Accessibility links

logo-print

მორიგი გრანდიოზული საპროტესტო გამოსვლა თბილისის ცენტრში


შევარდნაძის წინააღმდეგ საქართველოს მოსახლეობის სრული მობილიზაციის მოწოდებას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. "არჩევნების გაყალბების წინააღმდეგობის ფრონტის" ლიდერების დაძახილზე

პარასკევს რუსთაველის პროსპექტზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა. დღის 4 საათზე იქ დაიწყო დაახლოებით ისეთი გრანდიოზული მასშტაბის საპროტესტო აქცია, როგორის მომსწრეც თბილისელები კარგა ხანია არ ყოფილან. მიხეილ სააკაშვილმა რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი ათასობით ადამიანის წინაშე გამოსვლისას ედუარდ შევარდნაძეს მოუწოდა, საღამოს ექვსის ნახევრამდე ამ ხალხთან მისულიყო, მაგრამ პრეზიდენტი ამ მოწოდებას არ გამოხმაურებია. 14 ნოემბერს თბილისის ცენტრში ჩატარებული დიდი საპროტესტო აქცია მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა დროებით. "წინააღმდეგობის ფრონტმა" სახალხო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და ხალხს მოუწოდა, ორშაბათს, დღის 4 საათზე, კვლავ რუსთაველის პროსპექტზე მოიყაროს თავი.

თბილისის ცენტრში "არჩევნების გაყალბების წინააღმდეგობის ფრონტის" მიერ ორგანიზებული გრანდიოზული საპროტესტო აქცია დასრულებულად ისე გამოცხადდა, რომ ვერც რუსთაველის პროსპექტზე მოგუგუნე შეძახილებმა "გადადექი, გადადექი!" და ვერც პარლამენტის შენობის წინ აჟღერებულ ქართულ საბრძოლო ჰანგებზე მომოტინგეების აცეკვებამ პრეზიდენტი ვერ გატეხა. ალბათ, პრეზიდენტიც ნახავდა იმ შთამბეჭდავ კადრებს, რომლებიც რუსთაველის პროსპექტზე შეკრებილი უამრავი ადამიანის განწყობას ასახავდა.

ხალხი, რომელსაც მობეზრდა ტყუილი დაპირებებით ცხოვრება, პარლამენტის შენობის წინ ცეკვავდა. ეს იყო პროტესტის ისეთი ფორმა, როგორიც 1989 წლის აპრილში გვინახავს, მაგრამ ხელისუფლებისთვის გული არც მაშინ აუჩუყებია. ყოველ შემთხვევაში, შევარდნაძე მომიტინგეებთან არ მისულა. მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას მისულიყო აქციაზე და საკუთარი ხალხისთვის თვალებში ჩაეხედა, ის არ გამოხმაურებია. კონტაქტი აქციის ორგანიზატორებსა და პრეზიდენტს შორის არ შემდგარა. შესაბამისად, რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან საპროტესტო აქციას, რაც ბოლო მომენტში სახელმწიფო კანცელარიის შენობისთვის ცოცხალი ჯაჭვის შემორტყმით დასრულდა, ვითარება არ განუმუხტავს . "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატობის კანდიდატებმა მჯდომარე პერმანენტული საპროტესტო აქცია დაიწყეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში. გამოცხადებულია სახალხო დაუმორჩილებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ შეგვიძლია მოგასმენინოთ მოწოდება, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა მომიტინგეებს მაშინ მიმართა, როცა საპროტესტო აქცია დასრულებულად გამოაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] " ჩვენ არ ვესხმით არავის თავს, გვინდა მშვიდობიანი აქციები. დღეიდან წინააღმდეგობა - ყველა ქალაქში, ყველა რაიონში, ყველა დაწესებულებაში!"

და კიდევ, მორიგი გრანდიოზული შეკრება რუსთაველის პროსპექტზე ორშაბათს დღის 4 საათზე დაიწყოს - ასეთია სააკაშვილის, ბურჯანაძის და ჟვანიას საბოლოო გადაწყვეტილება.

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია ისეთივე ფორმით გრძელდება, როგორითაც ბოლო დღეებში მიმდინარეობდა. იქ რამდენიმე ადამიანი შიმშილობს, მოთხოვნით - 2 ნოემბრის არჩევნები გამოცხადდეს ჩაშლილად, დაინიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, გადადგეს პრეზიდენტი. მაგრამ პრეზიდენტი არ აპირებს გადადგომას, მით უფრო, ახალი პარლამენტის შეკრებამდე.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "როცა პარლამენტი მუშაობას დაიწყებს და საკანონმდებლო ხელისუფლება ძალაში შევა, იქნებ პრეზიდენტის გადადგომას მე თვითონ პირველმა მოვაწერო ხელი. მაგრამ ახლა პრეზიდენტის გადადგომა იქნებოდა უპასუხისმგებლო ნაბიჯი ჩემი მხრიდან. ყველაფერი უნდა გადაწყდეს კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში. "

ეს განცხადება შევარდნაძემ დილით, საპროტესტო აქციის დაწყებამდე, გააკეთა. საღამოს მას თბილისში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაურეკა რუსეთის პრეზიდენტმა და არა მარტო მან: ჯეიმს ბეიკერმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ სხეფერმა და სხვებმა. ედუარდ შევარდნაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სატელეფონო ზარსაც ელოდა.
XS
SM
MD
LG