Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა დღევანდელ მიმოხილვაში, ისევე, როგორც წინა დღეებში, შემოგთავაზებთ გაზეთების გამოხმაურებას საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით,

რაც ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებამ გამოიწვია. გაზეთ "მოსკოუ ტაიმსის" აზრით, კავკასიის რეგიონისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა დემონსტრაციები და საპროტესტო გამოსვლები. და აი, თბილისში, მორიგი დემონსტრაცია იმართება "კიდევ ერთი აშკარად გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების" გამო - აღნიშნავს გაზეთი და სარედაქციო სტატიაში დასძენს:

"მას შემდეგ, რაც იგი მიხაილ გორბაჩოვს ამოუდგა მხარში, და როგორც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თავის დროზე ცივი ომის დამთავრების საქმეში, ედუარდ შევარდნაძეს თითქოს განაღდებული ჰქონდა უკვე თავისი ადგილი ისტორიაში. იმ დროს, როცა მას ალბათ სამშობლოს ბედზე ფიქრით დამშვრალ ლიდერად წარმოუდგენია თავი, თქმა არ უნდა, რომ ქართველების უმრავლესობას შევარდნაძე ემახსოვრება, როგორც კორუმპირებული ლიდერი, რომლის კლანმა ქვეყანა გაძარცვა".

ჩეხეთის კონსერვატიული გაზეთი "ლიდოვე ნოვინი" ამერიკა-რუსეთის დაპირისპირების ჭრილში იხილავს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს და წერს, რომ საქართველო არის უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ქვეყანა, სადაც შეერთებული შტატებისა და რუსეთის ინტერესები უპირისპირდება ერთმანეთს. გაზეთი განაგრძობს:

"ვითარების დესტაბილიზაციამ საქართველოში, როგორც შიდაპოლიტიკურ ასევე ეთნიკურ ნიადაგზე, შესაძლოა კრემლის წისქვილზე დაასხას წყალი, ვინაიდან მიმართული იქნება შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომლის სტრატეგიული მიზანია - შეამციროს კავკასიის რეგიონში რუსეთის გავლენა".

რუსეთის ყოველდღიური "კომერსანტი"
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ვითარებას "ოქტომბრის რევოლუციას" ადარებს და ლენინის ცნობილი განმარტების პერიფრაზას გვთავაზობს: "ძალაუფლების სათავეში მყოფთ აღარ შეუძლიათ ძვეოებურად მართვა, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მსურველთ კი აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება". სურთ" ოპოზიციასთან შევარდნაძის დიალოგი შეუძლებელია - და აი რატომ:

"ის (შევარდნაძე) იმის გამო აღმოჩნდა ასეთ ვითარებაში, რომ თავის დროზე არ ჩამოუყალიბებია ნაციონალური იდეა, რომელიც შეძლებდა ელიტისა და საზოგადოების გაერთიანებას. გაერთიანება კარგია - მაგრამ გაერთიანება ვის, ან რის გარშემო? ამ შეკითხვას პასუხი ვერ გაეცემა, სანამ საქართველო ერთდროულად ორ სკამზე ზის: ცდილობს ერთდროულად დემოკრატიაც იყოს და ავტოკრატიაც".

"კლანური ინტერესები დემოკრატიის ნაცვლად" - ასეა დასათაურებული სარედაქციო სტატია შვეიცარიის გაზეთ "ბაზლერ ცაიტუნგში". სტატიაში ვკითხულობთ:

"ათასობით დემონსტრანტის გამოსვლა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ჯერ კიდევ არ ნიშნავს რევოლუციას, თუნდაც ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვონ. შევარდნაძემ იმიტომ გააყალბა არჩევნები, რათა მომავალ პარლამენტში საკმარისად ჰყავდეს მომხრეები, რაც მასა მის ოჯახს ხელშეუხებლობის გარანტიას ჰპირდება, როგორც ეს ბორის იელცინმა მოახერხა, როცა ვლადიმირ პუტინი შეარჩია თავის მემკვიდრედ".
XS
SM
MD
LG