Accessibility links

logo-print

გაერთიანებული ოპოზიცია საბოლოოდ ამბობს უარს მოლაპარაკებაზე და შევარდნაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს


საქართველოს პრეზიდენტისა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრის ორდღიანი მოლოდინი ფუჭი გამოდგა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს განაცხადა,

რომ გაერთიანებული ოპოზიცია საბოლოოდ ამბობს უარს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრაზე, და საქართველოს მოსახლეობას საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი თავად ედუარდ შევარდნაძემ აიძულა უარი ეთქვათ დიალოგზე, იმით, რომ ოპოზიციის ზურგს უკან აჭარის ლიდერს ხელისუფლების გადაცემაზე გაურიგდა. პარლამენტის წინ მდგარ მომიტინგეებს 13 ნოემბერს შეუერთდა ბლოკი "ერთობაც", რომლის ლიდერმა, საქართველოს კომპარტიის ყოფილმა პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა ასევე მოუწოდა შევარდნაძეს გადადგომისკენ.


საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილ მიტინგზე, რომელიც ხელისუფლების დუმილის პირობებში მეხუთე დღეა ქვეყნის მთავარ საინფორმაციო წყაროდ რჩება, ხუთშაბათს უამრავმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი. ყველა ელოდა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვას, რასაც საბოლოოდ უნდა გაეცა პასუხი შეკითხვაზე: გაიმართებოდა თუ არა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების მორიგი შეხვედრა, რაზეც ორი დღის განმავლობაში ბევრს ლაპარაკობდნენ სახელისუფლებო კულუარებში. თუმცა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ტრიბუნას დაიკავებდა, უკვე ცნობილი იყო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იმედგაცრუებულია ხელისუფლების ბოლოდროინდელი მოქმედებით. ბლოკ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ბოლომდე იბრძოლებს, რათა ხელისუფლებამ აღიაროს დამარცხება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აღიაროს დამარცხება, აღიაროს, რომ მან დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა 2003 წლის 2 ნოემბერს, როდესაც თქვენ წაგართვათ უმთავრესი კონსტიტუციური უფლება; ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც თქვენ ამ დღემდე მოგიყვანათ."

კიდევ უფრო კატეგორიული იყო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, რომლის მოულოდნელმა შეხვედრამ სახელმწიფო მინისტრთან წინა დღით წარმოშვა აზრი, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ერთიანობა შეარყია. მიხეილ სააკაშვილმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამოიწურა ყოველგვარი დიალოგის რესურსი საქართველოს პრეზიდენტთან მას შემდეგ, რაც შევარდნაძე აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეს, აშკარად, გაურიგდა. საქართველოს პრეზიდენტი, სააკაშვილის თქმით, მზად არის მთლიანად ასლან აბაშიძის პარტიას დაუთმოს უშიშროებისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პორტფელები და პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედაც აჭარის ლიდერის ფავორიტი დანიშნოს.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ ყოველგვარი მოლაპარაკებები და კონსულტაციები შევარდნაძის დანაშაულებრივ რეჟიმთან უნდა შეწყდეს. შევარდნაძე გაურიგდა აბაშიძეს და დაჰპირდა მას, რომ დაუნიშნავს ძალოვან მინისტრებს თბილისში, აპირებს, რომ მისცეს შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების მინისტრის პოსტები, დაჰპირდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ დანიშნავს მის ფავორიტს და ხავერდოვნად გადააბარებს [ხელისუფლებას]იმ რეჟიმს, რომელმაც ბათუმში დაამყარა დიქტატურა და ახლა თბილისში აპირებს დიქტატურის დამყარებას."

მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა თავის მომხრეებს, საქართველოს ყველა კუთხიდან დაიწყონ ჩამოსვლა თბილისში და შემოუერთდნენ პარლამენტის წინ შეკრებილ მომიტინგეებს. ამ მოწოდებებს ჯერჯერობით ოლიმპიური სიმშვიდით ადევნებს თვალს საქართველოს ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლები თავს ვალდებულად არ თვლიან, თუნდაც ოფიციალურ პრესას მაინც მიაწოდონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა მოილაპარაკეს შევარდნაძემ და აბაშიძემ ბათუმში და რა მიზანს ისახავდა აჭარის ლიდერის მოულოდნელი ვიზიტები ერევანსა და ბაქოში. და, აი, როგორც სააგენტო"პრაიმ-ნიუსი" იტყობინება, ასლან აბაშიძე უკვე მოსკოვში იმყოფება. პოლიტიკური ვითარება საქართველოში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება.
XS
SM
MD
LG