Accessibility links

პოლიტიკოსები ეთნიკური საკითხით სპეკულირებენ - მიაჩნიათ საქართველოს ეთნიკური უმცირესობების არასამთავრობო ორგანიზაციათა ლიდერებს


საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები, შეიძლება ითქვას, არცთუ ხშირად და არცთუ აქტიურად ერევიან მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ასეთ ფონზე მით უფრო საგულისხმოა

ერთობლივი საპროტესტო განცხადება, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა 22 არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელდა. განცხადების ხელისმომწერნი 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ესკალაციაში ეთნიკური უმცირესობების თემით სპეკულაციას აპროტესტებენ. მათთვის განსაკუთრებით მიუღებელია პოლიტიკოსთა მიერ მომარჯვებული ის ბოლოდროინდელი ლოზუნგები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში ეროვნული უმცირესობების ხმებით მანიპულირების საკითხს შეეხება. განცხადების ხელისმომწერნი შიშობენ, რომ ამგვარი ლოზუნგების შორსმიმავალი მიზანი ეთნოსთა შორის შუღლის გაღვივება და საზოგადოების დემორალიზებაა.

საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სახელით მოლაპარაკე 22 არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტი, მეტ-ნაკლებად, არჩევნების შემდგომ დაპირისპირებულთა ორივე ბანაკს ეხება. ამ პროტესტის არსი ისაა, რომ ეთნოსთაშორის სფეროს არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, რაც დღეს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ხდება. თუმცა, მეორე მხრივ, სწორედ აქ გაისმა ლოზუნგი, რომელიც ეროვნული უმცირესობების ერთობლივი განცხადების საბაბად იქცა. ამ ლოზუნგის მიხედვით, "2 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი ქართველ ხალხს არ აურჩევია."

[არნოლდ სტეფანიანის ხმა] " ვის მიერაა არჩეული მაშინ, - ეთნიკურ უმცირესობათა მიერ? მე მინდა გითხრათ, რომ წინა პარლამენტში იყო 14 დეპუტატი არაქართველი და ამ პარლამენტში იქნება, მაქსიმუმ, 7. "

როგორც საქართველოს სომეხთა თბილისის სათვისტომოს ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი განმარტავს, დედაქალაქში მცხოვრები არაქართველებისათვის მეტ-ნაკლებად გასაგებია, რატომ ხდება ეროვნული უმცირესობების თემით სპეკულაცია არჩევნების შემდგომ. მისი თქმით, ამ მხრივ შედარებით ბუნდოვანი წარმოდგენები აქვთ არაქართული რეგიონების, კერძოდ, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას. ამ რეგიონებში, არნოლდ სტეფანიანის თქმით, აგრესიული ნაციონალიზმის სიმპტომები იკვეთება. შემაშფოთებელია რეზიუმეც, რომელსაც იგი ეროვნული უმცირესობების სახელით აკეთებს.

[არნოლდ სტეფანიანის ხმა] "ამ ქვეყანაში ჩვენ ტურისტები არა ვართ. თუ ვართ ტურისტები, მაშინ გვითხარით, რომ ჩვენ ტურისტები ვართ და ჩვენ დასკვნებს გავაკეთებთ. "

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ამ რიგის შენიშვნები გულისხმობს იმას, რომ არაქართველთა თემით მანიპულირება ეჭვქვეშ აყენებს მათ საარჩევნო უფლებებსაც. ხმების გაყალბება, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა თქმით, არამარტო არაქართულ რეგიონებში მოხდა. ამიტომ ამ ნიადაგზე ხალხთა შორის ურთიერთობის დაძაბვა შეგნებული პროვოკაციაა და თავად ხალხი არაფერ შუაშია. საქართველოს აზერბაიჯანელ თემთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მუბარის კარაევი მიიჩნევს, რომ უხერხულია იმის მტკიცება, რომ იმავე აზერბაიჯანელებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს მოქალაქეებმა და არა როგორც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებმა. არადა, ამგვარი მტკიცებების საბაბი არსებობს.

[მუბარის კარაევის ხმა] "რატომ იძახიან, გაყალბდა ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთშიო? რატომ არ იძახიან, დავუშვათ, თელავში, გორშიო, სადაც მათ მიერ არის მოგებული?"


[აგიტ მირზოევის ხმა] "ნუ გამოიყენებენ ჩვენს სახელს, ჩვენს საქმიანობას თავიანთი პოლიტიკური ბინძური გეგმების და ბინძური ქულების მოპოვებისათვის. "

აგიტ მირზოევი, საქართველოს ქურთ-ეზიდთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა. იგი "ახალი მემარჯვენეების" წევრია. აგიტ მირზოევი მიიჩნევს, რომ ეთნიკურ უმცირესობათა თემით სპეკულაცია, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საქართველოშიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით უნდა ისჯებოდეს.
XS
SM
MD
LG