Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპტიმისტური სამხედრო გაწვევა საზოგადოებრივი მღელვარების ფონზე


იმ დროს, როდესაც საქართველოს პარლამენტის წინ შეკრებილი

ათიათასობით მოქალაქე ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდა, ედუარდ შევარდნაძემ წვევამდელთა მორიგი საშემოდგომო გაწვევის ბრძანებას მოაწერა ხელი. 10 ნოემბრიდან მოყოლებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, სულ მცირე, 7 ათასი მოქალაქის გაწვევა უნდა უზრუნველყონ სამხედრო ძალებში, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყაზარმულ მდგომარეობაში იმყოფებიან და საბიუჯეტო სახსრების მწვავე დეფიციტს განიცდიან. არმიის დაკომპლექტებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ, მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ფონისა, ისინი გასაწვევ გეგმას ამჯერადაც შეასრულებენ. თუმცა ფაქტია ისიც, რომ ჯერჯერობით გამწვევ პუნქტებზე კონსტიტუციური ვალის მოსახდელად არავინ გამოცხადებულა.



საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის გამწვევი ორგანოები, რომლებიც ერთი წლის წინ გამოვიდნენ თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებიდან, ჯერ კიდევ ეიფორიაში არიან: ბოლო სამი წლის განმავლობაში, წლევანდელი საგაზაფხულო გაწვევა ხომ პირველი იყო, როდესაც ადამიანური რესურსით სამხედრო ძალების დაკომპლექტება თითქმის ასი პროცენტით მოხერხდა. ცოცხალი ძალის გარდა, გამწვევმა ორგანოებმა ქვეყნის ხაზინაში, დაახლოებით, 600 ათასი ლარიც შეიტანეს - თანხა, რომელიც, დაკანონებული 200 ლარიანი მოსაკრებლის სახით, 3000-მდე შეძლებულმა წვევამდელმა იმისთვის გადაიხადა, რომ ჯარში არ წასულიყო. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის გაწვევის განყოფილების უფროსის კობა უღრელიძის განცხადებით, სახელმწიფო გეგმის შესრულება არც ამჯერად გაჭირდება, თუ ადგილობრივი მართვის ორგანოები ნორმალურ ფუნქციონირებას გააგრძელებენ. საქართველოს მასშტaბით გაწვევის კამპანია 10 ნოემბრიდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების გამო გამწვევი ორგანოების მუშაობა სტარტზევე შეფერხდა.

[კობა უღრელიძის ხმა] "თბილისის ამბები მაქვს მხედველობაში - მიტინგების გამო მოსახლეობა ცოტა დაშინებულია. 10 ნოემბერს რომ დაიწყო გაწვევა, მშობლები მოვიდნენ და გვთხოვეს, ერთი კვირა გვაცალეთ და, როცა ეს ამბები ჩაწყნარდება, გამოვაცხადებთ შვილებსო."

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალი და თავისუფლება" ერთადერთი სამოქალაქო სტრუქტურა იქნება, რომელიც სამხედრო გაწვევის პროცესზე მონიტორინგს განახორციელებს. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ აპირებს დაბეჭდოს ბროშურები წვევამდელებისთვის და, გამწვევი ორგანოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს. ირაკლი სესიაშვილის თქმით, გაწვევის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება, სამხედრო უწყების მაგივრად, სამოქალაქო თვითმმართველობის ორგანოებისთვის მხოლოდ ნახევარზომა აღმოჩნდა. ანუ, მართალია, სრულდება გაწვევის გეგმა, მაგრამ სამხედრო გამწვევი ორგანოები კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ სტრქუტურად ადმინისტრაციულ ვერტიკალში. ამიტომ "სამართალი და თავისუფლების" დირექტორს ვითარებიდან გამოსავლად გაწვევის გაუქმება და პროფესიულ არმიაზე გადასვლა მიაჩნია.

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] "ამ სისტემას არავითარი პერსპექტივა არა აქვს. ეს არის პირდაპირ საბჭოთა პერიოდის გადმონაშთი. იგი, უბრალოდ, შეალამაზეს და დაუმატეს ახალი ფუნქცია, ე.წ. ბეგარის სახით, რამაც არანაირი შედეგი არ გამოიღო. მე მიმაჩნია, რომ გაწვევის სისტემის რეფორმა უნდა მოხდეს ჯარში რეფორმასთან ერთად."

პროფესიულ არმიაზე გადასვლას უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროც, მაგრამ სახელმწიფოსგან გამოყოფილი თანხები ამის საშუალებას მხოლოდ ნაწილობრივ იძლევა. იგულისხმება ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების მიერ "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამით მომზადებული ქვედანაყოფები, რომლის პირადი შემადგენლობა კონტრაქტით არის დაქირავებული და გენერლებზე ორჯერ მეტ ხელფასს იღებს. სხვა არაპროფესიონალურ და არაპრესტიჟულ სამხედრო ნაწილებში კი წვევამდელები კვლავ არიდებენ თავს სამხედრო სამსახურის გავლას. თუმცა, როგორც მთავარი სამხედრო პროკურორი, გენერალი გია ჯიქია ამტკიცებს, წინა წლებთან შედარებით, მატერიალური მდგომარეობა სამხედრო ნაწილებში ოდნავ გაუმჯობესდა და დეზერტირობის შემთხვევებმაც იკლო.
[გია ჯიქიას ხმა] "სტატისტიკური მონაცემებით, რაც ჩვენ გვაქვს, დეზერტირობის კლების ტენდენცია იკვეთება. ფინანსური და სხვა სახის პრობლემების მიუხედავად, ძალიან ბევრი მაჩვენებელი, რაც შეეხება კვებას და საყოფაცხოვრებო მომსახურებას, უდავოდ, განსხვავდება იმისგან, რაც ორი წლის წინ იყო. ამან თავის კვალი დააჩნია."

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამხედრო პროკურორი იმ პირთა შორის იყო, ვინც დაუშვებლად მიიჩნევდა სამხედრო ძალის გამოყენებას საქართველოში დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე და ეს მან პირველად რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში დაადასტურა.

[გია ჯიქიას ხმა] "თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ასეთ ბრძანებას არ გასცემს, იმიტომ რომ ეს იქნება მომაკვდინებელი ბრძანება. და თვითონ განწყობა, რასაც მე ვფლობ ინფორმაციას, არის ისეთი, რომ ჯარი არ ჩაერევა ამ შიდაკონფლიქტურ სიტუაციაში."

თვითმხილველები გვიამბობენ, რომ 13 წლის წინ, როდესაც ეროვნულმა ხელისუფლებამ პირველი სამხედრო გაწვევა გამოაცხადა, სამხედრო კომისარიატებთან მოქალაქეთა რიგები იდგა. სამოქალაქო დაპირისპირებაში "ეროვნული გვარდიის" ჩაბმამ კატასტროფულად დასცა სამხედრო უწყების პრესტიჟი საქართველოში. არმიის ჩაურევლობამ ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ დაპირისპირებაში, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდებიან ასეთ ფორმულაზე, შეიძლება აღადგინოს მოქალაქეთა ნდობა საკუთარი შეიარაღებული ძალების მიმართ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG