Accessibility links

logo-print

აღმშენებლობა ოპიუმის წარმოების ერთ-ერთ ყველაზე დიდ რეგიონში


ძალიან გამიკვირდა, როცა შევიტყვე, რომ გერმანიის ბუნდესვერის - არმიის - მცირე ნაწილი, რამდენიმე ასული კაცი,

ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში განთავსდება და ყუნდუსში მოუწევს მისიის შესრულება, მაგრამ არანაირად არ ეხება ოპიუმის მწარმოებლებსა და გამსაღებლებთან ბრძოლა. გამიკვირდა იმიტომაც, რომ გერმანიის არმიაში ჯარისკაცს რომ ჰაშიშზე წაასწრონ, მკაცრად სჯიან. ავღანეთში კი, სამ პროვინციაში - თახარში, ბაღლანსა და ბადახშანში [ეს უკანასკნელი ოპიუმის ერთ-ერთი ცენტრია], მათ ევალებათ ამ რეგიონის აღმშენებლობას შეუწყონ ხელი, ოღონდ ოპიუმის თემას არ უნდა შეეხონ. დამეთანხმეთ, ცოტა მძიმე მისიაა. მაგრამ, მეორე მხრივ, უცხო ჯარის მეშვეობით ამგვარი დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გზას ვინც დაადგა, ავღანეთში მაინც, წარმატებას ვერ მიაღწია. აქვე უნდა ითქვას, რომ გერმანიის არმიის სამხედრო მისია ავღანეთში, ქაბულსა და ქვეყნის დასავლეთში შედეგიანი იყო. მაგრამ გერმანელებმა ხელი მოჰკიდეს ამ ახალ მისიას ყუნდუსში იმის გათვალისწინებით, რომ სტაბილიზება და აღმშენებლობა მხოლოდ იარაღით არ მიიღწევა. ეს იყო გერმანიის მთავრობის აზრი, როცა გადაწყვიტა ამ ტიპის მისიაში მიეღო მონაწილეობა. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი ავღანეთის საკითხებში არის სამხედრო საჰაერო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი გიუნტერ კატცი. [კატცის ხმა] "გერმანიის მთავრობის წინადადებით იქმნება ეგრეთ წოდებული კუნძული. "აღმშენებლობის რეგიონალური ჯგუფის" კუნძულების შექმნა ამერიკელთა იდეაა. მათ ასეთი რვა კუნძული შექმნეს, რათა იქ სახელმწიფო და უსაფრთხოების სტრუქტურები განემტკიცებინათ. ყუნდუსს რაც შეეხება, ჩვენ სხვა, ამერიკელებისგან განსხვავებული, გზით წავედით. ამერიკელები, პირველ რიგში, სამხედრო გზას დაადგნენ; ჩვენ, ფაქტობრივად, უსაფრთხოების ხელმშემწყობი საერთაშორისო ძალების, ანუ ნატოს, ხელმძღვანელობით ვქმნით ამ ძალების კუნძულს, რომელიც მხოლოდ სამხედრო კი არა, სამოქალაქო ძალებისგანაც შედგება."
ამ სამოქალაქო ძალებს წარმოადგენენ გერმანიის შინაგან საქმეთა და განვითარებაში დახმარების სამინისტროების წარმომადგენლები. გერმანელებს ამ ქვეყნის ბედ-იღბალში დადებითი როლი უთამაშიათ ისტორიულად და ახლა ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პეტერ შტრუკმა ერთხელ განაცხადა კიდეც: "ჩვენს ჯარისკაცებს, სხვა ქვეყნების ჯარისკაცებთან შედარებით, იქ ძალიან დიდი ავტორტეტი აქვთ." რა არის ამის მიზეზი? ვთხოვე დაეზუსტებინა ვიცე-პოლკოვნიკ გიუნტერ კატცს [კატცის ხმა]:
"გერმანიას ავღანეთთან ყოველთვის კარგი ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდა. გერმანია ზრუნავდა აღმშენებლობის სხვადასხვა პროექტებისთვის. მაგალითად, ყუნდუსის რეგიონში არაერთი პროექტი ხორციელდება - ნაწილობრივ, ჰუმანიტარული და, ნაწილობრივ, სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ სკოლების აგების, სასმელი წყლის ჭების გათხრისა და სხვა საქმეში. კარგი სახელ გვაქვს, რადგან მშვიდობიანი საშუალებით ამ ქვეყნის სტაბილიზებას ვცდილობთ". როგორც გითხარით, ეს გუნდები - მათში სამოქალაქო და სამხედრო პირები შედიან - დამოუკიდებლად მოქმედებენ ცალკეულ რეგიონებში. დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ, ამავე დროს, რეგიონის უშუალო მმართველის შემყურეებიც არიან. ავიღოთ იგივე ყუნდუსი, რომლის გუბერნატორი, აბდულ ლატიფ იბრაჰიმი, უშუალოდ არის ჩართული ნარკობიზნესში. ყუნდუსის სამხედრო მმართველი მოჰამედ დაუთი ასევე უფრთხილდება თავის ძალაუფლებას, რომელიც მის კერძო არმიაზეა დაფუძნებული. დაუთის არმია კი ავღანეთის თავდაცვის მინისტრის მოჰამედ ფაჰიმის არმიის ნაწილია. ამ არმიას კი მინისტრი ასევე ნარკოტიკების გასაღებიდან მიღებული თანხით აფინანსებს. იმის შესახებ, თუ რატომ არ ეხებათ მათ ნარკოტიკები, გიუნტერ კატცს მოუსმინეთ [კატცის ხმა]: "გერმანიის პარლამენტის მანდატი ერთმნიშვნელოვანი იყო: ვამარაგებთ რეგიონს, ვეხმარებით სტაბილიზებასა და აღდგენაში. ამასთან, არ არის გერმანიის არმიის ამოცანა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობა. მინისტრმაც ინტერვიუებში გარკვევით თქვა, რომ ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა პოლიციის ამოცანაა და არა ჯარისა". გერმანელი მედესანტეები - ისინი ყველა არმიის სერიოზულ დამრტყმელ ძალას წარმოადგენენ - გუშაგის როლს ასრულებენ მხოლოდ. აღსანიშნავია, რომ როცა ამ მისიის გადაწყვეტილება იწერებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის იოშკა ფიშერის მოთხოვნით, ოქმში ჩაიწერა, რომ ბუნდესვერის მანდატი არ გულისხმობს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას იმ ქვეყანაში, რომელზეც მსოფლიოში გავრცელებული ნარკოტიკების 75 პროცენტი მოდის. ავღანეთის პრეზიდენტმა გამოუშვა დადგენილება ნარკოტიკების მოშენების აკრძალვის შესახებ, მაგრამ მას არავინ ემორჩილება. არც არის გასაკვირი: ერთი ჰექტარი მარცვლეული 300 დოლარის მოგებას იძლევა, ერთი ჰექტარი ოპიუმი - 14 ათასს. აქვე გეტყვით, რომ ავღანეთის მთავრობა ევედრებოდა გერმანიის მთავრობას, გაეგზავნა ჯარი, რომელიც ნარკობიზნესის ბოსებს მისდგებოდა, მაგრამ უარი მიიღო. ნარკოტიკებიდან მიღებული ფულით ფინანსდება ტერორიზმი, იარაღი და ხალხი, რომელიც სამალავიდან იბრძვის. მათ წინააღმდეგ კი მსოფლიო კოალიციაა შექმნილი. გერმანიის არმიის მცდელობას, მშვიდობიანი გზით აღმშენებლობას შეუწყოს ხელი რეგიონში, სადაც ფული ყველგან აკრძალული საქმიანობის გზით კეთდება, მხოლოდ წარმატება შემიძლია ვუსურვო.
XS
SM
MD
LG