Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძის მოსკოვური ვიზიტის მიზანი კვლავ უცნობია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ასლან აბაშიძის აქტიურობა თვალშისაცემი გახდა - ერევანსა და ბაქოში ვიზიტების შემდეგ იგი სტუმრობდა მოსკოვს,

სადაც, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვთან შეხვედრის შემდეგ, იგი პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დიმიტრი მედვედევს შეხვდა. ოფიციალური ცნობებით, საუბრისას განხილული იყო საქართველოში მიმდინარე მოვლენები. რა მიზანს ისახავდა ასლან აბაშიძის ვიზიტი მოსკოვში?

აჭარის ავტონომიის ლიდერის ასლან აბაშიძის ვიზიტები რუსეთში აქამდეც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, საქართველოში რეგიონალური ლიდერის რუსეთისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გათვალისწინებით. შესაბამისად, თბილისში ვითარების დაძაბვის ფონზე, ასლან აბაშიძის გაცხოველებული საგარეო პოლიტიკური აქტიურობა კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს. მით უფრო, მაშინ, როცა ცენტრალური ხელისუფლება ამ ვიზიტებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს ან შემოიფარგლება ზოგადი განცხადებებით, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: "ასლან აბაშიძე ქართულ საქმეს აკეთებს".
რა მიზანს ისახავდა ასლან აბაშიძის ვიზიტები ჯერ ერევანსა და ბაქოში, შემდეგ კი მოსკოვში? - ამ კითხვაზე საქართველოში ცალსახა პასუხი არ არსებობს. ოპოზიციის მტკიცება, რომ ასლან აბაშიძე სამხრეთ კავკასიასა და რუსეთში პრეზიდენტ შევარდნაძის შესაძლო მემკვიდრის როლში მოგზაურობს, გულახდილად რომ ითქვას, დამარწმუნებლად არ გამოიყურება. გაცილებით ახლოს უნდა იყოს ჭეშმარიტებასთან ოპოზიციის მეორე თეზისი, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტი შევარდნაძე და ასლან აბაშიძე მოკავშირეებად იქცნენ: ფაქტია, ასლან აბაშიძისთვის სულ ერთი ნამდვილად არ არის, როგორ განვითარდება მოვლენები თბილისში. ფაქტია ისიც, რომ რადიკალური ოპოზიციის ძირითადი მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში - შეგახსენებთ, ოპოზიცია პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომას ითხოვს - ასლან აბაშიძის პოზიციები აჭარაში სერიოზულად შეირყევა. თბილისში ხელისუფლების სათავეში რადიკალური ოპოზიციის მოსვლის შემთხვევაში, მას ან ცენტრისთვის დაუმორჩილებლობის გამოცხადება მოუწევს, რაც, სოხუმის მაგალითის გათვალისწინებით, მისთვის საიმედო პერსპექტივად ნამდვილად ვერ გამოდგება, ან იმის მოლოდინში ყოფნა, როდის განმეორდება თბილისის მოვლენები ბათუმში. შესაბამისად, დღეს ასლან აბაშიძე, როგორც არასდროს, დაინტერესებულია პრეზიდენტ შევარდნაძის პოზიციების მოძლიერებით და ამისთვის, სავარაუდოდ, იგი დათმობებზეც წავა. მაგალითად, გამორიცხული არ არის თუნდაც აჭარის რომელიმე ოლქის შედეგების გადახედვა და ამით რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ასლან აბაშიძის მოსკოვში ვიზიტის პირველ საჯარო შედეგად შეიძლება მივიჩნიოთ ბოლო ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტ პუტინის ორი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ შევარდნაძესთან. ორივე საუბარი რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა. პრეზიდენტ შევარდნაძის პრესმდივნის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაინტერესებულია საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებით.
XS
SM
MD
LG