Accessibility links

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორ აშუქებენ დასავლელი კორესპონდენტები თბილისში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს,

რაც ორი ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების მოურიდებელმა გაყალბებამ გამოიწვია? გაზეთ "დეილი ტელეგრაფის" კორესპონდენტი ჯულიუს შტრაუსი პარასკევს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ რამდენიმე დემონსტრანტს გაესაუბრა და მათს განწყობას უზიარებს მკითხველს. ბრიტანელი ჟურნალისტი წერს:

"ერთ-ერთმა დემონსტრანტმა, 63-წლის გულნარა ხუროშვილმა, რომელიც მუსიკის მასწავლებელია, მითხრა: "მთელი ამ ხნის მანძილზე შევარდნაძეს არაფერი გაუკეთებია ჩვენთის, მთელი ფული მისმა მომხრეებმა ჩაიჯიბესო". ხოლო ჩემს შეკითხვაზე, თუ რატომ შეუერთდა იგი მომიტინგეებს, 55-წლის ანესთეზისტმა ლუიზა დავითაიამ განაცხადა:
"მყავს მეუღლე და სამი ვაჟი, მაგრამ სამსახური მხოლოდ ჩემთვის გამოინახა. აქ მოვედი, რათა ჩემი დემოკრატიული უფლებები დავიცვა" - ციტატის დასასრული. "ევროპელები კარგად ცხოვრობენ, ვინაიდან იქ დემოკრატიაა. ჩვენი ერთადერთი სურვილია, ასეთივე შესაძლებლობა მოგვეცეს. ჩვენი ნება, ხმის მიცემისას გამოვთქვით, მაგრამ დღეს, თავად ამ არჩევანის უფლებაზე გვეუბნევიან უარს" - მითრხა 34-წლის უმუშევარმა ინჟინერმა ნელი მამასახლისმა."

თბილისის ცენტრში პარასკევს გამართულ მრავალათასიან მიტინგს, ესწრებოდა გაზეთ "გარდიანის" კორესპონდენტი ნიკ პეტონიც, რომელიც ასევე გაუსაუბრა რამდენიმე დემონსტრანტს. ოცი წლის ახალგაზრდამ, სახელად ლევანმა, წერს ბრიტანელი ჟურნალისტი, მითხრა: "განვლილი ათი წლის მანძილზე აქ არაფერი შეცვლილა. ნიკ პეტონი განაგრძობს:

"ამ პრეზიდენტს არ სურს საკუთარ ხალხთან საუბარი. ცხოვრება დღეს იმაზე უარესია, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო პერიოდში რომ გვქონდა" - თქვა ლევანმა. "მე ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელსაც პრეზიდენტი როგორც პოლიციურ სახელმწიფოს ისე მართავს. აქ ყოველ ნაბიჯზე ძალადობაა, პოლიციელები პატიმრებს აწამებენ" -განაცხადა 20-წლის ახალგაზრდამ, სახელად მიხეილმა. ხოლო 19-წლის სტუდენტმა, სახელად ქეთიმ განაცხადა: "ძალადობის არ მეშინია, ვინაიდან ვიცი, რომ მართალი ვარ. ჩემი ვალია ყველა ღონე ვიხმარო იმისთვის, რათა ჩემი ქვეყანა უკეთესი გახდეს". ერთ-ერთმა დემონსტრანტმა სახელად ვიტალიმ თქვა, რომ ჯარი არასოდეს გამოიყენებს ძალას დემონსტრანტების წინააღმდეგ, ვინაიდან "ისინი ჩვენსავით ქართველები არიანო".

საკუთარ აზრს გამოთქვამს საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ავსტრიის გაზეთი "შტანდარტი". გაზეთს მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის მოგვარება საქართველოში მხოლოდ განმეორებითი არჩევნების ჩატარებით იქნება შესაძლებელი. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

"კორუფცია საქართველოში მართვის მეთოდიაო, ამბობს პრეზიდენტ შევარდნაძის ერთ-ერთი ყოფილი მრჩეველი. და ვინაიდან მართლაც ასეა შავი ზღვისპირას მდებარე ამ გაღატაკებულ სახელმწიფოში, ამბობენ, რომ არც ოპოზიცია ერიდება ბიზნესმენებისაგან ფულის მიღებას. ამიტომ შევარდნაძის გადადგომა მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, საქმეს ვერ უშველის. ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი, როგორც ჩანს, იქნება ხელახალი არჩევნები, რომელშიც უფრო აქტიურ როლს შეასრულებს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია".
XS
SM
MD
LG