Accessibility links

logo-print

რას გულისხმობს აშშ ხელისუფლება, როცა საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერაზე საუბრობს


არჩევნების შემდეგ აქტუალური გახდა ის, თუ ვის უჭერს მხარს შეერთებული შტატების ხელისუფლება: საქართველოს ხელისუფლებას, თუ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებიც ახლა

საპროტესტო აქციებს ხელმძღვანელობენ. ორივე მხარე იჩემებს, რომ შეერთებული შტატები სწორედ მას უჭერს მხარს. ჩავთვალე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის გარკვევა ისევ და ისევ იქ ჩატარებული ყოველდღიური ბრიფინგების ჩანაწერებში უნდა მეცადა. ძიება წარმატებული აღმოჩნდა იმ მხრივ, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის საკითხი მართლაც იყო განხილული სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ერთ-ერთ ბრიფინგზე. ეგ არის, რომ პოზიცია, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი გამოხატავს, მწვადისა და შამფურის შესახებ გამოთქმის ნათელყოფაა.

ჯერ კიდევ 3 ნოემბერს, საქართველოში არჩევნების ჩატარებიდან მეორე დღეს თეთრ სახლში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილემ ადამ ერელიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებამდე თავს შეიკავებს კომენტარისგან და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში თავი შეიკავონ ძალადობისგან. ამის შემდეგ ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ჰკითხა საქართველოში დემოკრატიის არსებობის შესახებ (სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ ბრიფინგის ჩანაწერის ამ ერთი მონაკვეთის თარგმანს):

"ჟურნალისტი:
რაც შეეხება დემოკრატიას? არის თუ არა დემოკრატია საქართველოში? ხომ არ წაგიხდათ შთაბეჭდილება შევარდნაძეზე, რომელშიც არაერთი სახელმწიფო მდივანი თავიდან-ფეხებამდე შეყვარებული იყო?

სახელმწიფო დეპარტემენტის წარმომადგენელი:
მე მეტს აღარაფერს ვიტყოდი. მე შემოვიფარგლები არჩევნებზე ჩვენი შეხედულების გამოხატვით და არ შევაფასებ დემოკრატიას საქართველოში. ვფიქრობ, არჩევნებს თუ შეხედავთ, ის მძლავრი მაჩვენებელია იმისა, თუ რა ხდება საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იქ არის პოზიტიური ძვრები. არის საკითხები, რომლებსაც თვალყურს ვადევნებთ და ქართველებს ვესაუბრებით კიდეც მათზე. ეს არის პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც ჩვენ ვეხმარებით ჩვენს პარტნიორებს.

ჟურნალისტი:
იყოს ეგრე, მაგრამ როცა თქვენ ლაპარაკობთ დემოკრატიის ხელშეწყობაზე, ბუნებრივად იბადება კითხვა - თქვენ მხარს უჭერთ დემოკრატიას, რომელიც არსებობს, თუ თქვენ მხარს უჭერთ მოძრაობას დემოკრატიისაკენ, რომელიც შეიძლება ჯერ არც კი არსებობდეს?

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი:
ეგ ორი რამ არ გამორიცხავს ერთმანეთს.

ჟურნალისტი:
კარგით, როცა თქვენ საუბრობთ დემოკრატიის მხარდაჭერაზე საქართველოში, ეშმაკურად თავს არიდებთ იმის დაზუსტებას არის იქ დემოკრატია, თუ არა. ასე არ არის?

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი:
ფაქტი, რომ ჩატარდა ძლიერი არჩევნები საქართველოში დემოკრატიის კარგი მაჩვენებელია.

ჟურნალისტი:
როგორ მიმართებაშია ერთმანეთთან ძლიერი და თავისუფალი არჩევნები? რა განსხვავებაა მათ შორის, რას ნიშნავს "ძლიერი არჩევნები"?

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი:
მე არ მინდა წინ გავუსწრო ეუთოს მიერ არჩევნების შეფასებას. ასე რომ, ჯერჯერობით უბრალოდ ვთქვათ - "არჩევნები"."

ეს გახლდათ ნაწყვეტი სახელმწიფო დეპარტამენტში 3 ნოემბერს გამართული ტრადიციული ბრიფინგის ჩანაწერიდან, რომელიც ასახავს ჟურნალისტისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივნის მოადგილის ადამ ერელის დიალოგს საქართველოში დემოკრატიის არსებობა-არარსებობის შესახებ.

მეორე დღეს, 4 ნოემბერს ბრიფინგს ისევ ადამ ერელი უძღვებოდა და მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეთრი სახლი კვლავ თავს იკავებს კონკრეტული შეფასებებისგან და დაელოდება მოვლენათა შემდგომ განვითარებას.

სახელმწიფო დეპარტამენტში 6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა ერთმანეთთან დააკავშირა ამერიკის ურთიერთობა სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მოკავშირე ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების დონე და საქართველოს 2 ნოემბრის არჩევნები. ამ კონტექსტში მან პრეს-მდივნის მოადგილეს ჰკითხა:

"ჟურნალისტი:
შესაძლებელია, თუ - არა, რომ შეერთებული შტატები გარკვეულად გაემიჯნება იმ ქვეყნებს, სადაც დემოკრატიას არ მისდევენ, მაგრამ მაინც სტრატეგიულად მნიშვნელოვანნი არიან?

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი:
დიახ. იმისათვის, რომ ამეწერა ჩვენი დამოკიდებულება ამ ქვეყნების მიმართ, მე მოვუხმობდი სიტყვას "პარტნიორობა"... მე არ ვისაუბრებდი დასაჩუქრებასა და სასჯელზე. ეს არ არის არსებითი. არსებითია საერთო ინტერესები".

7 ნოემბერს კი ბრიფინგს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანი რიჩარდ ბაუჩერი უძღვებოდა, რომელმაც საქართველოზე კომენტარი ასე დაასრულა: "მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კომისიამ უნდა გააკეთოს ყველაფერი არჩევნების დღეს დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. კერძოდ, ხმების სათვალავიდან ამოიღოს აშკარა გაყალბების ფაქტები. საარჩევნო კომისიამ კი არ უნდა გაამწვავოს, არამედ უნდა გააქარწყლოს ის შეშფოთება, რომელიც არჩევნების შემდეგ მოსახლეობაში წარმოიშვა".

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიურ ბრიფინგებზე გამოთქმული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ცხადი ხდება, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებისა და ეუთოს საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე თეთრი სახლი ეცდება რაიმე კონკრეტული შეფასებებისგან თავი შეიკავოს. თუმცა, ეს თავშეკავება საქართველოში ვითარების გამწვავებამ შეიძლება გაართულოს კიდეც.
XS
SM
MD
LG