Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის შესაძლო დიალოგის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 12 ნოემბერს კიდევ უფრო გაიზარდა იმ ორგანიზაციათა თუ საინიციატივო ჯგუფთა რაოდენობა, ვინც არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელი გზების მოსაძიებლად პრეზიდენტსა და პარლამენტის

შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორთა შორის მედიატორის როლის შესრულების მზადყოფნას გამოთქვამს. ფაქტია ისიც, რომ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც. დიალოგის აუცილებლობას და მზადყოფნას გამოთქვამენ პრეზიდენტი და ოპოზიციაც.

დღეს ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში ყველაზე ხშირად გამოიყენება სიტყვები: "გადადგომა", " დიალოგი", "კომპრომისი." თუ ის, რაც იგულისხმება გადადგომაში, სავსებით გასაგებია, რა იგულისხმება დიალოგსა და კომპრომისში - გულახდილად რომ ითქვას, ბურუსით მოცული რჩება.
დავიწყოთ დიალოგით - ერთი მხრივ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტთან მისი ბოლო შეხვედრის შემდეგ პირადად იგი აღარ აპირებს შეხვედრაში მონაწილეობას, თუმცა, მისივე განმარტებით, შესაძლო შეხვედრაში ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნები აუცილებლად იქნება წარმოდგენილი. მეორე მხრივ, თბილისის მერი ივანე ზოდელავა მიზანშეწონილად მიიჩნევს დიალოგში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდას:
[ ივანე ზოდელავას ხმა] " აუცილებელია დიალოგი შედგეს და მე დავსვი საკითხი, თუ იქნება ფორმატი სამი ერთზე ან ორი ერთზე, მე მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური პარტიების ლიდერები უნდა დაესწრონ ამას და ფორმატი უნდა გაიზარდოს...ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს თუ გადავხედავთ, ვგულისხმობ ყველა იმას, ვისაც აქვს შანსი, პარლამენტში შევიდეს."
ძნელი სათქმელია, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა მოინდომონ შეხვედრებში ლეიბორისტული პარტიის, აღორძინების კავშირის, ახალი მემარჯვენეების ან მრეწველების წარმომადგენელთა ჩართვა. ბოლო დღეების მოვლენებმა - კერძოდ, ამ პარტიების გადაწყვეტილებამ, მონაწილეობა არ მიეღოთ საპროტესტო აქციებში, ამ ეტაპზე ამ პარტიების თანამშრომლობის შესაძლებლობა ნულამდე დასცა.
რაც შეეხება კომპრომისს - აქაც გარკვეული წიანაღმდეგობები შეინიშნება. ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერი ნინო ბურჯანაძე კვლავინდებურად მოითხოვს 2 ნოემბრის არჩევნების ბათილად გამოცხადებას და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას:
[ ნინო ბურჯანაძის ხმა] " ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ არჩევნების შედეგი საქართველოში გაუქმდეს. ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ აღიარებული იქნეს, რომ არ ჩატარებულა არჩევნები სააქრთველოში. თქვენი სიმტკიცეა გარანტია იმისა, რომ ხელისუფლება ამ დათმობაზეც წამოვა ისევე, როგორც ის წავიდა ბოლნისის ოლქის გაუქმებაზე."
მისგან განსხვავებით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პირველ გამარჯვებად აღიქვამს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბოლნისის საარჩევნო ოლქის არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაიწყო საჩივრების განხილვა იმის თაობაზე, რომ გაუქმდეს მარნეულის, გარდაბნის, ხელვაჩაურის შედეგები, რითაც, თუ მათ ეს გააკეთეს, სახელისუფლებო ბლოკი გადადის შორეულ მეორე ადგილზე და რითაც ხაზი ესმება ოპოზიციის გამარჯვებას."
სადავო ოლქების შედეგების გაუქმების აუცილებლობას უკვე აღიარებს სახელისუფლებო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ რჩეულიშვილიც, რომლის განცხადებითაც, თუ აუცილებელია, უნდა გაუქმდეს არა მხოლოდ ქვემო ქართლის რამდენიმე საარჩევნო ოლქის, არამედ აჭარის საარჩევნო ოლქების შედეგებიც.
XS
SM
MD
LG