Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის მიემხრობა სასამართლო: კანონს თუ ხელისუფლებას?


დავით პაიჭაძე, თბილისი სამართლებრივი ბრძოლა არჩევნების გაყალბებულ შედეგთა წინააღმდეგ გრძელდება, თუმცა კონფლიქტის გადატანას სასამართლო დარბაზებში არაერთგვაროვანი შედეგები მოსდევს. მაგალითად,

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 13 ნოემბერს გააუქმა ამ ქალაქში არჩევნების შედეგები, რაც ნიშნავს, რომ საოლქო კომისიამ თავიდან უნდა გადათვალოს როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ისე პროპორციული არჩევნების შედეგები. 12 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა ინტერესი საზოგადოება "სამართლიანი არჩევნების" მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგების მიმართ, თუმცა ჯერ გაუგებარია, რა შეიძლება მოჰყვეს ამ დაინტერესებას. მინდა გესაუბროთ გაყალბების წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის ზოგიერთ ასპექტზე.

კანცელარიის მაღალჩინოსანთა ინტერესს, გასცნობოდნენ "სამართლიანი არჩევნების" ხელთ არსებულ სურათს, ნაირგვარი ინტერპრეტაცია შეიძლება მიეცეს: ხმათა პარალელური დათვლის შედეგები, სვარაუდოდ, გარკვეული ხარისხით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხმათა დაჯამებისას. მეორე: ეს იყო ხელისუფლების მორიგი ცრუმოძრაობა დროის გასაყვანად; ოპოზიციის ტაქტიკა დღეს ეფუძნება რწმენას, რომ წინააღმდეგობის მუხტი უფრო გაღვივდება. ხელისუფლება კი, პირიქით, აშკარად ამ მუხტის მინავლებას ელის და ფიქრობს, რომ დრო მისი მოკავშირეა. ამჯერად ეს დრო შეავსო კანცელარიიდან გამოსული ნანა დევდარიანის გაუმჭვირვალე ნართაულმა "სამართლიანი არჩევნებისადმი" ცენტრალური საარჩვენო კომისიის დადებითი დამოკიდებულების შესახებ.

რაც უნდა იყოს, ბრძოლა არჩევნების დეკლარირებული შედეგების შესაცვლელად გულისხმობს ამ ბრძოლაში არბიტრის, ანუ ხელისუფლების მესამე შტოს - სასამართლოს, ჩართვას. სასამართლომდე გასაჩივრება შეიძლება საოლქო საარჩევნო კომისიებში. "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი თამარ ჟვანია ასე აღწერს აუცილებელ ნაბიჯთა თანმიმდევრობასა და სამართლიანობის აღდგენის საშუალებებს:
[თამარ ჟვანიას ხმა] "სადაც შესაძლებელია იურიდიული რეაგირება, ეს მოხდება კიდეც სამართლებრივ ჩარჩოებში - მე ვგულისხმობ მთელ საქართველოს, აჭარის გარდა. უნდა გასაჩივრდეს ის პროცედურები, რომელთა გამო არჩევნები გაყალბდა და, შედეგად, ჩაშლილად ან ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მიღებული ადმინისტრაციული აქტები; შემდგომი ხელახალი შემოწმებისა და გადათვლის გზით უნდა მივიღოთ ახალი ადმინისტრაციული აქტები და მათ საფუძველზე უნდა დაჯამდეს შედეგები. ეს არის იურიდიული რეაგირების გზა. თუმცა "სამართლიანი არჩევნები" პირდაპირ აცხადებს, რომ აჭარაში არანაირი სამართლებრივი გზა არ არსებობს, აქ ყველაფერი პოლიტიკურ ჩარჩოებში თავსდება და არჩევნების საკითხი რეგიონში პოლიტიკურად არის გადასაწყვეტი."

ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი წინააღმდეგობის მოხსნა მხოლოდ სამართლებრივი საშუალებებით არ მოხერხდება.
XS
SM
MD
LG