Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა მრავალმხრივი კომენტარით ეხმაურება მსოფლიო პრესა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს,

რაც ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია. ბრიტანეთის ჟურნალი "ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტი", საქართველოში ორ ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს უწოდებს "კატასტროფას, რომელიც ადრე თუ გვიან უნდა მომხდარიყო.

"იმ დროს, როცა არჩევნების საბოლოო შედეგები ჯერაც არ გამოუქვეყნებიათ", - წერს ჟურნალი, "აშკარა შეუსაბამობამ საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელ გამოკითხვასა და არჩევნების წინასწარ შედეგებს შორის მრავალი მიმომხილველი მიიყვანა ღოგიკურ დასკვნამდე, რომ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და მისმა ბლოკმა "ახალი საქართველოსთვის", არჩევნები გააყალბეს, რითაც ხელყვეს ქართველი ხალხის მოქალაქეობრივი უფლება. წინასწარი მონაცემებით შევარდნაძის ბლოკმა ხმების ოც პროცენტზე მეტი მიიღო, მაშინ როცა არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა სახელისუფლებო ბლოკს ხმების შვიდ პროცენტზე ნაკლებს უწინასწარმეტყველებდა."
შემდეგ, პუბლიკაციაში ვკითხულობთ:

"საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გრძელდება ოპოზიციის მომხრეთა საპროტესტო დემონსტრაცია, და ბევრი მათგანი შევარდნაძის გადადგომას მოითხოვს. საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია ხელს აძლევს მკაცრი კურსის მომხრეებს კრემლში, რომლებმაც საკუთარი პროგრამა შეიმუშავეს საქართველოში ძირგამომთხრელი საქმიანობის განსახორციელებლად. პრეზიდენტი პუტინი და მისი გუნდი ორი წელია ამზადებს შევარდნაძის დამხობის სტრატეგიულ გეგმას. საქართველოს საგარეო- პოლიტიკურმა კურსმა, და პირველ რიგში სულ უფრო მზარდმა თანამშრომლობამ შეერთებულ შტატებთან სამხედრო სფეროში, შეშფოთება გამოიწვია მოსკოვში. და აი, კრემლმა საქართველოს ეგრედ წოდებული "სათადარიგო მთავრობა" შექმნა მოსკოვში ლტოლვილი გენერალ- ლეიტენანტის იგორ გიორგაძის მეთაურობით; გიორგაძისა, რომელიც ყოფილი კაგებეს პოლკოვნიკის ჩინით საქართველოს სახელმწიფო უშიშროების უწყებას ხელმძღვანელობდა. მოსკოვის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება შევარდნაძის დადანაშაულება იმაში, რომ ჩეჩენმა "ტერორისტებმა" საქართველოს ტერიტორიაზე ნახეს თავშესაფარი. და ბოლოს, იგივე მიზანს ემსახურება კრემლის გეგმა პრო-რუსული პოლიტიკური მოძრაობები შექმნას საქართველოში, როგორიც მაგალითად, ლეიბორისტული პარტიაა."

გაზეთ "გარდიანის" საკუთარი კორესპონდენტი ნიკ პეტონ უოლში თბილისში გაესაუბრა 19-წლის აბაზარს, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის ელიტური სამხედრო შენაერთის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც უთხრა, რომ მისი ხელფასი 40 დოლარია თვეში. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"ეს ფორმა რომ არ მეცვას, საპროტესტო დემონსტრაციას შევუერთდებოდი მეც. შევარდნაძე უნდა წავიდეს" - ჩაილაპარაკა აბაზარმა. ედუარდ შევარდნაძეს, ადამიანს, ვისაც ცივი ომის დამთავრებაში მიუძღვის წვლილი, დღეს რუმინელი ხალხის მიერ დამხობილსა და სიკვდილით დასჯილ დიქტატორს, ნიკოლაე ჩაუშესკუს ადარებენ. ოთხ მილიონიან საქართველოში ათეული ათასობით ადამიანი მილიციასა და შინაგანი ჯარის ნაწილებში მსახურობს. "მთელი თავისი კარიერის მანძილზე, იყო იგი საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი თუ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი, შევარდნაძეს ყოველთვის მეტი ძალაუფლება სურდა. თუკი არსებობს თუნდაც უმნიშვნელო შანსი პრეზიდენტის თანამდებობის შენარჩუნებისა, შევარდნაძე მას ხელიდან არ გაუშვებს. მისი ყოველი ნაბიჯი ძალაუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული" - მითხრა საქართველოს პარლამენტის წევრმა ვახტანგ ხმალაძემ".
XS
SM
MD
LG