Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაძაბულობის განმუხტვისთვის ხელისუფლება კომპრომისებზე წასასვლელად მოემზადა


დაძაბულობის განმუხტვისთვის პრეზიდენტის გარემოცვამ კომპრომისებზე წასვლის მზადყოფნა გამოავლინა და ქუჩაში გასულ ოპოზიციურ ლიდერთაგან კანცელარიაში მხოლოდ ორი,

ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე, დაიბარა. ამ ორ ლიდერს პრეზიდენტთან შეხვედრაზე საღამოს 6 საათისთვის ელოდებოდნენ, თუმცა არც 6 საათზე და არც უფრო გვიან ბურჯანაძე და ჟვანია კანცელარიაში არ მისულან. რუსთაველის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა თითქმის მთელი დღე დაუთმეს ფიქრს იმაზე, როგორ და რა პირობებში აჯობებდა მისვლა იქ, სადაც მათ ელოდნენ.
ორმხრივი კომპრომისებისთვის დაგეგმილმა შეხვედრამ გაერთიანებულ ოპოზიციაში გააჩინა ეჭვი, რომ ის ოპოზიციურ ლიდერებს შორის განხეთქილების ჩამოგდებისთვის იქნა ჩაფიქრებული.



ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 12 ნოემბერს კანცელარიაში პრეზიდენტი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს - ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძეს - უნდა შეხვედროდა, პრეზიდენტის პრეს-სამსახურმაც გაავრცელა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კი, საინფორმაციო საშუალებები მთელი დღე იტყობინებოდნენ, რომ ორმხრივი კომპრომისებითვის დაგეგმილი შეხვედრა საღამოს 6 საათზე ამჯერად არანეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა შემდგარიყო. 6 საათისთვის კანცელარიაში მობილიზებულები იყვნენ ჟურნალისტები, ბურჯანაძის და ჟვანიას გარემოცვაში კი აცხადებდნენ, რომ მათმა ლიდერებმა პრეზიდენტთან დანიშნული შეხვედრის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო საშუალებებიდან იცოდნენ.


"ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის, მაგრამ ხომ უნდა გვითხრან, არის თუ არა ეს შეხვედრა." - ჩვენთან საუბრისას ეს განცხადება "გაერთიანებული დემოკრატების" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკეთა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ დანიშნულ დროზე ჟვანია და ბურჯანაძე კანცელარიაში არ მისულან. საქმე ის გახლავთ, რომ სამშაბათს კანცელარიას მარტო სტუმრობდა მიხეილ სააკაშვილი - რიჩარდ მაილსის შუამდგომლობით, იქ ის სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა. ამის შემდეგ კი პრეზიდენტთან სამეულიდან მხოლოს ორნი დაიბარეს იმ მოტივით, რომ შევარდნაძეს სააკაშვილთან საუბარი არ სურს. ასეთი გამოცალკევება საპროტესტო ტალღით გაერთიანებულ ოპოზიციაში მათ შორის განხეთქილების ჩამოგდების მცდელობად აღიქვეს.

პრეზიდენტთან შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის სამივე ლიდერის მონაწილეობით. - ოთხშაბათს საღამოს ასეთი პირობა წამოაყენა ბურჯანაძემაც და ჟვანიამაც. საღამოს საათებში მათთან პრეზიდენტთან შეხვედრის მოსამზადებელი მოლაპარაკება სახელისუფლებო ბლოკიდან გია ყარყარაშვილმა აწარმოა. ძალზე ნიშანდობლივი იყო ის, რომ პარლამენტის შენობაში მიმდინარე ამ მოლაპარაკების პარალელურად კანცელარიაში დაიბარეს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისგან პრეზიდენტმა ხმების პარალელური დათვლის მეთოდის განმარტება მოითხოვა.

ამ ყველაფერმა, მით უფრო, ოთხშაბათს დილით ვახტან რჩეულიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება მზად არის წავიდეს კომპრომისზე, რაშიც, თავად რჩეულიშვილის თქმით, უნდა ვიგულისხმოთ სამართლებრივი გზით ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და აჭარის ოლქების სადავო შედეგების გაუქმება, შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა ვითარების სირთულე და გამოსავლის ძიებას შეუდგა. მაგრამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ამაში მორიგი ილუზიის შექმნის მცდელობა დაინახა. გია ყარყარაშვილის მიერ წარმოებული მოლაპარაკებიდან გამოსულმა სააკაშვილმა მომიტინგეებს აუხსნა, რომ მზად არის შეხვდეს პრეზიდენტს, ოღონდ ამჯერადაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე და, თანაც, მთავრობის წევრების თანდასწრებით. ერთი სიტყვით, ქუჩაში გამოსული ოპოზიციონერი ლიდერების პრეზიდენტთან შეხვედრა გართულდა, მათ კონსულტაციებს გია ყარყარაშვილთან ხელშესახები შედეგები არ გამოუღია.
XS
SM
MD
LG