Accessibility links

logo-print

სამოქალაქო ომის ვეტერანები ახალი სამოქალაქო ომის წინააღმდეგ


საქართველოს სუსტი სახელმწიფოებრიობა განსაკუთრებულად მგძნობიარეა ისეთი პოლიტიკური დაძაბულობის მიმართ, როგორიც 2 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა. ამის ნათელი მაგალითია ეკონომიკის ვარდნა,

სოციალური თუ კრიმინალური ვითარების გაუარესება და სხვ. ეს სამოქალაქო ომის ნიშნებია, 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარი კონფლიქტებისა თუ ომების მონაწილეთა აზრით. ისინი 14 ნოემბერს ფილარმონიის დიდ დარბაზში შეიკრიბნენ.

ომის ვეტერანთა შეკრების იდეა 13 ნოემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ლიდერებისა და სახელისუფლებო ბლოკის წევრის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის გია ყარყარაშვილის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. 14 ნოემბერს კი ფილარმონიის დიდ დარბაზში თავი მოიყარეს "თბილისის ომის", აფხაზეთის კონფლიქტისა თუ სამოქალაქო ომის მონაწილეებმა ორივე მხრიდან. გია ყარყარაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ 13 ნოემბერს, ოპოზიციის ლიდერებთან მისი შეხვედრის შემდეგ, კიდევ არსებობდა შანსი იმისა, რომ საქმე სამოქალაქო ომამდე არ მივა. მისივე ღრმა რწმენით, ეს შანსი სულ უფრო მცირდება.

[ყარყარაშვილის ხმა] "უკმაყოფილების გამოხატვისას ხელისუფლებასაც უნდა დაუტოვო გზა კომპრომისზე წასვლისა, უნდა დაუტოვო და ამით შეიძლება რაღაც პოლიტიკური პრობლემის მოგვარება. ისევე, როგორც ხელისუფლებამ უნდა დაუტოვოს გზა ღირსეული გამოსავლის ძიებისა ოპოზიციას. თუმცა არც ერთი დათმობა, არც ერთი კომპრომისი არ უნდა მოხდეს ქვეყნის საზიანოდ."

გია ყარყარაშვილმა ცოტა მოგვიანებით განმარტა, თუ რას ნიშნავს დათმობა ქვეყნის საზიანოდ.

[ყარყარაშვილის ხმა] "მოქალაქეთა ერთი ჯგუფის 10, 40, თუნდაც 50 ათასის, თუნდაც 100 ათასი კაცის უკმაყოფილების გასანეიტრალებლად არ შეიძლება ისეთი კომპრომისი, რომელიც 500 ათას უკმაყოფილო ადამიანს დაბადებს."

ყარყარაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ როგორც სახელისუფლებო, ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების უკან, რომლებიც ახლა სიჩუმეს არჩევენ, უამრავი მხარდამჭერი და თანამოაზრე დგას, რომელთა ინტერესების შელახვამ შეიძლება სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს ქვეყანა.

სამოქალაქო ომისა და აფხაზეთის კონფლიქტის ვეტერანები შეთანხმდნენ იმაზე, რომ წინ აღუდგებიან ახალი სამოქალაქო ომის გაღვივების ნებისმიერ მცდელობას. თუ როგორ, ამაზე პასუხის გაცემა ვთხოვე ფილარმონიის აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ადრე დასავლეთ საქართველოში განვითარებული საბრძოლო მოქმედებების აქტიურ მონაწილეს ლევან პირველს.

[ლევან პირველის ხმა] "ვინც მოიმოქმედებს იმისთვის, რომ დაიღვაროს ქართველი კაცის სისხლი, უპასუხოდ არ დარჩება ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვინდა, რომ ვინმეს პიროვნული ამბიციების გამო შეეწიროს ისევ ქართველი ერი და ვაჩვენებთ, რომ არის ძალა, ძალა, რომელიც არის წინააღმდეგი ამ დაპირისპირების."(სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ამ შეკრების მონაწილენი ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ცდილობდნენ, პარტიზან დათო შენგელიას, ისევე როგორც სხვა გამომსვლელების განცხადებებიდან ნათლად ჩანდა, რომ ფილარმონიაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ლიდერთა მოწინააღმდეგენი შეიკრიბნენ.
ეს კიდევ უფრო ცხადი მას შემდეგ გახდა, რაც ოდნავ განსხვავებული აზრის მქონე ცნობილ დოკუმენტალისტ გოგა ხაინდრავას ფილარმონიის ტრიბუნასთან სიტყვა სტვენით შეაწყვეტინეს.

ამ განწყობის თანამოაზრეებით შეძლებს თუ არა გია ყარყარაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულოს, ეს უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG