Accessibility links

logo-print

რას წერს საქართველოს პრესა იმ ვითარების შესახებ, რომელიც ქვეყანაში 2


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რას წერს საქართველოს პრესა იმ ვითარების შესახებ, რომელიც ქვეყანაში 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა? 14 ნოემბრის გაზეთი "რეზონანსი" აღნიშნავს, რომ "აქციის მეორე დღეს

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი ვერ შედგა. მიზეზი კი ის იყო, რომ ხელისუფლებას არც ოპოზიციის აზრი აინტერესებს და არც მომიტინგეების. შესაძლო დიალოგზე საუბრობდნენ ორი დღის წინ, მაგრამ ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი ინიციატივა არ ყოფილა."
თუმცა გაზეთი შენიშნავს, რომ, როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, "თუ ხელისუფლება დათმობს იმას, რასაც ვითხოვთ ჩვენ და პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი ხალხი, ჩვენ, რა თქმა უნდა, წავალთ მოლაპარაკებებზე."

გაზეთი წერს: "ნინო ბურჯანაძის მოთხოვნას კი სააკაშვილის რადიკალური განცხადება მოჰყვა. მიხეილ სააკაშვილმა მიტინგზე გამოაცხადა, რომ იგი ხელისუფლებასთან ყველანაირ მოლაპარაკებებს წყვეტს."

"აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებამდე ნინო ბურჯანაძე, პირველ რიგში, არჩევნების განმეორებით ჩატარებას მოითხოვდა და, თუ ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებდა, პრეზიდენტის გადადგომის საკითხს ამის შემდეგ დასვამდნენ.

ბურჯანაძისა და სააკაშვილის, ასე თუ ისე, განსხვავებული განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა. ამის შემდეგ კი ხელისუფლებამ უკვე მათ შორის შეუთანხმებლობაზე დაიწყო საუბარი. თუმცა ოპოზიცია ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მათ შორის არანაირი შეუთანხმებლობა არ არსებობს."

"მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ედუარდ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძემ მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ შევარდნაძე ხელისუფლებას ასლან აბაშიძეს გადააბარებს, რის შემდეგაც უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრების პოსტებზე და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასლან აბაშიძის წარმომადგენლები დაინიშნებიან."

"სააკაშვილის თქმით, "ედუარდ შევარდნაძე აჭარის მეთაურს უფლებას მისცემს, მთელს საქართველოში დაამყაროს ის დიქტატორული რეჟიმი, რაც ბათუმშია."

"ხელისუფლებისა და ქუჩაში გამოსული ოპოზიციის ერთი ნაწილის დაპირისპირება ჯერჯერობით ისევ გრძელდება. ამ დაპირისპირებაში ბევრი რამ არის გაურკვეველი, რაც მითქმა-მოთქმასა და ჭორებს იწვევს", - წერს 14-20 ნოემბრის გაზეთი "ახალი ეპოქა", რომლის თქმითაც, "სამწუხაროდ, დღეს კითხვები სჭარბობს პასუხებს. რაზე მოილაპარაკეს ედუარდ შევარდნაძემ და ვლადიმერ პუტინმა ამ დღეებში ასე ფართოდ გახმაურებული სატელეფონო საუბრისას?

ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "რუსეთის პრეზიდენტმა კოლეგისადმი მხარდაჭერა გამოთქვა". თუმცა თვით ედუარდ შევარდნაძის გარემოცვაშიც კი არავის უთქვამს, რომ პუტინმა კმაყოფილება გამოთქვა 2 ნოემბრის არჩევნების დემოკრატიულობის გამო.

რაზე შეთანხმდნენ ედუარდ შევარდნაძე და ასლან აბაშიძე ბათუმში პირისპირ შეხვედრისას? ეს მათ გარდა არავინ იცის."

"ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ასლან აბაშიძე რა მისიით ესტუმრა რობერტ ქოჩარიანსა და ილხამ ალიევს.
აბაშიძის გარემოცვაში აცხადებენ, რომ აჭარის ავტონომიის მეთაური ქართულ საქმეს აკეთებს და ამაში დაეჭვება არ ეგების. ანალოგიურია სახელისუფლებო ბლოკის ლიდერთა პოზიცია."

გაზეთის მიხედვით, "დანამდვილებით არც ის ვიცით, შეხვდა თუ არა ასლან აბაშიძე ერევანში ყოფნისას რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი ივანოვს, რომელმაც სომხეთის დედაქალაქიდან განაცხადა, რომ საქართველოში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები არ აპირებენ ქვეყნის საქმეში ჩარევას; თუმცა იქვე დაამატა, რა თქმა უნდა, თუ აქეთ არ დაგვესხმება ვინმე თავსო.

"ძნელი სათქმელია, - წერს "ახალი ეპოქა", - ვინ უნდა დაესხას თავს რუსულ ბაზებს ბათუმსა და ახალქალაქში, მაგრამ საქართველოსადმი "ნაზი სიყვარულით" აღსავსე მინისტრის მინიშნება ცუდად გვენიშნა."

შემდეგ წერილში ნათქვამია: "გასაიდუმლოებულია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერისა და ავთანდილ ჯორბენაძის შეხვედრის დეტალებიც. მიხეილ სააკაშვილის ვერსიით, იგი იმიტომ შეხვდა სახელმწიფო მინისტრს, რომ გაეგო, მზად არის თუ არა ხელისუფლება, შეასრულოს მომიტინგეთა ულტიმატუმი."

"ისიც საკითხავია, რატომ ელოდნენ ოპოზიციის ლიდერებს ასე სახალხოდ (ტელეკამერების წინ) ედუარდ შევარდნაძე, ავთანდილ ჯორბენაძე და ნანა დევდარიანი, თუ წინასწარ იყო ცნობილი, რომ სახელმწიფო კანცელარიაში არც ზურაბ ჟვანია აპირებდა მისვლას, არც მიხეილ სააკაშვილი და არც ნინო ბურჯანაძე, რომლებიც ამ დროს პარლამენტში მისულ გია ყარყარაშვილთან თათბირობდნენ.
ალბათ, იმის თქმა, მოწინააღმდეგე მხარეები ელიან, ვის მოუვა პირველი შეცდომაო, არ იქნება მართებული: ორივე მხარე არაერთხელ შეცდა. მადლობა ღმერთს, მათგან ჯერჯერობით არც ერთი ყოფილა საბედისწერო. დღევანდელი "ცუდი მშვიდობა" (რომელიც "კარგ ომს" სჯობია) ამის დასტურია."

15 ნოემბრის პრესამ ფართოდ გააშუქა წინა დღეს გამართული საპროტესტო აქცია და მასთან დაკავშირებული მოვლენები. "მთავარი გაზეთის" თქმით, "მიტინგმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ მიმდინარეობს, გუშინ გრანდიოზულ მასშტაბებს მიაღწია."

წერილში ნათქვამია: "დედაქალაქის ცენტრალურ პროსპექტზე ოცდაათი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა და შევარდნაძის გადადგომა ყველა შესაძლებელი მშვიდობიანი მეთოდით მოითხოვა - სკანდირებით, დუმილით, მსვლელობით, "დაპატიმრებითაც" კი.
პრეზიდენტმა ყველა სახის დაწოლას გაუძლო...გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ხელისუფლებას სახალხო დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და ყველა ჯარისკაცს, პოლიციელს, ზოგადად, სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდეს. ოპოზიციის ლიდერებს იმედი აქვთ, რომ სახელმწიფო აპარატის მწყობრიდან გამოყვანას ორშაბათამდე მოახერხებენ. სწორედ ამ დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში კვლავაც გაიმართება გრანდიოზული მანიფესტაციები."

გაზეთ "24 საათის" მიხედვით, "პრეზიდენტ შევარდნაძის ხელისუფლებასთან დაპირისპირების მკვეთრი ფორმა სააკაშვილმა მას შემდეგ აირჩია, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხალხსა და პრეზიდენტს შორის ყრუ კედელია აღმართული და უფრო ცივილიზებული მეთოდებით შევარდნაძეზე ზემოქმედების მოხდენა შეუძლებელია."

გაზეთი "ახალი თაობა" კი აღნიშნავს, რომ "პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციის ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდა მოლაპარაკებებისკენ."

გაზეთი წერს: "ოთხ საათზე დანიშნულ აქციამდე შევარდნაძემ სპეციალური განცხადება გააკეთა. პრეზიდენტი გმობს ქუჩის აქციებს, რომლებმაც, მისი თქმით, შესაძლოა, ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს და ქუჩაში გამოსულ ოპოზიციას გონიერებისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, გადადგომას კი ჯერჯერობით არ აპირებს."

15-17 ნოემბრის გაზეთ "ალიას" აზრით, "შევარდნაძე მარტო რჩება და, ამ თვალსაზრისით, ის გამსახურდიას ემსგავსება."

გაზეთის თქმით: "საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური აღსასრული სწორედ მაშინ დაიწყო, როცა ის რუსეთსაც დაუპირისპირდა და დასავლეთსაც. ახლა მთავარია, რამდენად შეძლებს ოპოზიცია ერთიანობის შენარჩუნებას. ნაციონალებში რიგითმა წევრებმა ჯერ კიდევ არ იციან, შედის თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ პარლამენტში. ისინი აცხადებენ, რომ ცნობილი არაფერია. ამ პარტიის ლიდერს საკუთარი გადაწყვეტილება ხმამაღლა ჯერ არ უთქვამს. ისე, პარტია, რომლის ლოზუნგია: "საქართველო შევარდნაძისა და აბაშიძის გარეშე", შევარდნაძისა და აბაშიძის დანიშნულ პარლამენტში არ უნდა შევიდეს. დანიშნულ პარლამენტს შეკრება არ უწერია, - აცხადებენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები. თუმცა დანიშნული დეპუტატები უკვე სავარძლებს ეზომებიან.
XS
SM
MD
LG