Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 აპრილი - 14 წლის შემდეგ


13 ნოემბერს საქართველოში ქვეყნის უახლესი ისტორიის ტრაგიკული

მოვლენის გადაფასება დაიწყო: საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა, დღეს კი პოლიტიკური ორგანიზაცია "ერთობის" თავკაცმა, ჯუმბერ პატიაშვილმა განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძე 1989 წლის 8 აპრილს საიდუმლო რეისით ჩამოფრინდა თბილისში, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად გასცა ბრძანება დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები. თუმცა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე პატიაშვილის განცხადება მაინცდამაინც არავის გაჰკვირვებია. მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქცია დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციური პარტიებიც საზოგადოებას 9 აპრილის მოვლენებს ახსენებდნენ. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" იმ ტექსტებს გაგახსენებთ, რომელიც 9 აპრილის ღამის შემდეგ გამოქვეყნდა კომუნისტურ პრესაში. იმხანად გაზეთ "კომუნისტში" დაბეჭდილი ტექსტები დღევანდელის იდენტურია.


[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა]:"როგორ შეიძლება, რომ უშიშროების მინისტრი ხდება პირველი მდივანი; როგორ შეიძლება, რომ ყველა, ვინც იყო ბიუროს წევრი, დაწინაურდა, ზოგი მოსკოვში და ზოგი კიდევ სხვაგან, ყველა; მაშ, რაშია საქმე, ეს კითხვები რატომ არ იბადება?"

ჯუმბერ პატიაშვილის ამ განცხადების შემდეგ კითხვები, მართლაც, უნდა დაბადებულიყო, მაგრამ პატიაშვილმა საკითხა მაშინ დასვა, როცა ქართული საზოგადოება უფრო მომავალზე ფიქრობდა, ვიდრე წარსულზე. ისტორიულ ანალოგიებს - პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის შედარებას 9 აპრილის ტრაგიკულ ღამესთან, როგორც წესი, ოპოზიცია მიმართავდა. სახელისუფლო ბლოკის წევრები, მათ შორის, ისინი, რომლებიც 9 აპრილის ღამეს მთავრობის სახლთან იდგნენ, ამტკიცებდნენ, რომ ასეთი შედარება მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიაა, რომ 9 აპრილს ქართველი ხალხი საბჭოთა იმპერიას დაუპირისპირდა და არა ედუარდ შევარდნაძეს. ჯუმბერ პატიაშვილის განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, ედუარდ შევარდნაძე, სწორედაც რომ, საბჭოთა იმპერიის დღევანდელი სიმბოლოა... მაგრამ, როცა ასეთ განცხადებას აკეთებს პოლიტიკოსი, რომელსაც კომუნისტური წარსულის მიმართ ნოსტალგია არასდროს დაუმალავს, სიმბოლო ყველანაირ ზემოქმედებას კარგავს. მით უმეტეს, რომ განცხადება 14 წლის დუმილის შემდეგ კეთდება.

არადა, სტატიები, რომელიც 9 აპრილამდე და ტრაგიკული ღამის შემდეგ იბეჭდებოდა ქართულ კომუნისტურ პრესაში, ფორმითაც და შინაარსითაც ძალიან ჰგავს იმას, რაც დღევანდელ სახელისუფლო პრესაში ქვეყნდება. ბლოკი "ახალი საქართველოს" ლიდერები, "იმპერიალიზმის აგენტების" ნაცვლად, ამბობენ: "მასონების აგენტები". ედუარდ შევარდნაძე "ახალი საქართველოს" ამ ლიდერებს არ ტუქსავს. როგორც ჩანს, იმიტომ, რომ თავადაც კარგად ესმის ეს ენა. 1982 წელს, მოსკოვში საბჭოთა კავშირის შექმნის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, იგი აღნიშნავდა:

[ტექსტი. ჩართვა]: "იმპერიალისტები, ოკეანისგაღმელი სოვეტოლოგები, ყველა ჯურის პოლიტოლოგები წინასწარმეტყველებენ ჩვენი კავშირის დაშლას. ამ ბანაკში განსაკუთრებულ "ზრუნვას" იჩენენ ქართველებისთვის, ლაყბობენ ეგრეთ წოდებულ "რუსიფიკაციაზე"... ყოველ ქართველს ებადება კითხვა, როგორ გადავრჩით? გადავრჩით იმიტომ, რომ დიდ რუს ხალხთან ერთად ვიყავით."

1989 წლის 11 აპრილს, როცა გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს ცნობა, ედუარდ შევარდნაძე უკვე ნამდვილად, "ოფიციალურად", იყო თბილისში. "ცნობა" კი ასე აღწერს მოვლენებს:


[ჩართვა]: "ანტისახელმწიფოებრივი მანიფესტაციის აღკვეთის მიზნით კანონით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას, სამწუხაროდ, ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 16 მოქალაქე. არიან დაშავებულნიც."

"ქართულ-კომუნისტური" რიტორიკისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო ხალხის თვალში მტრის ხატის დამკვიდრება... "მტერს", - ერთ ან ორ ადამიანს, - კომუნისტური სისტემის იდეოლოგების აზრით, ჰქონდა, შეიძლება ითქვას, "ხალხის მოჯადოების" უნარი... "მტერს" შეეძლო ხალხი ქუჩაში გამოეყვანა, შეეძლო მოპყრობოდა მას, როგორც ცხვრის ფარას. იმხანად ამ როლს ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გიორგი ჭანტურია და, სხვათა შორის, ირინა სარიშვილი ასრულებდნენ... დღევანდელი სახელისუფლო პრესა საზოგადოების გახლეჩვაში მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ჟვანიას ადანაშაულებს. თუმცა სიტყვები არ იცვლება. აი, მაგალითად, ციტატა კომპარტიის ცეკას 1989 წლის 10 აპრილის დადგენილებიდან:

[ჩართვა]: "პასუხისმგებლობა ამ უბედურებისათვის, უპირველესად და უმთავრესად, ეკისრებათ უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს, რომლებმაც თავიანთი მიუღებელი, აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება, აიყოლიეს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის, სტუდენტები და მოსწავლე ახალგაზრდობა, გამოიყენეს მოზარდი თაობის გულწრფელობა, ემოციები, ისარგებლეს მისი ცხოვრებისეული გამოუცდელობით და კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი საზოგადოება, მთელი ხალხი, რესპუბლიკა."

თავისთავად, ისტორიული პროცესების მიმართ ამგვარ მიდგომას მარქსიზმთან არაფერი აქვს საერთო - ისტორიას პიროვნებები არ ქმნიან... მაგრამ კომუნისტურ საქართველოში, ისევე როგორც დღეს, ამის გაგება ბევრს არ სურდა. გასულ კვირას ედუარდ შევარდნაძის დამცველები ამტკიცებდნენ, რომ სწორედ მან დაანგრია საბჭოთა იმპერია და ბერლინის კედელი. შევარდნაძის მოწინააღმდეგეები კი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქართველო მხოლოდ "შევარდნაძის" გარეშე აყვავდება. ორივე შემთხვევაში "გმირიც" და "ანტიგმირიც" ერთნაირადაა გაიდეალებული, ორივე შემთხვევაში "კარგი" ან "ცუდი" ერთ პიროვნებას ბრალდება...

საქართველოს კომპარტიის ცეკამ 9 აპრილის ტრაგედია ისე შეაფასა, თითქოს ხალხი ძალით გამოიყვანეს ქუჩაში. ნიშანდობლივია, რომ ხელისუფლება მაშინაც "უზნეოებს", "წამქეზებლებს", "პროვოკატორებს", "გიჟებს", "პოპულისტებს" უწოდებდა თავის ოპონენტებს. ნიშანდობლივია, რომ კომპარტიის ცეკას ამ დადგენილებაში თუ "ცნობაში" მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ეთმობათ დაღუპულ ადამიანებს, აქცენტი ისევ "მტერზე" კეთდება:


[ჩართვა]: "კატასტროფამდე მიგვიყვანა საზოგადოების ერთი ნაწილის გულგრილობამ, ზოგიერთების წამქეზებლობამ, რომლის მამოძრავებელი ძალა, უმეტესად, იყო უზნეობა, კორუფცია, კარიერიზმი, პირადი ამბიციები, პირადი განაწყენებულობა."

საქართველოს კომპარტიის ცეკამ, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები. არ იცოდა, რომ ხალხი არ შეურიგდებოდა შეურაცხყოფას. კომპარტიის ცეკას თავკაცმა ჯუმბერ პატიაშვილმა ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მოსკოვიდან ახლა უკვე "ოფიციალურად" ჩამოსული ედუარდ შევარდნაძე მას "ხალხში გაიყვანდა" - უნივერსიტეტში, მეცნიერებათა აკადემიაში, კინოსტუდიაში და ასე, ხალხის დახმარებით, აიძულებდა გადამდგარიყო... საქართველოს ცეკამ ეს არ იცოდა, ამიტომაც 9 აპრილის შემდეგ ასე შეაფასა ტრაგიკული ღამე:

[ჩართვა]: "მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეთაგან განთავისუფლების მიზნით, გამოიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სპეციალური ქვეგანაყოფები. ამ დროს მთავრობის სახლის წინ შეკრებილთა რიცხვი, დაახლოებით, 8 ათასი კაცი იყო. მანიფესტაციის ორგანიზატორებს არაერთხელ მოუწოდეს მშვიდად დაშლილიყვნენ, მაგრამ მათ არავითარი თხოვნა არ შეისმინეს."


14 აპრილს თბილისში შევარდნაძე ჯერ კიდევ ამბობდა, დემოკრატია თვითდისციპლინის გარეშე - სრულ ანარქიას ნიშნავსო. ჯუმბერ პატიაშვილის გადადგომის შემდეგ, 1989 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მაშინდელმა მინისტრმა საქართველოს კომპარტიიას ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე აღნიშნა:

"დაე, ყოველმა მოზრდილმა კაცმა გააჩეროს ბავშვი და უთხრას, რომ მისთვის ადრეა სხვების მიერ თავმოხვეული ლოზუნგების ტარება ან შიმშილობის გამოცხადება. როცა დრო მოვა, იგი თავად გადაწყვეტს, ვისთან ერთად და სად იდგეს."

"ბავშვი", რომელსაც საპროტესტო შიმშილობა შევარდნაძემ "მომავლისთვის გადაუდო", დღეს უკვე გამოცდილი პოლიტიკოსია. 1989 წლის 14 აპრილს ედუარდ შევარდნაძემ შეიძლება, მართლაც, იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევას არაფერი აკლდა.. თუმცა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ეს "გაზრდილი ბავშვი" სწორედ მისი გადადგომის მოთხოვნით გამოაცხადებდა შიმშილობას...
14 წლის შემდეგ - დამოუკიდებელ საქართველოში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG