Accessibility links

მოსკოვში ჩარჩო ხელშეკრულებისა და სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება მიმდინარეობს


საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების ფონზე, მოსკოვში ერთდროულად ორი სხვადასხვა ქართულ-რუსული მოლაპარაკება გაიმართა. ეს ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს აფიქრებინებს

რომ საქართველოს ხელისუფლება შიდა საქმეებში რუსეთის როლის გააქტიურებას ცდილობს. ოპოზიციამ მსგავსი შეშფოთება ორიოდე დღის წინაც გამოთქვა, როდესაც აჭარის ავტონომიის მეთაურისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრის სომხეთში ვიზიტი ერთმანეთს დაემთხვა.

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებათა პროცესი ჩარჩო ხელსეკრულებისა და სამხედრო ბაზების შესახებ წლების მანძილზე ჭიანურდება. რუსეთი ისეთ დროსაც კი თავს არიდებს ქართულ მხარესთან შეხვედრას, როდესაც კრემლი დაკავებული არ არის მნიშვნელოვანი დიპლომატიური თუ საშინაო საქმეებით. სწორედ ამიტომ გადაიდო ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ჩარჩო ხელშეკრულების ტექსტის შემთანხმებელ ექსპერტთა კონსულტაციები. ეს შეხვედრა 11-12 ნოემბერს გაიმართა, მაშინ როდესაც ოფიციალური თბილისი შიდაპოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებითაა დაკავებული. მოლაპარაკებათა მხარეების განცხადებით, მათ წინ წაწევა მოახერხეს.

12 ნოემბერს მოსკოვში რუსეთ-საქართველოს კიდევ ერთი მოლაპარაკება დაიწყო საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების სტატუსის თაობაზე. ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობა ჩარჩო ხელშეკრულების მთავარ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს, ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილთან ერთად.

13 ნოემბრის გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით კი, რომლის ავტორია გაზეთის მოსკოველი კორესპონდენტი რუსუდან ნიკურაძე, რუსეთის ხელისუფლების კულუარებში საქართველოში სამხედრო ბაზების ხანგრძლივი დროით დარჩენის ვარაუდებს გამოთქვამენ. მე რუსუდან ნიკურაძეს ტელეფონით დავუკავშირდი.

[რუსუდან ნიკურაძის ხმა] "ბაზების სტატუსი და მათი პერსპექტივა პირდაპირ კავშირშია დღეს იმ პროცესებთან, რაც დღეს საქართველოში ხდება. ასე რომ, მოსკოვი, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ოფიციალურ თბილისს და, ალბათ, ლოგიკურად გამოიყურება რუსი ექსპერტების ასეთი ანალიზი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ან რუსეთის ხელისუფლება დააპირებს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნის შესახებ უკვე არსებული პოზიციის კორექტირებას."

აქამდე რუსეთი საკუთარი ბაზების საქართველოში 11 წლით ბაზირებას მოითხოვდა. ქართული მხარე კი დაჟინებით ამტკიცებდა, რომ რუსეთის ბაზების დემონტაჟი 3 წლის მანძილზეც შეიძლება. მე შევეცადე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დამეზუსტებინა, სინამდვილეს შეესაბამება თუ არა, რომ რუსეთის ბაზებთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია შეიცვალა. ამ კითხვაზე საგანგებო დავალებათა ელჩის მიხეილ უკლებას პასუხი ასეთი იყო:

[მიხეილ უკლებას ხმა] "მე ასეთი ინფორმაცია არა მაქვს. და ეს მოლაპარაკება მიდის ახლა. ჩამოვლენ ჩვენი სამუშაო ჯგუფის წევრები და თქვენ მათგან მიიღებთ ინფორმაციას."

სავარაუდოა, რომ მოსკოვი უარს არ იტყვის, საქართველოს შიგნით არსებული რთული პოლიტიკური ვითარება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. ქართულ მხარეს წინააღმდეგობის გასაწევად სამხედრო ბაზების კომუნალური დავალიანების ბერკეტიღა დარჩენია.
XS
SM
MD
LG