Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი აპირებს ერაყელებისთვის ხელისუფლების გადაცემის დაჩქარებას, მაგრამ როგორ?


ცხადი გახდა, რომ შეერთებული შტატები აპირებს ერაყში დიდ ცვლილებებს, თუმცა ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ. ძალადობამ ყველას - უცხოელი სამხედროების, უცხოელი დიპლომატების,

ჰუმანიტარული ორგანიზაციების, ასევე ადგილობრივი მოქალაქეების - მიმართ ვაშინგტონი იმ აზრამდე მიიყვანა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს მთავრობა, რომელიც ერაყელებით დაკომპლექტდება. საქმე ის არის, რომ ადრე ამერიკელებს დაგეგმილი ჰქონდათ, დაწერილიყო კონსტიტუცია, მის საფუძველზე ჩატარებულიყო არჩევნები და შემდეგ შემდგარიყო მთავრობა. ამ პროცესს ერთი-ორი წელიწადი დასჭირდებოდა. ახლა აშკარა გახდა, რომ მოცდა აღარ შეიძლება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ეს მიზანი ბრიტანელ კოლეგა ჯეკ სტროსთან შეხვედრის შემდეგ ასე ჩამოაყალიბა:
[პაუელის ხმა] "ერაყის ხალხის სასიკეთოდ, ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ პროცესი ერაყის ხალხის ნების გამომხატველი იმ ახალი მთავრობის შექმნისა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ერაყის მთელი ხალხი. და ჩვენი - გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის და ჩვენი მოკავშირეების - საერთო მიზანია, გავაკეთოთ ეს რაც შეიძლება სწრაფად."
პრეზიდენტმა ბუშმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ ერაყელ ხალხს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეცეს. თუმცა ბუშმა არ დაადასტურა ცნობა იმის შესახებ, თითქოს ერაყში აშშ-ის ადმინისტრაციის მეთაურის პოლ ბრემერის ვაშინგტონში ვიზიტის დროს გადაწყდა, აღარ იმოქმედოს ვაშინგტონმა ძველი გეგმის მიხედვით. არადა, კოლინ პაუელმა, სტროსთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტში აღიარა, რომ ვაშინგტონის ძველი გეგმა ძალზე დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, თქვა მან, უნდა მოიძებნოს გზა, რომელიც დააჩქარებს პროცესს.
ერაყელებისთვის ხელისუფლების გადაცემას ემხრობოდა საფრანგეთი, ერაყთან ომის კრიტიკოსთა მედროშე ქვეყანა. პარიზი მზად არის დაეხმაროს ყველანაირად ერაყს, თუკი იქ გარდამავალი მთავრობა შეიქმნება უკვე წლის ბოლოსთვის და არა, როგორც აშშ-ის ადმინისტრაციის ზოგიერთ წევრს სურს, მომავალ ზაფხულს. თეთრი სახლის მრჩეველი სახელმწიფო უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი ამას სულაც არ მიიჩნევს ბედის ირონიად: [რაისის ხმა] "არავის არასოდეს არ უცდია იმ ფორმების და მექანიზმების გადაუჭრელ პრობლემად გამოცხადება, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შევეცდებოდით ერაყელთათვის მეტი ხელისუფლების გადაცემას. მნიშვნელოვანია, რომ ერაყელებს კონსტიტუცია ჰქონდეთ; ასევე მნიშვნელოვანია, მათ მუდმივი მთავრობის შესაქმნელად არჩევნები მოაწყონ. არაფერი შეცვლილა. ასევე მნივშნელოვანია, რომ მოიძებნოს ერაყის ხალხისთვის ხელისუფლების გადაცემის დაჩქარების გზები." აშშ-ის ადმინისტრაციას არ გაუმხელია დეტალები იმისა, თუ როგორ უნდა გადაეცეს ძალაუფლება ერაყის გარდამავალ მთავრობას.
მაგრამ თავისი იდეები აქვს ახლო აღმოსავლეთის ექსპერტს, ყოფილ ამერიკელ დიპლომატ დევიდ ფილიპსს, რომელსაც არაერთი შეხვედრა ჰქონია ერაყელებთან. მან ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში თქვა, რომ უმნიშვნელოვანესია ამ მთავრობაში წარმოდგენილი იყოს ყველა, რათა განვითარდეს ფედერაცია, რათა რეგიონების ლიდერებს შეეძლოთ გააკონტროლონ თავიანთ დონეზე თავიანთი თემები.
XS
SM
MD
LG