომ მათი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ელდარ შენგელაია იყო - ქართველი კინორეჟისორი, რომელიც თავის დროზე სწორედ ქსენოფობური ლოზუნგების გამო დაუპირისპირდა ზვიად გამსახურდიას.


ქართული კულტურის მუშაკების ეს ჯგუფი აღნიშნავს, რომ შევარდნაძის გადადგომას მხოლოდ გაყალბებული არჩევნების გამო არ მოითხოვს... ედუარდ შევარდნაძეს ქართული შემოქმედებითი ელიტა, პირველ რიგში, გარემოცვას უწუნებს და პრეზიდენტის ბლოკის წევრების - მამალაძის, შარაძის, რჩეულიშვილის - გამონათქვამებს ახსენებს. გარკვეული ილუზიები ინტელიგენციას ისევ აქვს. მწერალი დავით ტურაშვილი აღნიშნავს:

[დათო ტურაშვილის ხმა]: "როგორც ჩანს, მართლა არ ეუბნებიან, რა ხდება საქართველოს დედაქალაქში და აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას."

ამ ილუზიას რეალური საფუძველი აქვს. თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ ზვიად გამსახურდიას იდეოლოგიას "პროვინციული ფაშიზმი" უწოდა. ქართულმა ინტელიგენციამ, რომლის მოწინავე ნაწილს ეროვნული შეუწყნარებლობის მიმართ პროტესტი არაერთხელ გამოუხატავს, ეს ტერმინი მაშინვე აიტაცა და ედუარდ შევარდნაძისგან შექმნა "ტოლერანტული პოლიტიკოსის" მითი. დღეს ინტელიგენციას ვერ გაუგია, რა საერთო აქვს "გენშერისა და ბეიკერის" მეგობარს პროფაშისტურ ძალებთან.

თუმცა ცნებები საქართველოში ისე აირ-დაირია, რომ აღარავის უნდა უკვირდეს, რაოდენ ადვილად ხდება დღეს სიტყვა "ფაშისტით" მანიპულაცია. ამ სიტყვას განსაკუთრებით ხშირად "აღორძინების" ბლოკის წევრები იყენებენ. და არამარტო სიტყვას... აჭარის ტელევიზია რამდენიმე დღეა უჩვენებს ვიდეოკლიპს, სახელწოდებით "სანამ ურემი გადაბრუნდება", რომელშიც ნაციონალ-სოციალისტების აღლუმები, ადოლფ ჰიტლერის გამოსვლა მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის აქციებთანაა შედარებული. ამ ისტორიულ ანალოგიას შესაბამისი კომენტარიც მიჰყვება წამყვანისა, რომელსაც, აშკარად, "არაქართული" აქცენტი აქვს:

[ხმა: აჭარის ტელევიზიის ვიდეოფილმი "სანამ ურემი გადაბრუნდება"]

მაგრამ ფაშიზმის მხილებამ ხელი არ შეუშალა აჭარის ტელევიზიას 8 ნოემბერს ეთერში ჩაერთო თავისი პოლიტიკური მიმომხილველის გამოსვლა. სანდომიანმა ქალბატონმა დაასკვნა: რამაზ ჩხიკვაძე ოპოზიციას იმიტომ შეუერთდა, რომ მას მეუღლე მართავს, მეუღლეს "ნატაშა" ჰქვია და იგი -ებრაელია...

ფაშიზმი, მოგეხსენებათ, მართლაც რომ, ჭირია, რომელიც შეუმჩნევლად შეიძლება შეეყაროს ყველას. ფაშისტურ ლოზუნგებს ოპოზიცია ზოგჯერ ისეთი განცხადებებით უპასუხებს, რომელიც ნამდვილად არ ეკადრება იმას, ვინც თავის თავს "დემოკრატიულ ოპოზიციას" უწოდებს. მიხეილ სააკაშვილმა, მაგალითად, უკვე რამდენჯერმე გაიმეორა, რომ არ უნდა მისი შვილი ასლან იბრაჰიმის ძე აბაშიძის საქართველოში ცხოვრობდეს.
XS
SM
MD
LG