Accessibility links

საანგარიშო მოხსენება ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენება რომელშიც ნათქვამია,

რომ სააგენტოს ექსპერტებმა ვერ აღმოაჩინეს იმის სამხილი, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდა. მოხსენებაში კრიტიკაა ამასთანავე გამოთქმული თეირანის მისამართით იმის გამო, რომ წარსულში ირანმა არაერთგზის დაარღვია ხელშეკრულება ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ

გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ხსენებულ საანგარიშო მოხსენებაში ისიცაა ნათქვამი, რომ ირანში, უმნიშვნელო მოცულობით, გამდიდრებული ურანი და პლუტონიუმი იქნა მიღებული.

ამასობაში, ირანმა მოსკოვში გამოაცხადა, რომ შეწყვიტ აურანის გამდიდრების პროცესი და დათანხმდა, რომ მისი ბირთვული ობიექტები საერთაშორისო ექსპერტებმა შეამოწმონ წინასწარი გაფრთხილების გარეშე ნებისმიერ დროს.

29-გვერდიანი საანგარიშო მოხსენება, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ მოამზადა სააგენტოს მმართველთა საბჭოს 20 ნოემბრისათვის დანიშნული სხდომისთვის, თეირანს ჰკიცხავს იმისთვის, რომ სიმართლე დამალა წარსულში თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ.

აშშ ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს ირანს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოუწოდებს - ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევის ოფიციალური ბრალდება წაუყენოს თეირანს, რასაც გაეროს უშიშროების საბჭოს ჩარევა და შესაძლოა ირანის წინააღმდეგ სანქციების მიღებაც მოჰყვეს შედეგად.

"ატომურ იარაღს ჩვენი თავდაცვის დოქტრინისთვის არა აქვს მნიშვნელობა", განაცხადა ორშაბათს მოსკოვში პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრისას ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ჰასან როუჰანიმ.

ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებს - გააუქმოს 800 მილიონ დოლარად ღირებული კონტრაქტი ირანთან, რომელიც რუსი სპეციალისტების დახმარებით ბუშერის ატომურ ელექტროსადგურში ირანის პირველი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას ითვალისწინებს.
რუსეთმა განაცხადა, რომ გაგებით ეკიდება შეერთებული შტატების შეშფოთებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და იმაზე დაიყოლია თეირანი, რომ ირანის ბირთვული ობიექტები საერთაშორისო ექსპერტებმა შეამოწმონ ნებისმიერ დროს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

ირანმა აღიარა, რომ ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ფარულად გაამდიდრა ურანი, რაც არა ბირთვული იარაღის, არამედ ელექტროენერგიის მისაღებად იყო გამიზნული.

შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ საანგარიშო მოხსენება, რომელიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოჰამედ ელ-ბარადეიმ გამოაქვეყნა ორშაბათს, არ იძლევა ამომწურავ სურათს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და რომ ამ საკითხს დამატებითი შესწავლა ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG