Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავისი უკანასკნელი განკარგულებით ამომრჩეველთა ნაწილის კონსტიტუციური უფლება შელახა


13 ნოემბერს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, მიიღო განკარგულება, რომლის ძალითაც, 2003 წლის 2 ნოემბრის

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობით უნდა განისაზღვროს. ბათილი, გაფუჭებული და, განსაკუთრებით, ყველას წინააღმდეგ მიცემული ხმების არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან ჩამოცილებით, ცეესკო საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მაჩვენებლების გაზრდას უზრუნველყოფს. ანუ სავალდებულო შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვაში დაეხმარება ეგრეთ წოდებულ სატელიტ პარტიებს, განსაკუთრებით, "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", რომელსაც, წინასწარი მონაცემებით, ამ დროისათვის 6,3 პროცენტი აქვს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ანულირებული იქნება, დაახლოებით, 70 000 ბიულეტენი. მათ შორის, უმრავლესობა გაბათილებულია, 600 ბიულეტენში კი ხმა ყველას წინააღმდეგაა მიცემული - ყველა საარჩევნო სუბიექტი გადახაზულია. ბათილი და ყველას წინააღმდეგ მიცემულ ხმათა რაოდენობის არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობიდან გამოკლებით ცენტრალური საარჩევნო კომისია, პრაქტიკულად, ამომრჩევლის კონსტიტუციურ უფლებას ლახავს. ანუ არჩევნებზე ნამყოფ და გრძელ რიგში მდგარ ადამიანებს ეუბნება, რომ მათი გადაწყვეტილება არჩევნების შედეგებზე არ იმოქმედებს. ეს სხვა სიტყვებით იმასაც ნიშნავს, რომ არჩევნებზე ნამყოფ ადამიანებს, ფაქტობრივად, არჩევნებში მონაწილეობა არც კი მიუღიათ.
საგულისხმოა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ ბურჯანაძე-დემოკრატების, ნაციონალებისა და ლეიბორისტების წარმომადგენლები. რაც მთავარია, განკარგულებას ცეესკომ იურიდიული საფუძველი მოუნახა. ასეთ საფუძვლად მიჩნეულ იქნა საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის "ყ" ქვეპუნქტი. ამ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია "კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას" ახორციელებს. ეს იურიდიული საფუძველი, თავისი არსით, ხელოვნურია, მიუხედავად იმისა, რომ თავად ცეესკოს წევრები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

[ელდარ გოგიაშვილის ხმა] "ჯერ ერთი, კომისიას ჰქონდა მაგის უფლება. კანონი აძლევს მაგის საშუალებას, რომ პროცედურის აღმწერი ინსტრუქცია მიიღოს - ეს გააკეთა. კანონში არსად არ წერია, კენჭისყრაში მონაწილეთა რაოდენობა საიდან ითვლება. ეს მიიღო. მეორე კიდევ არის ევროსაბჭოს 93 წლის რეკომენდაციები, სადაც მითითებულია, რომ ბათილი და ესეთი ბიულეტენები არ უნდა ჩათვალო კენჭისყრაში."

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ახალი მემარჯვენეებიდან ელდარ გოგიაშვილი ამტკიცებს იმასაც, რომ ცეესკოს ამ განკარგულების მიღებისას ამოძრავებდა ერთადერთი მიზანი, კენჭისყრაში მონაწილეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა - შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტების პროცენტული მონაცემების გამოთვლა შედარებით პატარა რიცხვიდან.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]"ყველას პროცენტი აიწევს, ანუ ფარდობითი პროცენტი არ შეიცვლება. ანუ ამან შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მხოლოდ იმაზე, 7 პორცენტი გადალახა, თუ ვერ გადალახა. ამაზე შეუძლია ამას გავლენის მოხდენა. გავანებოთ თავი მიზანს, მთავარია ის, რომ უნდა იქნეს დათვლილი კანონის შესაბამისად."

როგორც ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი, იურისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კანონისაგან განსხვავებული ნორმა დააწესა, რისი უფლებაც მას, რასაკვირველია, არ ჰქონდა. კანონის თანახმად, არჩევნებში მონაწილედ ითვლება იმდენი ამომრჩეველი, რამდენმაც ამომრჩეველთა სიაში მოაწერა ხელი. ამ რაოდენობიდანვე უნდა გამოითვალოს საარჩევნო ბარიერის პროცენტული მაჩვენებელიც.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ პოლიტიზირებული განკარგულების გაუქმების მიზნით, "სამართლიანმა არჩევნებმა" საოლქო სასამართლოში უკვე შეიტანა სარჩელი.
XS
SM
MD
LG