Accessibility links

logo-print

"ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაში გამოვეხმაურებით


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი "ახალგაზრდული პროგრამის" დღევანდელ გამოშვებაში გამოვეხმაურებით

ბოლო დღეებში საქართველოში აგორებულ საპროტესტო მღელვარებას. დავით პაიჭაძე შემოგთავაზებთ საკუთარ თვალსაზრისს იმის შესახებ, თუ როგორ უყურებენ ამ მღელვარებას ახალგაზრდების სხვადასხვა ჯუფები. მანამდე კი წარმოგიდგენთ თელაველ და ყვარლელ ახალგაზრდებს, "კმარას" იქაურ აქტივისტებს. განვმარტავთ, რამ აიძულა ისინი აქტიურად გააპროტესტონ კახეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების ქმედებები, ყველაზე მეტად რა აწუხებთ მათ.

2 ნოემბრის არჩევნებმა ბევრი და, მათ შორის, აქამდე სიდინჯით გამორჩეული კახელებიც ააღელვა. საპროტესტო მღელვარებამ კახეთსაც გადაუარა. 14 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე დიდი საპროტესტო აქციის პარალელურად, ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა თელავში და არამარტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გამო.

[გიორგი ტალაშვილის ხმა] "გარკვეული მიზეზი ისიც არის, რომ დიდი ხნის მანძილზე მედიკო მეზვრიშვილი მეფობს იქ და შეჭამა თელავი. თელავი დაპყრობილი აქვს. პოლიციაც მის ხელშია. თუკი სადმე რამე არსებობს, ყველაფერი მის ხელშია. უფრო სწორად, იყო. ჩამოსვეს თავისი ტახტიდან მედიკო მეზვრიშვილი."

ასე ფიქრობს "კმარას" კახელი აქტივისტი გიორგი ტალაშვილი (ის ყვარლის რაიონიდანაა). თუმცა, ჩამოაბრძანა თუ არა თელავის ქუჩებში გამოსულმა ხალხმა იქაური გამგებელი სკამიდან, ჯერ კიდევ გასარკვევია. გიორგის და მის მეგობრებს - მალხაზ ხიზანიშვილს, გიორგი სეფაშვილს და გიორგი მირინაშვილს (ისინი ყველანი კახეთიდან არიან) - სურთ, რომ ასე იყოს. მათ არა მარტო მედეა მეზვრიშვილის, პრეზიდენტის გადადგომაც სურთ და ამისთვის აქტიურ მონაწილეობას იღებენ საპროტესტო გამოსვლებში როგორც კახეთში, ისე თბილისში. ოთხივე ახალგაზრდა ამ დღეებში იდგა რუსთაველის პროსპექტზე. მათ სხვა გზა, უბრალოდ, აღარ დარჩათ. მთელი ამ წლების მანძილზე ისინი ელოდნენ , რომ რაღაცა შეიცვლებოდა, ბოლოს და ბოლოს მოვიდოდა დრო, როცა საკუთარი შესაძლებლობებით ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეეძლებოდათ, მაგრამ ასეთი დრო არა და არ მოვიდა.

[გიორგი ტალაშვილის ხმა] "უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და წლების მანძილზე ვიდექი ბირჟაზე, გზაზე. არანაირი საშუალება არ მომეცა დამეწყო მუშაობა. ერთხელ იყო მომენტი და მომთხოვეს არანორმალური თანხა."

გიორგი ტალაშვილს ამ თანხის გადახდის საშუალება არ ჰქონდა. მოგვიანებით დროებითი სამუშაო მოძებნა და დღესაც ეძებს ასეთ სამუშაოს. ადგილზე დასაქმება ვერც გიორგის მეგობარმა თელაველმა გიორგი მირინაშვილმა შეძლო. თელავის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, აგერ უკვე რამდენიმე წელია, ისიც ცდილობს სამსახური იშოვოს, მაგრამ ამაოდ. მასაც ჰქონდა შანსი გადაეხადა ფული, რათა ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურაში მიეღოთ, მაგრამ ასეთი შანსის გამოყენებაზე უარი შეგნებულად თქვა. ფულის გადახდის საშუალება ჰქონდა, მაგრამ რომ გადაეხადა, შემდეგ ხომ მის ამოღებაზე უნდა ეზრუნა. ფულის გადახდა ნიშნავდა თანხმობას ჩაბმულიყო კორუფციაში, რაც არ გააკეთა.

[გიორგი მირინაშვილის ხმა] "მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მე რომ უმაღლესში ვსწავლობდი, ვათენებდი, რომ კარგი ნიშნები მიმეღო, ჩემი კურსელები - არა, და ისე იღებდნენ ნიშნებს. ისინი დღეს არიან სამსახურში და მე ვარ ისე, უმუშევარი. "

დღევანდელობაში რაიმე პერსპექტივას ვერც ყვარლის რაიონის მკვიდრი გიორგი სეფაშვილი ხედავს. ერთადერთი, რითაც კახეთის მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს, მეურნეობაა, ყურძნის მოსავალია. გლეხს მთელი წლის ნამუშევრი წყალში შეიძლება ერთმა სეტყვამ ჩაუყაროს და, თუ სეტყვას გადაურჩა, წლიური ნაშრომით იმას მაინც ვერ მიიღებს, რაც მას ან მის შვილებს სურვილის განხორციელებისთვის წაადგება. გიორგი სეფაშვილი ამბობს, რომ ბავშვობის ოცნების ასრულებაში ელემენტარული პირობების უქონლობამ შეუშალა ხელი.

[გიორგი სეფაშვილის ხმა] " ჩემთვის უცხო ენებზე ჩაბარება ბავშვობის ოცნება იყო და არის კიდეც. თუ გამოსწორდება პირობები, აუცილებლად ჩავაბარებ. ამ პირობებში - ვერა. გარკვეული პერიოდი სპორტს მივდევდი, ვჭიდაობდი და დავინახე, რომ იქაც ბევრ რამეს ფული წყვეტს. კერამიკულ საწარმოში მიმუშავია. რა ვიცი, არ არის პირობები, რომ ადამიანმა თავისი სურვილი განახორციელოს კეთილი მიზნით. ეს არის ჩემი სათქმელი."

რატომ ხდება ასე და რატომ გარბის ახალგაზრდობა საქართველოდან, ამაზე თავისი წარმოდგენა აქვს მალხაზ ხიზანიშვილს. ის კახეთის რეგიონში თავისუფლების ინსტიტუტის ომბუდსმენია.

[მალხაზ ხიზანიშვილის ხმა] "დღეს ყველაფერი ხდება ფულით, ნაცნობობით. არც სწავლა ფასდება. ბევრი ვიცი, ვისაც 2 უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული, ზოგი ტრაქტორზე ზის, ზოგი სამარშრუტო ტაქსზე, ზოგს თოხი უჭირავს. მთელი ახალგაზრდობა გარბის საქართველოდან. ყველა ფიქრობს წასვლაზე, იმიტომ რომ, ელემანტარულად, სიგარეტის ფული არა აქვს ახალგაზრდობას ყვარელში. თელავშიც ანალოგიური სიტუაციაა. "

ამიტომაც არის, რომ ის, რასაც ხელისუფლებაზე - ადგილობრივსა თუ ცენტრალურზე - კახელები ამბობენ, ეთერში არ ითქმება.

[გიორგი ტალაშვილის ხმა] " კახელები რო ამბობენ, ცოტა სხვანაირად ამბობენ."

ასეთი პროტესტისგან განსხვავებული პროტესტის ფორმა აირჩიეს ჩვენმა სტუმრებმა: "კმარას" აქტივისტები გახდნენ და ხან კახეთში, ხანაც თბილისში საპროტესტო აქციებზე დგომით ცდილობენ უკეთესი ხვალინდელი დღის მოპოვებას. მათ არ სურთ საქართველოდან წასვლა და არცა აქვთ წასასვლელი. სურთ საკუთარ მხარეში პატარ-პატარა ოცნებების განხორციელება და ისეთი ხელისუფლება, რომელიც აღარ მოატყუებთ, აღარ დასცინებთ და დაანახვებთ მომავლის პერსპექტივას, სამართლიანი, დემოკრატიული საქართველოს პერსპექტივას.


თქვენ გესმით არაჩვეულებრივი ჩაკრულო, რასაც, იმედია, ხმლების ალესვისკენ მოწოდებად არავინ ჩაგვითვლის. საქართველოში მიმდინარეობს მშვიდობიანი ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის. ამ პროცესისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულებაზე და იმაზე, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოში ასეთი პროცესებისადმი ახალგაზრდობის დამოკიდებულება, დავით პაიჭაძე ისაუბრებს.

ბოლო პერიოდის ყველა დასამახსოვრებელი მღელვარება და მასობრივი საპროტესტო გამოსვლა ახალგაზრდობის კონკრეტულ ჯგუფებთან იყო დაკავშირებული. 2001 წლის ოქტომბერ-ნოემბრის მოვლენები ერთმნიშვნელოვნად შეფასდა სტუდენტების პროტესტად. მართლაც, შესაძლოა, სტუდენტთა რიცხვი იმ დღეებში აღემატებოდა პარლამენტის შენობის წინ სხვა მოქალაქეების რაოდენობას. რაც უნდა იყოს, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან კახა თარგამაძის, გია მეფარიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის გაშვება პოლიტიკურ პროცესზე სწორედ ახალგაზრდების ზემოქმედების შედეგად მოხდა.

2001 წლის შემდეგ საქართველოში ისევ გაცოცხლდა ახალგაზრდობის, როგორც პოლიტიკური ფაქტორის, ფენომენი. ხელისუფლება ახალგაზრდებს, გარკვეულწილად, აჰყვა კიდეც თავისებურ თამაშში, რასაც გამოხატავდა კიდეც მათი პოზიციის გათვალისწინებით გადაწყვეტილებათა მიღების დროს. ასე მოხდა, როცა ამ შემოდგომაზე სტუდენტების ჯგუფი ქუჩაში გამოვიდა საქართველოსა და ვატიკანს შორის ხელშეკრულების გაფორმების წინააღმდეგ. თან, გამოვიდა ისე, რომ ჯგუფის არც ერთ წევრს ხელშეკრულება თვალით არ ენახა. საქართველოს ხელისუფლებამ კაპიტულანტური პოზიცია დაიკავა და ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. საზოგადოებას ეს მიეწოდა, როგორც დათმობა ახალგაზრდების მიმართ.

ამ ამბების შემდეგ ორიოდე თვე გავიდა და ქუჩაში ადამიანები გაცილებით მნიშვნელოვანი მიზეზით გამოდიან. მასობრივად და სპონტანურად ახალგაზრდობა არ შეერთებია იმას, რაც საქართველოში და, განსაკუთრებით, თბილისში ხდება 2 ნოემბრის შემდეგ. სტუდენტური ჯგუფები აქციას მოგვიანებით შეუერთდნენ და ამ დაგვიანებას ორიდან ერთ მიზეზი მაინც ჰქონდა: ან ორგანიზება გაჭირდა ან გადაწყვეტილება, მისულიყვნენ რუსთაველის გამზირზე, გარკვეული მსჯელობის შემდეგ მიიღეს. უნდა ითქვას, რომ სტუდენტური ორგანიზაციების სახელით მოლაპარაკე არც ერთი ჯგუფი ჯერჯერობით საპირისპირო პათოსით არ გამოსულა, ანუ არ უმტკიცებია არჩევნების სამართლიანობა და კიდევ ის, რომ სტაბილურობა ქვეყანაში - უმაღლესი ღირებულებაა. აქედან ერთი დასკვნა: სტუდენტობა დღეს არ არის წინააღმდეგობის ავანგარდში, მაგრამ სტუდენტების აქტიური ნაწილი უერთდება სახალხო პროტესტს. ავანგარდში ამჯერად პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ახერხებენ კიდეც მრავალათასიანი შეკრებების მხოლოდ მშვიდობიან კალაპოტში წარმართვას. 2001 წლის შემოდგომაზე სხვა ვითარება იყო: იქ პოლიტიკური ლიდერები არ თავკაცობდნენ. ახალგაზრდების პროტესტი უკიდურესად დამუხტული და ინტენსიური გახლდათ. ეს იგრძნეს ხელისუფლებაში; შესაბამისად, იგრძნეს, რომ ვითარება მალე უნდა განემუხტათ, რადგან პროცესი, შესაძლოა, უმართავ აგრესიაში გადაზრდილიყო.

ყველა ხედავს, რომ საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესი მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს და ახალგაზრდობის ცალკე ფენად გამოყოფა, შესაძლოა, ხელოვნურიც იყოს. წინააღმდეგობის პათოსი ყველასთვის საერთოა. ახალგაზრდების გამოცალკევება შეიძლება მხოლოდ მათი კონკრეტული და მკაფიო ფუნქციის მიხედვით: ესაა მუხტის შენარჩუნება შეკრების ადგილას, პროტესტის კონცენტრირება და ხმამაღლა გამოხატვა სასამართლოებსა თუ საარჩევნო კომისიების წინ და ა.შ.

საქართველოს იმ მოქალაქეთა შორის, რომლებიც არ ურიგდებიან არჩევნების ფალსიფიცირებას, ვერ გამოარჩევ ახალგაზრდობის ჯგუფებს პარტიული ნიშნით. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დუბლშემადგენლობა დღეს შენივთულია წინააღმდეგობის მონაწილე მასასთან. სავარაუდოა, რომ პარტიულ ახალგაზრდებს მრავალჯერ აღემატებიან ოპოზიციის თანამგრძნობი უპარტიო ახალგაზრდები. წინააღმდეგობის პათოსის განელების მიზნით ჯერჯერობით არ გამოსულა არც ერთი ისეთი ახალგაზრდა, რომელიც თავისუფალი იქნებოდა მმართველი ფენის, ამა თუ იმ კლანური ან დღეს ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების კონიუნქტურისგან. მასობრივი წინააღმდეგობის მოძრაობას საჯაროდ უპირისპირდებიან ახალგაზრდები, რომელთაც ან ნათესაური კავშირი აქვთ ხელისუფლებაში დაწინაურებულ რომელიმე პირთან, ან სამსახურებრივად არიან მიბმული კონფორმისტულ გარემოზე, ან, უბრალოდ, პარტია ავალებს ამას. ასე ვთქვათ, დაუინტერესებელი ახალგაზრდები თავიანთ უფროს თანამოქალაქეებთან ერთად დგანან.

დღევანდელი პროტესტი უკვე აღარ არის სპონტანური. ხელისუფლების წინააღმდეგ ახალგაზრდების მოთხოვნებშიც აბსტრაქტული, ძლიერი პროტესტის სახეცვლილი მუხტი შეწონილია, საერთოდ, საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობილებასთან, რომელსაც, მრავალთათვის უცნობ მოქალაქეებთან ერთად, უწინარესად, პოლიტიკური ლიდერები გამოხატავენ. ხელისუფლება არ ჩქარობს ვითარების განმუხტვას. მოქალაქეებიც უფრო მტკიცე და ხანგრძლივი წინააღმდეგობისთვის განეწყობიან. ეს განწყობა ახალგაზრდებსაც გადაეცემათ. დღეს ისინი ჩვენ თვალწინ იცვლებიან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG