Accessibility links

logo-print

პოლ ბრემერის მოლაპარაკება თეთრ სახლში


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, თეთრ სახლში ორდღიანი მოლაპარაკების დამთავრების შემდეგ,

პოლ ბრემერმა, რომელიც ერაყში ამერიკის დროებით ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციას კვლავაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რაც შეიძლება მალე გადასცეს ერაყელებს თავიანთი ქვეყნის მართვის სადავეები. ბრემერი სამშაბათს იხმეს სასწრაფოდ ვაშინგტონში ხსენებული საკითხის განსახილველად.

ბრემერის ჩასვლასთან დაკავშირებით ვაშინგტონში გამართულ ორდღიან მოლაპარაკებას თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი, სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი და დროდადრო, თავად პრეზიდენტი ბუშიც ესწრებოდა. კორესპონდენტებთან შეხვედრისას თეთრ სახლში ბრემერმა თქვა, რომ დრო არ ითმებს, და ამდენად, "ინტენსიური" მოლაპარაკება მიმდინარეობს ვაშინგტონსა და ერაყის მმართველ საბჭოს შორის. მისივე თქმით ამ საბჭოს გაერომ დაავალა 15 დეკემბრისათვის წარმოადგინოს ერაყში საყოველთაო არჩევნების ჩატარებისა და კონსტიტუციის მომზადების განრიგი.

პოლ ბრემერმა ორჯერ უპასუხოდ დატოვა შეკითხვა გავრცელებულ ცნობასთან დაკვშირებით, რომ თითქოს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მრავალი ერაყელი იმედგაცრუებულია მათს ქვეყანაში ამერიკელი სამხედროების ყოფნით, და რომ ბევრი მათგანი მეამბოხე ექსტრემისტთა მხარეზე გადადის. ბრემერმა უბრალოდ დასძინა, რომ შეუძლებელია ამ ეტაპზე "განსაზღვრო" ერაყელი ხალხის განწყობა [პოლ ბრემერის ხმა]: "ჩვენ ომს ვაწარმოებთ ტერორიზმთან და არც თუ ინტენსიურ კონფლიქტს დავუპირისპირდით ერაყში. უაღრესად მნიშვნელოვანია ომი ტერორიზმთან, და მნიშვნელოვანია ასევე ერაყში სუვერენული მთავრობის შექმნაც" - განაცხადა პოლ ბრემერმა.

ბრემერმა გაიმეორა თეთრი სახლის ადმინისტრაციის მტკიცება, რომ ექსტრემისტთა თავდასხმებს ერაყში, უმეტესწილად თავად ერაყელები ეწირებიან, და რომ დარწმუნებულია, ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობა არ შეუშინდება.

ხოლო სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ მიღებული აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერაყელები ნდობით არიან განწყობილი შეერთებული შტატების მიმართ და სურთ, რომ ვიდრე ქვეყანაში არ მოხდება ვითარების სტაბილიზაცია, ამერიკელმა სამხედროებმა არ დატოვონ ერაყი [კოლინ პაუელის ხმა]: "ხალხის განწყობა ყოველთვის იცვლება, მაგრამ ჩვენი პოზიცია გარკვეულია: ჩვენ მანამდე დავრჩებით ერაყში, ვიდრე არ იქნება იმის გარანტია, რომ ერაყელ ხალხს მიეცემა დემოკრატიული მთავრობის არჩევის შესაძლებლობა ".

დასავლეთის პრესაში ხუთშაბათს გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს გეგმას, რომლის თანახმად მომავალი წლის პირველ ნახევარში ერაყში საყოველთაო არჩევნები უნდა გაიმართოს, რაც გახდის შესაძლებელს, რომ ბრემერის კოალიციურმა ადმინისტრაციამ დროებით მთავრობას გადასცეს ძალაუფლება, თანაც ყოველივე ეს კონსტიტუციის შედგენამდე უნდა მოხდეს.
XS
SM
MD
LG