Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

[რეზო ესაძის ხმა] "ჩვენ ყველანი, სტუდენტებიანად, გამოვალთ გარეთ."


[რეზო ესაძის ხმა] "ჩვენ ყველანი, სტუდენტებიანად, გამოვალთ გარეთ."



კინორეჟისორი რეზო ესაძე მთავრობას ასე ორი წლის წინ ემუქრებოდა. იმხანად კანცელარიაში, კულტურის მუშაკებთან ედუარდ შევარდნაძის შეხვედრაზე, ხელისუფლებას არაერთი "კულტურის მუშაკი" დაუპირისპირდა, შევარდნაძის მიმართ ტრადიციულად კეთილგანწყობილი ოთარ მეღვინეთუხუცესიც კი:

[ოთარ მეღვინეთუხუცესის ხმა] "იცით, რაშია საქმე, მე რომ ვთქვა, თქვენ უნდა წახვიდეთ-მეთქი, არ მეგულება, ვინ უნდა შეგცვალოთ, თორემ ვიტყოდი."

ორი წლის წინ ედუარდ შევარდნაძემ იცოდა, რომ ინტელიგენციას მისი შემცვლელი არ ეგულებოდა, ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა სტუდენტებთან ერთად ქართული შემოქმედებითი ელიტის ქუჩაში გამოსვლის მუქარა, როგორც ჩანს, სერიოზულად არ მიიჩნია.

ქართველ "კულტურის მუშაკებს" კი არ უყვართ, როცა მათ მოსაზრებას "სერიოზულად არ მიიჩნევენ". ქართული ინტელიგენცია უკმაყოფილოა არა მარტო იმით, რომ ხელისუფლება დღეს აღარ ეხმარება თეატრსა და კინოს, სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრისთვისაც კი ვერ მოუძებნია ბინა. ინტელიგენციას არ მოსწონს ის კულტურა, რომელიც ბოლო წლებში იმკვიდრებს ადგილს საქართველოში; აღიზიანებს მასკულტურის მომძლავრება, უნიჭობის კულტი, აღიზიანებს საეჭვო "ვარსკვლავების" ცვენა... და ყველაფერი ეს ისევ ხელისუფლებას ბრალდება.

საინტერესოა, რომ ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, ის ხალხი, ვისაც ბოლო ორი-სამი წელია თითქმის ყოველდღე ვხედავდით ეკრანებზე, "ბუჩქებში მიიმალნენ", როგორც კი თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო. ხალხში თუ სატელევიზიო ეთერში გამოსვლას ერიდებოდნენ ის მომღერლებიც, რომლებმაც საქართველოს პარლამენტში იყარეს კენჭი. ხელისუფლების მხარდასაჭერად არავის უმღერია. იმ ხალხს კი, ვინც პარლამენტთან იდგა, უმღერეს ანსამბლებმა: "სოფთ ეჯექტმა", "მწვანე ოთახმა", ჯგუფმა "33ა". "სოფთ ეჯექტის" სოლისტის ვახტანგ ბაბუნაშვილის თქმით:

[ვახტანგ ბაბუნაშვილის ხმა] "თანადგომაა იმ ხალხთან, ვინც დღეს იქ დგას, ვინც ოჯახები მიატოვა, მთელი ქართველი ხალხის."

როკ-მუსიკოსებს გასულ კვირას შეუერთდა ევგენი მიქელაძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, რომელმაც ედუარდ შევარდნაძეს ღირსების ორდენი დაუბრუნა. მაჭავარიანის თქმით:

[ვახტანგ მაჭავარიანის ხმა] "მე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი ღირსება და ფასეულობა, რომლისთვისაც მრავალი ათასწლეული მიილტვის კაცობრიობა, არის თავისუფლება.. და მე იმისთვის მივედი იქ, რათა დავიცვა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასეულობები. ჩვენში ეს ფასეულობები გაითელა, რაც გამოიხატა უკანასკნელ არჩევნებში."

"ღირსება"… ქართულ ინტელიგენციას, როგორც ჩანს, განსხვავებულად ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. განსხვავებულად ესმის სიტყვა "დემოკრატიაც". მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის წევრებს, რომლებმაც გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, ჰგონიათ, რომ "ქართველისთვის დემოკრატია მართლმადიდებლური აზროვნებაა"... თუმცა მწერალთა კავშირის წევრები არაფერს ამბობენ იმაზე, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, მაგალითად იმ ქართველი მუსულმანისთვის, რომელიც, თუნდაც, აჭარაში ცხოვრობს.

ქართული ინტელიგენციის ის ნაწილი, რომელიც მწერალთა და კულტურის მოღვაწეთა ამ ჯგუფებს გაემიჯნა, მთელი კვირის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ასეთი განცხადებებით "მომწიფდა მუწუკი", რასაც დაემატა დარღვევები არჩევნებზე, სოციალური პრობლემების მოუგვარებლობა. საზოგადოებამ თვითორგანიზაციის უნარი დაკარგა და ქუჩაში გამოვიდა. ერთი კვირის წინ, კინოს სახლში შეკრებილი ქართველი ინტელექტუალები აღნიშნავდნენ, რომ არ აპირებენ ხელისუფლებასთან "მიტინგის ენით" ურთიერთობას. ერთი კვირის წინ პროფესორი ზურაბ კიკნაძე აღნიშნავდა:



[ზურაბ კიკნაძე] "მიტინგური ენით ეს არ ხერხდება, ჩვენი საქმე ეს არ არის, ჩვენ გვინდა, რომ ეს ყველაფერი იყოს ლოგიკურად დასაბუთებული... არა მარტო გულისტკივილით და გულის მოოხებით, არამედ დოკუმენტის შედგენით."

დოკუმენტი შეადგინეს. ინტელიგენციის ამ ჯგუფის მიმართვაში ხელისუფლებას სთხოვენ გაუწიოს ანგარიში ხალხის მოთხოვნას, გონივრად მოიქცეს, რათა ქვეყანას "ეშმაკები არ დაეპატრონონ". მოკლედ, ამ ხალს სულ სხვანაირად ესმის სიტყვა "დემოკრატიის" მნიშვნელობა. მიმართვაში, რომელიც კინოს სახლში შეკრებილ საზოგადოებას კინორეჟისორმა მიხეილ ანთაძემ გააცნო, ნათქვამია:


[მიხეილ ანთაძის ხმა]: "მოგმართავთ თქვენ, როგორც გამოცდილ ხელისუფალს - ან აღიარეთ ჩატარებული არჩევნები ბათილად, ან დატოვეთ... თანამდებობა, იმდენად, რამდენადაც, ხელისუფალი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული სიწმინდეების დაცვას, კარგავს ლეგიტიმურობას და არა აქვს უფლება იყოს თავისუფალი ხალხის პრეზიდენტი
[ხმაური: "მშვენიერია"]

გამოდის, რომ ქართული ინტელიგენციის ამ ჯგუფს სჯერა: ქართველი ხალხი თავისუფალია და პრეზიდენტიც თავისუფალი უნდა ჰყავდეს. სხვათა შორის, 1992 წლის მარტში, როცა ედუარდ შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდა, ინტელიგენციის ამ ჯგუფის ზოგიერთი წევრი საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს "დიდ დემოკრატს" უწოდებდა და ამტკიცებდა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, სახელმწიფოს მეთაური მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკოსი ჰყავდეს. დღეს ეს ადამიანები აღიარებენ, რომ ძალიან შეცდნენ. აღიარებს კინორეჟისორი რეზო ესაძეც:

[რეზო ესაძის ხმა] "დღეს, როდესაც ამ ამბებს ვუყურებ, საკუთარ თავს ვადანაშაულებ, როგორც ინტელიგენციის წარმომადგენელი... ეს დღეის ამბავი არ არის, თორმეტი წლის ამბავია... ჩვენ სულ მოლოდინში ვიყავით, ჩვენ არ გვქონდა უფლება ხმა არ ამოგვეღო, სწორედ ინტელიგენციას უნდა ამოეღო, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ, რადგან ინტელიგენცია არის მიმნდობი ხალხი... მე თავს ვიტყუებდი... რანაირად შემიძლია დღეს მე ვიმსჯელო!"

ინტელიგენციის ეს ჯგუფი აღიარებს, რომ დღეს არა აქვს მსჯელობის უფლება. თუმცა სხვები მაინც მსჯელობენ. ისინი საქართველოში შექმნილი სიტუაციის შეფასებას ერიდებიან, თუმცა წარსულს ნოსტალგიით იხსენებენ. მსახიობ გურანდა გაბუნიას თქმით:

[გურანდა გაბუნიას ხმა] "რატომ უნდა გაგვხლიჩონ ჩვენ, ჩვენ ხომ ერთად ვიყავით. მე ვიყავი მოქალაქეთა კავშირში და, რა ვიცი, თავიდან მართლა კარგი იყო ეს მოქალაქეთა კავშირი, მერე ნელ-ნელ, ნელ-ნელა წავედით და აღარაფერი დარჩა... როდის მოხდა ეს და რატომ მოხდა, არ ვიცი. როგორი გულსატკენია, ვერ წარმოიდგენთ."

გული სხვებსაც სტკივათ. ხოლო როცა გული გტკივა ან გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევა. რეჟისორ სანდრო მრევლიშვილის თქმით:

[სანდრო მრევლიშვილის ხმა]: "არაფერ შუაშია არჩევნები - ეს არის დიდი შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და ამ სიტუაციაში მთლიანად ერს მართებს კონსოლიდაცია... შემდეგ -გარკვევა მართალ-მტყუანის."

გასულ კვირას ქართველ ინტელიგენტებს შორის აღმოჩნდა ადამიანი, რომელსაც გული, მართლაც, ეტკინა. რამაზ ჩხიკვაძე ღიად დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლებას.

[რამაზ ჩხიკვაძის ხმა]: "იმ რეპერტუარს, რომელსაც ვთამაშობდი, ვეღარ ვთამაშობ, მაგრამ პოლიტიკოსი, რომელსაც სკამზე ჯდომა შეუძლია, უნდა იჯდეს და იჯდეს?"

ამ განცხადებას, ცხადია, "სახელისუფლო ბლოკის" აქტივისტების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათ რამაზ ჩხიკვაძის ოჯახზე დაიწყეს ლაპარაკი. აღნიშნავდნენ, რომ ქართველი მსახიობი განაწყენებულია ხელისუფლებაზე, რომელმაც მისი მეუღლის, ნატაშა ჩხიკვაძის, შვილი საქართველოს დესპანად არ დანიშნა ჩეხეთში. ხუთშაბათს რამაზ ჩხიკვაძე სტენოკარდიული შეტევით საავადმყოფოში დააწვინეს.

ქართულ ინტელიგენციას გული სხვადასხვანაირად სტკივა. "სხვადასხვანაირი ტკივილი" კი დემოკრატიის მონაპოვარია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG