Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში მცხოვრები ქართველები სოლიდარობას უცხადებენ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს


"ქართველი საზოგადოების დღევანდელი საყოველთაო პროტესტი სამოქალაქო საზოგადოებისკენ სწრაფვის პირდაპირი გამოხატულებაა.

ეს ქართული სააზროვნო კულტურის გამოვლენაა და ჩვენც, ამჟამად გერმანიაში მყოფი ქართველები, ვუერთდებით ჩვენი ერის ამ ისტორიულ მისწრაფებას, ვამაყობთ და გამარჯვების გზას დავულოცავთ." ეს გახლავთ ნაწყვეტი 12 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მოწყობილი აქციის მონაწილეთა განცხადებიდან. ჰამბურგის ცენტრში, ეთნოგრაფიულ მუზეუმთან მდებარე მოედანზე მოწყობილი ამ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ტელეფონით დავუკავშირდით.

[მიტინგზე გამომსვლელის ხმა]: "ჩვენ ვითხოვთ შევარდნაძის გადადგომას! ჩვენ, ჰამბურგში მცხოვრები ქართველები, შევიკრიბეთ, რათა თანადგომა და მადლობა გამოვუცხადოთ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ყველა იმას, ვინც დღესაც პარლამენტის წინ პროტესტს უცხადებს საქართველოს ხელისუფლების დიქტატორულ და კორუმპირებულ რეჟიმს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ხელისუფლების ოპოზიციას და ქართველი ერის არჩევანს."

[ტაში, შეძახილები]

ჩემი პირველი თანამოსაუბრე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ჰამბურგში მცხოვრები ქართველი ფიზიკოსი კოკა ტოგონიძე გახლავთ. მას თავიდან ის ვკითხე, რამდენი ადამიანი შეიკრიბა თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებისთვის სოლიდარობის გამოსახატად.

[კოკა ტოგონიძის ხმა]: "დაახლოებით ჩვენ ვართ 50-60 ჰამბურგში მცხოვრები ქართველი, ძირითადად, შეიძლება ითქვას, რომ სტუდენტობა არის აქ შეკრებილი, მაგრამ არიან, აგრეთვე, კონსერვატორიის პროფესორი, აგრეთვე არის განთქმული კბილის ექიმი, რამდენიმე მასწავლებელი... და ძირითადად ისმის ის გულისტკივილი, რომ ვერ ხედავენ ახლო მომავალში იმას, რომ დაუბრუნდნენ საქართველოს და ის დიდი პოტენციალი, რაც მათ გააჩნიათ, საკუთარ სამშობლოს მოახმარონ."

[დავით კაკაბაძის ხმა]: "კოკა, ამ აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა რა არის? სულისკვეთება გასაგებია, მაგრამ რას ითხოვენ ამ აქციის მონაწილეები, რას ითხოვთ?"

[კოკა ტოგონიძის ხმა]: "ორი სხვადასხვა მხარე არის აქ, შეიძლება ითქვას. პირველი არის ის, რასაც საქართველოში, რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ გაუქმებულ იქნეს არჩევნები; ეს პირველი მოთხოვნაა, და შეიძლება ითქვას, რომ აგრეთვე, არის რამდენიმე სტუდენტი, არის რადიკალური გამოთქმები: "ძირს შევარდნაძე-აბაშიძის კლანი", გერმანული რამდენიმე ტრანსპარანტი არის: "გრცხვენოდეთ, ბატონო შევარდნაძე!" აი, ასეთი ტრანსპარანტებიც უჭირავთ სტუდენტებს."

კოკა ტოგონიძესთან საუბარში ვივარაუდე, რომ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ მიმართული ტრანსპარანტები გერმანიაში მაინცდამაინც დიდ აღტაცებას არ უნდა იწვევდეს. ამ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრად უფროა ცნობილი, ანუ იმ კაცად, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ბერლინის კედლის დანგრევაში. ცხადია, ეს ჰამბურგელმა ქართველებმაც კარგად იცოდნენ და, როგორც კოკა ტოგონიძემ მითხრა, სწორედ მათს საყურადღებოდ ერთ-ერთ ტრანსპარანტს ასეთი რამ წააწერეს: "შევარდნაძემ ბერლინის კედელი ქართველ ხალხში აღმართა". შევიტყე ისიც, რომ ამ ტრანსპარანტს ერთი ხანდაზმული ჰამბურგელის აღშფოთება გამოუწვევია და მას აქციის მონაწილეებთან ცხარე კამათი გაუმართავს. თუმცა, გერმანელთა შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მომიტინგეებს შეუერთდა. ერთ-ერთ მათგანს მეც გავესაუბრე.

[გერმანელი სტუდენტის ხმა]: "რა თქმა უნდა, ვიზიარებ აქციის მონაწილეთა მოთხოვნებს. სამწუხაროდ, გერმანიის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ ინტერესდება საქართველოს გასაჭირით, უმეტესობამ ისიც კი არ იცის, სად მდებარეობს საქართველო. შეიძლება, ყველამ იცოდეს, რომ საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძეა, მაგრამ არავის ანაღვლებს, რა პრობლემები აწუხებს იქაურ ხალხს. ნაწილობრივ ეს ჩვენი პრესის ბრალიც არის, რომელიც გაუთავებლად ლაპარაკობს იმაზე, რომ გერმანიის გაერთიანებაში შევარდნაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა და ა.შ. და ა.შ. მაგრამ საქართველოს პრობლემების ამსახველ მასალებს გერმანიის ჟურნალ-გაზეთებში იშვიათად თუ შეხვდებით. ამიტომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში დემოკრატია იყოს. საქართველოში რამდენიმეჯერ ვყოფილვარ და შევარდნაძისადმი იქაურების დამოკიდებულებაც კარგად ვიცი. ამიტომ მიჭირს იმის დაჯერება, რომ ხალხმა ისევ ამ კაცს დაუჭირა მხარი. ჩემი აზრით, არჩევნების შედეგები გაყალბებულ იქნა."

აქციის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში მის მონაწილეებთან გამოვიდა ჰამბურგის ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი ვულფ კიოპკე, რომელიც ინტერვიუზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

[პროფესორ ვულფ კიოპკეს ხმა]: "ჩვენ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმას, რაც დღეს საქართველოში ხდება. ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩვენს მუზეუმში კავკასიისადმი და, საკუთრივ, საქართველოსადმი მიძღვნილი არაერთი გამოფენა გაიმართა. ჩვენი სურვილია, ასპარეზი დავუთმოთ ქვეყანას, რომელიც ასე ვაჟკაცურად იბრძვის თავის გადასარჩენად. ამასობაში ის მაინც მოვახერხეთ, რომ ჰამბურგში გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოს მიმართ ინტერესს იჩენენ, რომელთათვისაც ამ ქვეყნის ბედი სულ ერთი აღარ არის. და საპროტესტო მიტინგის ორგანიზატორ აქაურ ქართველებს ეჭვი არ გასჩენიათ, რომ აქციის მოსაწყობად საუკეთესო ადგილი სწორედ მუზეუმის წინამდებარე ტერიტორია იქნებოდა. მათ იცოდნენ, რომ აქ დაინტერესებულ პუბლიკას იპოვიდნენ. ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა საქართველო ევროპის განუყოფელ ნაწილად აღიქვას და ყური ათხოვოს მის პრობლემებს. პირადად მე იქნებ ბოლომდე ვერც ვერკვეოდე იმაში, ვინ არის მართალი და ვინ - მტყუანი, მაგრამ ეს მთავარი არ არის. არც ის უნდა გვაშინებდეს, რომ საქართველოზე ამჯერად უარყოფით კონტექსტში გვიხდება საუბარი - ასეთია დემოკრატიის კანონები."

საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის იყო გერმანულ-კავკასიური საზოგადოება "ლილეს" დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარიკა ლაფაური, რომელსაც აქამდე მხოლოდ კულტურული ღონისძიებების სულისჩამდგმელად ვიცნობდით.

[მარიკა დაფაურის ხმა] "მართალია, აქამდე მე ყოველთვის ძალიან გამიზნულად და გააზრებულად ვცდილობდი, გვერდი ამევლო პოლიტიკისთვის და მხოლოდ კულტურაზე გამემახვილებინა ყურადღება, თუმცა იმ უკანა აზრით, რომ ამასაც მოაქვს გარკვეული პოლიტიკური შედეგები. ახლა მე პირადად ვლაპარაკობ "ლილეს" სახელით და როგორც კი გაჩნდა ეს ინიციატივა, რომ ჩაგვეტარებინა ეს საპროტესტო აქცია, მაშინვე დავუჭირე მხარი და დავდექი მათ გვერდით. და ჩემი აზრი ის არის, რომ საქართველოში აქვს ყველას ერთი აზრი, რომ ჩვენ გვინდა მომავალი საქართველოსთვის. დრო არის, რომ დაადგეს საქართველო ამ დემოკრატიზაციის გზას."

ვფიქრობ, ამ სიტყვებს დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ხელს მოაწერდა - განურჩევლად იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალას ემხრობა. სხვა საქმეა, რომ დემოკრატიზაციისკენ მიმავალი გზა სხვადასხვაგვარად ესახებათ არა მარტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას, არამედ თვით ამ ოპოზიციაში შემავალ სხვადასხვა ძალებსაც.
XS
SM
MD
LG